Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგით დამთავრდა სამხედრო პროკურორისა და სახალხო დამცველის სასამართლო დაპირისპირება


თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში მთავარი სამხედრო პროკურორის გია ჯიქიას სარჩელი სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის წინააღმდეგ 2 თვის წინ შევიდა.

გია ჯიქია ნანა დევდარიანის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ბრალდებების საჯაროდ უარყოფას მოითხოვდა. სახალხო დამცველმა მთავარი სამხედრო პროკურორი საჯაროდ ამხილა შემოსავლების დაფარვაში, იარაღის ბიზნესსა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. გესაუბრებით ამ ორი სახელმწიფო მოხელის სასამართლო პროცესის შედეგის თაობაზე.

სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მთავარი სამხედრო პროკურორის გია ჯიქიას გადაყენებას მოითხოვდა. ომბუდსმენმა სამხედრო პროკურორის მაკომპრომეტირებელი ცნობები არაერთ საინფორმაციო საშუალებაში გამოაქვეყნა, რამაც გია ჯიქია აიძულა სასამართლოში სარჩელის შეტანით დაეცვა თავი და ნანა დევდარიანისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა.

[გია ჯიქიას ხმა] „მე ასე მიმაჩნია, რომ ღირსებას და პატივს ვერავითარი თანხით ვერ შეაფასებს ადამიანი. ახლა რა თანხა უნდა მომეთხოვა მაინცადამაინც? ვთქვათ, დავაყენე საკითხი, რომ დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი წესით ნანა დევდარიანი, ნუ, რა მერე?..."

გია ჯიქიას მიერ არჩეულმა თავდაცვის ტაქტიკამ გაამართლა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილმა ნანა დევდარიანს მთავარი სამხედრო პროკურორის დანაშაულთა თაობაზე გავრცელებული ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა დააკისრა იმავე საინფორმაციო საშუალებებით, რომლითაც ბრალდებები გავრცელდა.

[გია ჯიქიას ხმა] „როდესაც კაცს გიწოდებენ კონტრაბანდისტს, კიდევ რაღაც ბიზნესები ახსენა, ბიზნესმენიც გამხადა, ნუ, ასე ხელაღებით... მე მგონი, ყველამ თავის გამონათქვამებზე და თავის მოქმედებაზე უნდა აგოს პასუხი."

ნანა დევდარიანი თავადაც არ უარყოფს, რომ გია ჯიქიას ბიზნესმენობა ვერ დაამტკიცა და, თუ რატომ, ეს ომბუდსმენმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ასე ახსნა:

[ნანა დევდარიანის ხმა] „თურმე ამ ქვეყანაში, სადაც ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მე უნდა ვამტკიცო, რომ მაღალი თანამდებობის პირებს თავიანთი ბიზნესი გაფორმებული აქვთ მძახლებზე, თავიანთ და-ძმაზე და სხვადასხვა ნათესავებზე და სიდედრებზე. ეს ჩემს სისუსტეზე კი არ მეტყველებს, მეტყველებს იმაზე, რომ კატეგორიულად არ უნდათ დაინახონ, რა ხდება."

სანაცვლოდ სასამართლომ სულ სხვა რამ დაინახა, რაც გია ჯიქიას პატივს და ღირსებას არანაკლებ ჩრდილს აყენებს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურორის მოთხოვნა მისი არაკომპეტენტურობის უარყოფის შესახებ.

[დევდარიანის ხმა] „კერძოდ, ის გამონათქვამები, სადაც ნათქვამია, რომ ეს კაცი არ იცნობს კოდექსს, არ იცნობს კანონებს, არის სამსახურებრივად გულგრილი და მეტი სულ რომ არაფერი ყოფილიყო ამ პროცესში, მარტო ეს სრული საფუძველი იქნებოდა ნორმალურ ქვეყანაში, რომ ასეთი სამხედრო პროკურორისგან გათავისუფლებულიყვნენ." [სტილი დაცულია]

იმ იმედით, რომ საქართველოს შეიძლება კიდევ შემორჩა ნორმალური ქვეყნის ნიშანწყალი, ქვეყნის ომბუდსმენი აპირებს 2 კვირის მანძილზე მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივროს. მთავარი სამხედრო პროკურორი კი ფიქრობს, რომ სამართალმა პური ჭამა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
XS
SM
MD
LG