Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის სამიტმა ბრიუსელში ერაყთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ერთსულოვნებას მიაღწიეს ერაყის სამომავლო სტრატეგიის თაობაზე და განცხადება გამოაქვეყნეს.

ამ დეკლარაციის თანახმად, ომის შემდგომ ერაყში წამყვანი როლი გაეროს უნდა დაეკისროს.
ევროპის კავშირი შეეცადა ბოლო მოეღო ერაყისთვის გაეროს ნებართვის გარეშე ომის გამოცხადების თაობაზე მომხდარი განხეთქილებისთვის და იმავე ერაყის სფეროში ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება მოახერხა. ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთია. ამ ქვეყნის პრემიერ -მინისტრმა კოსტას სიმიტისმა ეს სამიტი წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისივე შეფასებით, წევრი ქვეყნები სავსებით აცნობიერებენ, რომ ერაყის კრიზისში აზრთა სხვადასხვაობის გამო განხეთქილება, რაც საბჭოს წევრთა უმცირესობის - დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის - პოზიციამ გამოიწვია, არ არის დაძლეული: [სიმიტისის ხმა]
"ევროპის ლიდერებმა ვერ გადალახეს ომზე აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გამოაცხადეს, რომ ეს არის რეალობა. ახლა შექმნილი ვითარების საფუძველს უნდა დავაკვირდეთ. ერაყის კრიზისი არ არის გადალახული, პრობლემა არ არის მოგვარებული. არის პრობლემები ერაყთან დაკავშირებით, სტაბილურობასთან დაკავშირებით; პრობლემებია ასევე რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში; პრობლემურია არაბულ სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობაც. ეს ურთიერთობა უნდა გავაღრმავოთ, არაბულ სამყაროსთან უნდა ვითანამშრომლოთ. პრობლემა გვაქვს შეერთებულ შტატებთანაც, რომელთანაც ბევრი რამ გასარკვევია."
პირველი და მთავარი, რაზეც 15 ქვეყანა შეთანხმდა, არის ომის შემდგომ ფართო დახმარების გაწევა ერაყის მოსახლეობისთვის. აქ უნდა აღინიშნოს, რომ უკვე პარასკევს, 21 მარტს, ევროპის კომისიამ თავის საგანგებო სესიაზე 21 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფის შესახებ იმსჯელა. ამასთან, ევროპის კავშირის ჰუმანიტარული დახმარების კომისარმა პოულ ნილსენმა განაცხადა, რომ ესწრაფვიან 100 მილიონი ევროს გამოყოფას ერაყისა და მისი მეზობლების ხანმოკლე საჭიროებისთვის. ეს, რაც შეეხება ომის შემდგომ დახმარებას. დეკლარაციის პროექტის ერთი პასაჟი, რომელიც ერაყის მხრივ გაეროს რეზოლუციების შეუსრულებლობას ეხებოდა და რომელშიც გაეროს 141-ე რეზოლუცია იყო ნახსენები, საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მოთხოვნით, ამოღებულ იქნა. ამ პასაჟში კავშირის წევრებს სინანულის გამოხატვა სურდათ, შირაკმა კი გააფრთხილა წევრები, რომ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს დეკლარაციის ეს ადგილი შეიძლება ომის იურიდიულ გამართლებად მიეჩნიათ.
დეკლარაციაში გამოთქმულია იმედი, რომ მიმდინარე ომი ერაყში, შეძლებისდაგვარად, მცირე მსხვერპლს და უბედურებას მოიტანს. ევროკავშირის ბრიუსელში შეკრებილმა ლიდერებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პოზიცია ერაყის მომავალთან დაკავშირებით: კავშირი ვალდებულებას კისრულობს ხელი შეუწყოს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობასა და რეალურ განიარაღებას ერაყის ყველა რეგიონში; აგრეთვე, პატივი სცეს როგორც ერაყელი ხალხის, ასევე ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს.
დეკლარაციაში ხაზგასმულია გაეროს მოწინავე როლი ერაყისათვის ჰუმანიტარული დახმარების სფეროში. ბრიუსელის სამიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ მყარი მანდატი უნდა მისცეს გაეროს ამ ამოცანის სისრულეში მოსაყვანად.
დეკლარაცია აშშ-თან ურთიერთობასაც ეხება. მასში ნათქვამია: კავშირი ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას აშშ-თან კვლავაც ფუნდამენტურ სტრატეგიულ პრიორიტეტს ანიჭებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG