Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ერთობა" ამერიკის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოაწყო


შეწყდეს საომარი მოქმედებები ერაყში და საქართველო დაუყოვნებლივ გამოვიდეს ანტიერაყული კოალიციიდან! - ეს იყო პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" ინიციატივით მოწყობილი საპროტესტო

აქციის ძირითადი მოთხოვნა. აქცია, რომელშიც, საშუალოდ, 50 ადამიანი მონაწილეობდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ გაიმართა. 25 მარტს ანალოგიური მოწოდებებით ქუთაისის ქუჩებში საპროტესტო სვლა და მიტინგი მოაწყვეს ქუთაისელმა კომუნისტებმაც. შესაბამისად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ეგრეთ წოდებული ომის პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში ურთიერთსოლიდარულნი სწორედ "ერთობა" და კომუნისტები არიან.

პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა", ისევე როგორც "საქართველოს კომუნისტური პარტია", ზოგადად, პაციფისტური ორგანიზაციები არ არიან. ერთნიც და მეორენიც სადამ ჰუსეინს და მის რეჟიმს უცხადებენ მორალურ მხარდაჭერას და ამით განსხვავდებიან საქართველოსა და, გნებავთ, სრულიად მსოფლიოში მცხოვრები იმ ადამიანებისგან, ვისაც სისხლისღვრით მიღწეული სიმშვიდისა და კეთილდღეობისა არ სწამს. კომუნისტებისა და "ერთობის" ანტიამერიკულ განცხადებებს სულ სხვა იდეოლოგიური ნიადაგი კვებავს და ამიტომ იყო საგულისხმო აქციის მონაწილეთა ხელში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადიდებული პორტრეტის გამოჩენა. მართალია, პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ფოტოებიც უმშვენებდა გვერდს, მაგრამ ამ სამეულში "ერთობისათვის" რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელობა მაინც განსაკუთრებულია.
[ალექსანდრე ჭაჭიას ხმა] " უბედურება ისაა, რომ ჩვენ, ქართველები, იძულებულნი ვართ, რომ, აი, აქ ხელზე გვქონდეს სხვა ქვეყნების მეთაურების პორტრეტები და მათ დავუჭიროთ მხარი. აი, ეს არის უბედურება, რომ ჩვენ არა გვაქვს მორალური უფლება, რომ დავიკავოთ ხელში ჩვენი ქვეყნის მეთაურის პორტრეტი, ესაა უბედურება."[სტილი დაცულია]
ედუარდ შევარდნაძის მისამართით "ერთობის" თანათავმჯდომარის ალექსანდრე ჭაჭიას მიერ გამოთქმული ეს შენიშვნა ერთადერთი არ ყოფილა. სავსებით კორექტული იქნება იმის თქმა, რომ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის კრიტიკის მიზნით გამართული საპროტესტო აქციისა და მიტინგის ტრიბუნა უფრო პრეზიდენტ შევარდნაძის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.
[ზურაბ მინდელის ხმა] "ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის შევარდნაძე და მის თანხმობას ნამდვილად არ უნდა გამოეწვია ის, რომ მისი თანხმობით საქართველო ჩამდგარიყო ერაყის საწინააღმდეგო კოალიციის რიგებში. ვინაიდან პასუხისმგებელი ამ საკითხზე მთელი ერია, დღეს თუ არა ხვალ, და ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ამაზე პასუხისმგებელი არ იყოს, როგორც ბევრ რამეზე კიდევ."[სტილი დაცულია]
ზურაბ მინდელი თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთობის" თავმჯდომარეა. იგი საბჭოთა პერიოდში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერაყში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე ენერგეტიკის დარგში. იგი პატივს სცემს და აღიარებს ერაყელი ხალხის პატრიოტიზმს და თავდადებას.
[ზურაბ მინდელის ხმა]"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პოლიტიკაში შეიძლება იყოს რაღაც გადახრა, რაც გამოიწვევს მეზობელი სახელმწიფოების ან სხვა სახელმწიფოს გარკვეულ გულისწყრომას, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ორგანიზაციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დონეზე არსებობს ყველა საშუალება იმისათვის, რომ გავერკვეთ სინამდვილეში და მივაღწიოთ მიზანს."
სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი მოვლენების გახანგრძლივების შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა" კვლავაც აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას, იმის აღიარების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი ომს ვერ შეაჩერებს.
XS
SM
MD
LG