Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება ერაყის ომი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე?


საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მეორე კვირაა ვერაფრით აგვარებს ქვეყანაში დაწყებულ ენერგოკრიზისს და სამხედრო ძალებიც მხოლოდ 50 პროცენტით ჰყავს დაფინანსებული, ირწმუნება,

რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება სულ მალე და, თანაც, ფორსირებულად დაიწყება. მთავრობაში მომუშავე ექსპერტებს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსა ან მაისისთვის დაგეგმილი ორი მნიშვნელოვანი მოვლენა აძლევს: საქართველოში ნატო-ს რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნა და ალიანსის გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის ჩამოსვლა. თავის მხრივ, ამგვარი ოპტიმიზმის დანერგვაში ლომის წილი მიუძღვის ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც, რომელიც სახელისუფლებო წრეებში ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ დამაჩქარებლად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერაც არ მიუღია ჩრდილოატლანტიკური ალიანისის სამხედრო-პოლიტიკური კომიტეტის მიერ შემუშავებული "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამა", საქართველოს ხელისუფლება დიდ სამზადისშია, რათა ღირესეულად დახვდეს ნატოს რეკომენდაციებს. ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კიდევ ერთი უმაღლესი დონის მაკოორდინებელი სტრუქტურა შეიქმნა, საკმაოდ მჟღერი სახელწოდებით - "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკოორდინაციო საბჭო", რომლის მუშაობასაც თავად საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ხელისუფალთა ამ სამზადისმა და, კიდევ, ცნობილი ამერიკელი ექსპერტების, მათ შორის, პროფესორ ჩარლზ ფერბექსისა და ბრიუს ჯეკსონის მიერ თბილისში ყოფნის დროს გამოთქმულმა პროგნოზებმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ ნატოსკენ აღებული კურსი მაგისტრალურია და იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მხრიდან განუხრელად შესრულდება. აქ თავისი როლი ერაყის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და კოალიციის რიგებში საქართველოს ხელისუფლების ყოფნამაც ითამაშა. წარმოიშვა აზრი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამერიკა-ნატოს კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიუს ჯეკსონმაც დაადასტურა, რომ ალიანსი გადალახავს იმ სიძნლეებს, რაც ერაყის ომმა მის რიგებში წარმოშვა და გაზრდის საქართველოს შანსსაც, გახდეს ნატოს წევრი.

[ბრიუს ჯეკსონის ხმა] "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გრძელვადიანი შედეგი ამ მოვლენებისა უფრო განმტკიცებული ალიანსი იქნება, ერთ-ერთი გვერდითი შედეგი კი - თავად თურქეთის როლის გაძლიერება ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს კი დაამტკიცებს, რომ ეს რეგიონი და - მათ შორის, საქართველო - არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი და მთელი ევროპის შემადგენელი ნაწილი."

თუმცა, ასეთი ნათელი პერსპექტივისა და შავი ზღვის რეგიონით საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდი დაინტერესების მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების პროცედურა და მოთხოვნები უცვლელი რჩება. ანუ საქართველოში უნდა იყოს მდგრადი დემოკრატიული სისტემა და დასავლური სტანდარტების შესაფერისი სამხედრო ძალა. ამ მოთხოვნილებების იმპერატიულობაზე ერაყში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ედუარდ შევარდნაძემ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მოვა დრო და საქართველო ნატოს წევრი გახდება. არა იმიტომ, რომ ჩვენ მაგივრად სხვამ იბრძოლოს, არამდე იმიტომ რომ ჩვენს გვერდით გვეგულებოდნენ ნამდვილი ჩვენი თანამებრძოლები, ნამდვილი მეგობრები, რომელთაც ჩვენთან დასავლური ფასეულობები აერთიანებთ."

ამ დასავლური ფასეულობების მისაღწევად პოლიტიკურ სისტემასაც და სამხედრო სისტემასაც მოტივირებული ადამიანები სჭირდებიან. სამწუხაროდ, გვარდიელ ვეტერანთა მორიგი ამბოხი თბილისში, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოუგვარებლობა და არმიის შარშანდელზე უარესი ქრონიკული დაუფინანსებლობა - ბოლო მონაცემებით, სამხედრო უწყება მხოლოდ 50 პროცენტით დაფინანსდა - კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლების სიტყვა და საქმე, ნატოში ფორსირებულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კვლავ საბედისწეროდ დაშორებულია ერთურთისგან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG