Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასადური ცვლილებები საქართველოს უშიშროების სამინისტროში


მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური შეფასებისა,

საქართველოს უშიშროების სამინისტრო კვლავ აგრძელებს ექსტრემისტული და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი ლიკვიდაციის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობას. და ეს მაშინ, როცა უამრავი პრობლემაა დაგროვილი თავად უშიშროების სამინისტროს კედლებში, - როგორც ამას ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, - რომელთა გადაჭრას და საზოგადოების თვალში ნდობის მოპოვებას სტრუქტურის სერიოზული რეფორმირება ესაჭიროება. 5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უშიშროების სამინისტროს მოქმედ დებულებაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. რა კორექტივებს შეიტანს ეს ბრძანებულება ქვეყნის უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყების ცხოვრებაში?

ყველა სახელმწიფო უწყებას რაღაც საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ფრთიანი გამოთქმების არსენალი აქვს. უშიშროების სამინისტროს შემთხვევაში, მაგალითად, კანონიკურად მიიჩნევა ფრაზა, რომ არ არსებობენ სუკ-ის ყოფილი თანამშრომლები, რაც პოპულარულ ენაზე ასე ითარგმნება: საბჭოთა უშიშროების მზვერავები ახალ ფორმაციებშიც საკუთარი წარსულის ტყვეობაში რჩებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის 12 წლის განმავლობაში ვერც პირველმა ხელისუფლებამ გაბედა და ვერც მეორემ ამ ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომლები, მათი მავნე გავლენისგან კი - მთელი ქვეყანა.

ამან კი სრულიად პარადოქსული ვითარება წარმოშვა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მათ გვერდით, მაღალ ეშელონებში, იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე მუშაობენ. ასეთი ბრალდება არაერთხელ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა ყოფილი უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიმართ, რომლებმაც, რუსეთთან შეთანხმებით, კოდორის ხეობაში რუსლან გელაევის რეიდი დაგეგმეს.

უცხო ქვეყნის აგენტობაში დაადანაშაულა ლეგიტიმური აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა აფხაზეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე მალხაზ კორძახია, რომელსაც, ორგანიზაცია "იუპიტერის" ლუსტრირების შედეგად, ერთი თვის წინ საჯაროდ დაბრალდა აფხაზ სეპარატისტებთან ანგარებითი მოტივით თანამშრომლობა. როდესაც მე დავინტერესდი, თუ როგორ ხვდებიან ასეთი საეჭვო პირები მაღალ თანამდებობებზე, თამაზ ნადარეიშვილმა ასე მიპასუხა:
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ნუ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ცხოვრების დონეა ასეთი, რომ ბევრი მაინც ცთუნებაში შედის ხანდახან."

"ცხოვრების დონისა" და "ცთუნების" გარდა, რასაც ყოველ დროში ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელისუფლებო ეშელონები საგრძნობლად დაბინძურებული აღმოჩნდა არასაიმედო კადრებით, ლუსტრაციის კანონის უქონლობაა. მთავარი არგუმენტი კი, რის გამოც უშიშროების ყოფილი თანამშრომლებისა და მათი ოპერატიული დამუშავების ობიექტების, ე.წ. აგენტურის, გამოაშკარავების შესახებ შექმნილი კანონპროექტი დღის სინათლეს ვერ ეღირსა, ასე ჟღერდა: ასეთი ლუსტრაციის შედეგად, ოჯახი ოჯახს გადეკიდებაო. მართალია, უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაადასტურა, რომ ლუსტრაციის კანონი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იყო მისაღები, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 12 წლის გასვლის შემდეგ მას ამ კანონის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ იმ ხალხმა, ვის გამოსავლენადაც ასეთი კანონი უნდა მიღებულიყო, გასაფუჭებელი უკვე გააფუჭა.
[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "მე ვიცი, რომ, ფაქტობრივად, ეს არავითარ შედეგს არ მოგვცემს. პირველი, იმიტომ რომ ის არქივი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ასეთ ლუსტრირებას, არ არსებობს; მეორე, რომც იყოს სრულად სმოლენსკში გატანილი არქივი, ჩვენ შეიძლება ხელში შეგვრჩეს რამდენიმე წესიერი კაცი, რომლებსაც ახლა საშუალო თანამდებობები უჭირავთ, და ვაიძულოთ ისინი, რომ თანამდებობა დატოვონ."

ფორმალური ცვლილებები თავიდან რომ აეცილებინა და სისტემაც დასაშვებად გამჭვირვალე გაეხადა, ხაბურძანიამ რამდენიმე მიმართულებით გადაწყვიტა რეფორმის განხორციელება. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო, უშიშროების სამინისტროს მოეპოვებინა კონსტიტუციური დაცვის ფუნქცია, შეემცირებინა ტერიტორიული ორგანოები, ხელმისაწვდომი გაეხადა იმ უწყებათა ჩამონათვალი, სადაც უნდა მოქმედებდნენ ოფიცრები უშიშროების საკითხში; დაბოლოს, სამინისტროს შეცვლოდა სტატუსი და მის ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეცსამსახური, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაშია მიღებული.

[ ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ფაქტობრივად, მე თვითონ ვმუშაობ პირადად კანონპროექტზე, რომლითაც სტატუსი უნდა შეეცვალოს უწყებას. მე ვფიქრობ, რომ სამინისტროს რანგში ეს უწყება არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არ არის კლასიკური გაგებით აღმასრულებელი სტრუქტურა. ის არის სპეციალური ორგანო. სპეციალური ორგანო არ უნდა იყოს დამოკიდებული სამთავრობო ცვლილებებზე. ამას აქვს უფრო ხანგრძლივი დროით განსაზღვრული ფუნქცია - ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოება და არა კონკრეტული ხელისუფლების უსაფრთხოება."

ახალგაზრდა მინისტრის ამ ფრაზისთვის, რომ "სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და არა კონკრეტული ხელისუფლების უსაფრთხოებას," შეიძლებოდა წლის ფრაზაც გვეწოდებინა, რომ არა ერთი გარემოება. 5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებათა პაკეტს უშიშროების სამინისტროში, სადაც უწყებას ბევრი, მათ შორის, გამოძიების, კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის ფუნქციები დაემატა და, შესაბამისად, რამდენიმე ახალი დეპარტამენტითაც გაიზარდა. მაგრამ მთელი ეს სახელმწიფოებრივი მანქანა ჯერჯერობით აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში რჩება, ანუ, თუ თავად ხაბურძანიას სიტყვებით ვიტყვით, ის უზრუნველყოფს კონკრეტული ხელისუფლების უსაფრთხოებას და მხოლოდ "ნაშთის პრინციპზე" ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG