Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უსმენს და რატომ უსმენს ჩვენს გადაცემებს საქართველოში


ვინ უსმენს და რატომ უსმენს რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის მიერ მომზადებულ გადაცემებს საქართველოში? ამის გასარკვევად ჩვენს რამდენიმე თბილისელ მსმენელს გავესაუბრე.

მოვისმინოთ მათი მოსაზრებები.

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს სამსახურში დავუკავშირდი. ვიცოდი, რომ ის ჩვენი რადიოს მუდმივი მსმენელია. მაინტერესებდა მისი, როგორც მსმენელის, აზრი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემები რაიმე ნიშნით გამორჩეული სხვა გადაცემებისაგან.

[თამაზ გამყრელიძის ხმა] "სხვა გადაცემებისაგან? სხვა გადაცემებს რომ არ ვუსმენ მაინცდამაინც. თქვენს გადაცემებს იმიტომ ვუსმენ, რომ საინტერესოა სხვა გადაცემებთან შედარების გარეშე. ობიექტურ ინფორმაციას იძლევა. იმავდროულად, ისეთ ინფორმაციას, რომელიც არა ადგილობრივი და ლოკალური ხასიათისაა, არამედ საერთაშორისო მასშტაბების მატარებელია."

თამაზ გამყრელიძე რადიო "თავისუფლებას" საბჭოთა პერიოდშიც უსმენდა - მაშინ, როცა მოსმენა იკრძალებოდა და მაშინ, როცა, მისი თქმით, ქართული რედაქციის გადაცემებს უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე ინფორმაციული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოშიც, საქართველოშიც და რადიო "თავისუფლების" მუშაობაშიც. საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა, ადამიანებს ინფორმაციის მიღების უამრავი წყარო გაუჩნდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, რადიო "თავისუფლება" რჩება იმ გამორჩეულ საშუალებად, რომელიც ნდობის განსაკუთრებული ხარისხით უნდა სარგებლობდეს. სწორედ ასე ფიქრობენ ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, რომლებსაც მე ვესაუბრე და აი, რატომ:

[ინგა გრიგოლიას ხმა] "ერთადერთი საშუალება ქართული მედიიდან, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი, ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ არავისზე არ მუშაობს, ეს არის თქვენი რადიო. როცა საშუალება მაქვს, ყოველთვის ვუსმენ. ეს არის ძალიან სერიოზული ნამუშევარი და ამ ნამუშევრის ხარისხს, ალბათ, განსაზღვრავს თავისუფლების ხარისხი, ის, რომ თქვენ არავისზე არ ხართ მიბმული, მით უფრო, ფინანსურად."

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განსაკუთრებით გოგი გვახარიას კულტურული მიმოხილვები მოსწონს, კოკა ყანდიაშვილს კი - ყოველკვირეული "სადისკუსიო მაგიდა". ის, როგორც წესი, ჩვენს გადაცემებს თბილისის დროით ოცდაოთხი საათიდან უსმენს.

[კოკა ყანდიაშვილის ხმა] "და ვუსმენ იმიტომ, რომ ეს გადაცემები მეხმარება სხვანაირად შევხედო იმ ყველაფერს, რასაც მე ვუყურებ საქართველოში. ეს არის ღრმა ანალიზი ყოველდღიური მოვლენების. ძალიან საინტერესო გადმოცემა, კარგი ქართული, ოპერატიულობა, პირველწყაროები. "

რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის გადაცემების აქტიური მსმენელია ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტი ნათია ზამბახიძეც და, მისი აზრით, ის, რაც ამ გადაცემებს გამოარჩევს შემდეგია:

[ნათია ზამბახიძის ხმა] "შეიმჩნევა, რომ არ არის დამოკიდებული კომერციაზე. შეიმჩნევა აქცენტები და ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებები. ძირითადი, მე მგონი, ეს არის."

ნათიას ეჩვენება, რომ რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის დღევანდელი დანიშნულებაა უკვე აქედან იქით, დასავლეთში, გაიტანოს მთელი სიმართლე. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი რედაქცია შეისწავლიდა, რა აინტერესებთ უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, და მათ ინტერესებს უფრო მეტად გაითვალისწინებდა.

გაგაცნობთ კიდევ ერთი მსმენელის, შეიძლება ითქვას, რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის ერთ-ერთი ყველზე აქტიური გულშემატკივრის მოსაზრებას - მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაზე ფასეულია:

[ალექსანდრე სტეფანიანის ხმა] "მე გახლავართ პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი. რადიო "თავისუფლებას" უკავია განსაკუთრებული ადგილი ჩემს ცხოვრებაში. რადიო "თავისუფლება" წარმოადგენს ჩემთვის პირადად - და არა მგონია, მარტო ჩემთვის - უტყუარი ინფორმაციის საიმედო წყაროს. ის არის ძალიან ძვირფასი პირადად ჩემთვის."

ეს თბილისელი ალექსანდრე სტეფანიანი იყო. მადლობა მასაც და სხვებსაც იმისათვის, რომ გვისმენენ, იმისათვის, რომ გვენდობიან, იმისათვის, რომ ვჭირდებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არსებობიდან ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ რადიო "თავისუფლების" ქართულ რედაციას თავისი ფუნქცია არ ამოუწურავს. ადრე თუ გვიან მოვა დრო, როცა აღარ მიიჩნევენ საჭიროდ ამ რედაქციის არსებობას და ეს იქნება მაშინ, როცა საქართველოში დემოკრატიის გაცილებით მყარი ბერკეტები შეიქმნება. რადიო "თავისუფლების" მიზანი ამ პროცესისთვის ხელის შეწყობაა და იმედია, მიზანთან მიახლოებას მორიგი 50 წელი აღარ დასჭირდება.
XS
SM
MD
LG