Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 თებერვალს თეატრისა და კინოს მოყვარულებმა


23 თებერვალს თეატრისა და კინოს მოყვარულებმა

გოგი გეგეჭკორის დაბადების 80 წლის იუბილე აღნიშნეს. საქართველოს სახალხო არტისტის მოღვაწეობას მიეძღვნა სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმიც, რომელშიც გოგი გეგეჭკორი თავად აფასებდა ქართულ თეატრსა და კინოში განვლილ გზას, იხსენებდა კოლეგებს, საყვარელ როლებს. ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით. 15 მარტს კი ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა შესანიშნავი მსახიობი, რომელიც დღეს გვინდა გავიხსენოთ რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე".

[ხმა: ფრაგმენტი ფილმიდან "გოგი გეგეჭკორი"]

სიცოცხლის უკვდავი ფორმულა იგივეა, რაც სიყვარულის ფორმულა... და არ არის შემთხვევითი, რომ ეს ფრაზა ქართული თეატრის სცენიდან გოგი გეგეჭკორმა წარმოთქვა, მსახიობმა, რომელიც "სიყვარულის უკვდავების" ფორმულას ცხოვრებისა და შემოქმედების პრინციპად მიიჩნევდა. ქართული "თეატრალური ბოჰემის" წარმომადგენლად მას არავინ მოიაზრებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგი გეგეჭკორმა უაღრესად სტაბილური, მშვიდი ცხოვრება განვლო - სკანდალებისა და კონფლიქტების გარეშე; თავის თავს ტოვსტონოგოვის, ალექსიძის, თუმანიშვილის მოწაფედ მიიჩნევდა და არასდროს გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც თავიდან აირჩია. უყვარდა რუსთაველის თეატრი, საიდანაც არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრში პირველი დიდი როლი ჯერ კიდევ 1949 წელს ითამაშა დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლში "ნიკოლოზ ბარათაშვილი".

თეატრალურ წრეებში გავრცელებულია აზრი - "პირველი დიდი როლი თუ წარმატებული გამოდგა, მსახიობი მთელი ცხოვრება სწორედ ამ როლს ითამაშებსო"... ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა, თუმცა გოგი გეგეჭკორის შემოქმედებაში "ბარათაშვილის ხაზი" მუდმივად ვითარდებოდა. ინტელიგენტურობა, რომანტიზმი, მოკრძალებულობა მეტ-ნაკლებად ყველა მის როლში წარმოჩნდა, რადგანაც ასეთი იყო იგი ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე საგულისხმოა გოგი გეგეჭკორის მოღვაწეობა კინოში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად ეპიზოდური როლები ითამაშა და "კინომსახიობად" არასდროს მოიაზრებოდა.

არ არის, ალბათ, შემთხვევითი, რომ ეკრანზე გეგეჭკორი განასახიერებდა ინტელიგენტ ახალგაზრდებს, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ პარტნიორობას უწევდნენ მთავარ გმირებს. ისინი ან მხოლოდ "ფონად" აღიქმებოდნენ, ან "შერეკილებად", როგორც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "არდადეგები", რომელშიც გოგი გეგეჭკორის პერსონაჟს სწორედ "ინტელიგენტურობა" არ აძლევს საშუალებას გახდეს "მკაცრი მამა".

მაგრამ ინტელიგენტურობა და მაღალ ფასეულობებთან კონტაქტის უნარი არა მარტო "ფონად" შეიძლება იქცეს, არამედ "წინა პლანადაც". საბედნიეროდ, გოგი გეგეჭკორმა ასეთი გმირის თამაშიც მოასწრო. 1973 წელს მან მთავარი როლი განასახიერა რობერტ სტურუას სპექტაკლში "ექიმი შტოკმანი", რომელსაც იბსენის პიესა დაედო საფუძვლად. იმხანად რუსთაველის თეატრში უფროსკლასელებისთვის სპეციალური წარმოდგენები იმართებოდა. პირადად მე კარგად მახსოვს, როგორ წაგვიყვანეს სკოლიდან "ექსკურსიაზე" სტურუას ამ სპექტაკლზე, რომლის დასრულების შემდეგ მეგობრებმა ერთმანეთს გადავუჩურჩულეთ: "ანტისაბჭოთა წარმოდგენაა!". ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაშინ სცენაზე განლაგებულმა მარიონეტებმა, რომლებიც "ხალხს", "საზოგადოებას" განასახიერებდნენ და სახედაკარგული ადამიანების ფონზე გოგი გეგეჭკორის შტოკმანმა, რომელსაც უკრძალავენ ჰქონდეს საკუთარი აზრი, რომელსაც საზოგადოება "ხალხის მტრად" აღიქვამს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ისე არ ფიქრობს, როგორც სხვები. სამწუხაროა, რომ რუსთაველის თეატრმა ეს წარმოდგენა თუნდაც შარშან არ აღადგინა, როცა გოგი გეგეჭკორი მზად იყო კვლავაც ეთამაშა შტოკმანის როლი. დღევანდელი ქართული საზოგადოება სხვაგვარად აღიქვამდა, მაგალითად, ექიმი შტოკმანის დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიებისადმი, რომელთა წარმომადგენლები შტოკმანით მანიპულაციას ცდილობენ. სხვაგვარად აღიქვამდა გოგი გეგეჭკორის გმირის ამ სიტყვებსაც: "პარტია - ხორცის მანქანას ჰგავს, ყველა თავს ერთ მასად ფქვავს ხოლმე". მოუსვენარ, ნერვიულ და, თანაც, მხიარულ შტოკმანს არასდროს მონდომებია ყოფნა იქ, სადაც აზრის თავისუფლებას ახშობენ... და ყველაფერი ეს საოცრად ბუნებრივი იყო გოგი გეგეჭკორის პერსონაჟში. ალბათ, იმიტომ, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მსახიობი აქაც თავის თავს განასახიერებდა. საინტერესოა, რომ ამავე, 1973, წელს გეგეჭკორმა სტურუას კიდევ ერთ სპექტაკლში, "საბრალდებო დასკვნაში", ითამაშა. მისი ტიგრან გალოიანი, რაღა თქმა უნდა, არც "ბარათაშვილის წრეს" მიეკუთვნება და არც "შტოკმანისას", მაგრამ არც ისაა ‘მარიონეტი", თავისუფალი ფიქრი მასაც ძალიან უყვარს.

[ხმა. "საბრალდებო დასკვნა"]

გოგი გეგეჭკორის, როგორც თეატრის მსახიობის, შემოქმედების მწვერვალად კრიტიკოსები, როგორც წესი, პლატონ სამანიშვილს ასახელებენ თემურ ჩხეიძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლში "სამანიშვილის დედინაცვალი", რომლის პრემიერა 1969 წელს შედგა. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ტექნიკურად ამ როლის თამაში ძალიან ძნელი იყო - სპექტაკლის მოქმედება დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში ხდება. მსახიობები განუწყვეტლივ ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ "წარმოადგენენ", მხოლოდ თამაშობენ პერსონაჟებს - თანამედროვე კოსტიუმები აცვიათ, სკამებზე სხდებიან და სკამს, როგორც
ცხენს, ისე "აჭენებენ". გოგი გეგეჭკორი აქ, ერთდროულად, ორ გმირს ასახიერებდა - პლატონს და ავტორს, დავით კლდიაშვილს. არსებითად, "ორ პლანში" თამაში რთული არაა, როცა მთხრობელი, ე.ი. ავტორი, პერსონაჟთანაა იდენტიფიცირებული, მაგრამ როგორ უნდა ითამაშო "ორ პლანში", როცა თავად ეს პლანები უპირისპირდება ერთმანეთს? როგორ უნდა იყო, ერთდროულად, პლატონ სამანიშვილი და ავტორი, როცა ავტორი ვერ მალავს ირონიას თავისი გმირის მიმართ, ზოგჯერ კი, უბრალოდ, დასცინის მას... თანაგრძნობით, მაგრამ მაინც დასცინის?

ამ ორი სახის გაერთიანებას მხოლოდ გოგი გეგეჭკორის ტალანტი თუ მოახერხებდა. და არა მარტო ტალანტი - აქ აუცილებელი იყო მსახიობი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა თეატრის თეორია, თეატრალური კულტურის, განსაკუთრებით, ბრეხტის "გაუცხოების თეატრის" სპეციფიკა - მოკლედ, ისევ და ისევ, ინტელექტუალური მსახიობი, რომელიც, ყველაფერთან ერთად, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების პოეტიკასაც ღრმად ჩასწვდებოდა. მით უმეტეს, რომ მოქმედების გადატანა მწერლის სახლ-მუზეუმში არამარტო თანამედროვეობისა და წარსულის გაერთიანების ილუზიას ქმნიდა, არამარტო ამტკიცებდა, რომ საქართველოში იმერელი აზნაურების ცხოვრების წესმა მხოლოდ ფორმა იცვალა, რომ საზოგადოება ვერ თავისუფლდება ამ "გადაპრანჭულობისგან", ფარისევლობისგან, სნობიზმისგან... წარმოდგენის უჩვეულო სტილმა აქამდე თითქმის არნახული თავისუფლება მიანიჭა მსახიობებს - ისინი, რეჟისორების მიერ მოფიქრებული თეატრალური ეტიუდების ამ უჩვეულო "თაიგულით", მაყურებლის თვალწინ მიმართავდნენ ინტერპრეტაციას, თითქოს "ერთად ფიქრობდნენ" კლდიაშვილის გმირთა სამყაროზე... და "ვითარდებოდნენ" ამ ფიქრში, ნიღაბს იხსნიდნენ. ეს პროცესი ყველაზე მტკივნეულად პლატონის სახეში წარმოჩნდა: გოგი გეგეჭკორმა ზრდილობიანი, რბილი პლატონი თანდათან აქცია "გადარეულ კაცად", რომელიც წარმოდგენის მიწურულს გრძელ მონოლოგს კითხულობს "გახლეჩილი სამყაროს" თემაზე.

[ხმა. "სამანიშვილის დედინაცვალი"]

ასეთი გრძელი მონოლოგების კითხვა გოგი გეგეჭკორს არაერთხელ მოუხდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ითამაშა ია შარეზადაშვილის სატელევიზიო ფილმში, რომელიც მსახიობის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დიახ, ითამაშა, საკუთარი თავი განასახიერა... თამაშის განცდა აუცილებლად დაეუფლებოდა თანამედროვე მაყურებელს, რომლისთვისაც გოგი გეგეჭკორის რომანტიზმი უკვე "გუშინდელი დღეა". მაგრამ ამ მსახიობს მასის, ე.ი. მარიონეტების, დაკვეთით არასდროს უთამაშია... და არც აქ "გაუგორა კოჭი" მოდას. ილიას მონოლოგიც ასე წაიკითხა, სიცოცხლის ფორმულის "თავისებური" გაგებით.

[ხმა. "ილია"]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG