Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის, აგრეთვე შუა აზიის პრესა ომს ერაყში ძირითადად ნეგატიურად აფასებს


"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი დონ ჰილი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის, ასევე კავკასია-შუა აზიის ქვეყნების პრესას მიმოიხილავს და ასკვნის, რომ საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი

პოსტ საბჭოთა ქვეყანაა, რომლის მედიაც მხარს უჭერს შეერთებული შტატების მიერ წარმოებულ ომს ერაყში.

რუსეთის ტელევიზიაც, რადიოცა და პრესაც ერთსულოვნად ნეგატიურად აფასებენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ ომს ერაყში. ამას ხელს უწყობს ვლადიმირ პუტინის გამოკვეთილი უარყოფითი დამოკიდებულებაც ომის მიმართ და ისიც, რომ ომი გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოელოდნენ. კომუნისტური ორიენტაციის მედია კი კოალიციის ჯარების ნებისმიერი შეცდომის გამო ღიად გამოხატავს კმაყოფილებას.

რუსეთისგან კონტრასტულად განსხვავდება კოსოვოს მედიის მიდგომა ერაყის საკითხის მიმართ. კოსოვოელი ჟურნალისტები მიესალმებიან სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ წარმოებულ საომარ კამპანიას. ისინი ხშირად ადარებენ ერთმანეთს სადამ ჰუსეინსა და იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს. ერთ-ერთი ბოლო სათაური კოსოვოს ყოველდღიური გაზეთიდან, მაგალითად, ასე ჟღერს: "ისევე, როგორც ოთხი წლის წინ კოსოვოს, შეერთებული შტატები ერაყს დემოკრატიას მოუტანს".

ბულგარელი მიმომხილველი ბოიკო სტანუშევი ამბობს, რომ ბულგარეთის მედია ძირითადად საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა და ამდენად დიდად არ გამოირჩევა ევროპის დანარჩენი მედიისგან.

[სტანუშევის ხმა]
"დიდი განსხვავება არ არის ბულგარეთისა და ევროპის დანარჩენ მედიას შორის. ომის დაწყებიდან პირველი ორი, თუ სამი დღის მანძილზე 24 საათის განმავლობაში ახალ ამბებში "სი-ენ-ენისა" და "სკაი ნიუსის" თარგმანი გადაიცემოდა".

ბალტიის ქვეყნებში ამერიკულ-ბრიტანული კოალიციის მიმართ კრიტიკა ჭარბობს. ლიტვის პრესა ზედმიწევნით აშუქებს კოალიციის დანაკარგებსა და ერაყელთა საბრძოლო შემართებას. ლატვიაში დიდ გავლენას ახდენს რუსეთის სატელევიზიო არხების არსებობა, რომლებზეც კოალიციის ჯარებს "საოკუპაციო ძალებს" უწოდებენ. ლატვიურენოვანი პრესა კი აკრიტიკებს ლატვიის მთავრობას შეერთებული შტატების პოლიტიკის მხარდაჭერის გამო.

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა ერაყს მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს. ამ პოზიციას ასახავს ბელორუსიის პრესაც.

შუა აზიაშიც მედია ხელისუფლების აზრს გამოხატავს. თურქმენეთში ერაყში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შეწყვიტეს რუსული არხების მაუწყებლობა. უზბეკეთის მედია გასულ შაბათ-კვირამდე საერთოდ არ აშუქებდა ერაყის მოვლენებს, შემდეგ კი მან უფრო პრო-ამერიკული ხასიათი შეიძინა. ჩვენი უზბეკი კოლეგების თანახმად კი, უზბეკეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის წინააღმდეგია. ყირგიზეთი შეიძლება შუა აზიაში გამონაკლისად ჩაითვალოს. "რადიო თავისუფლების" ყირგიზული რედაქციის ცნობით, ყირგიზეთის პრესა ძირითადად უცხოურ წყაროებს ეყრდნობა. კერძო სატელევიზიო არხები კი - "სი-ენ-ენს". ყირგიზი ჟურნალისტები არ გამოხატავენ სიმპატიას ერაყის რეჟიმის მიმართ, მაგრამ თავად ომს კი აკრიტიკებენ.

ავღანეთში სახელისუფლებო მედია კოალიციის პოლიტიკას ემხრობა. თუმცა, ადგილობრივ პრესაში შეინიშნება წინააღმდეგობა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მუსულმანურ ქვეყანას ებრძვის. ავღანეთში ვრცელდება აგრეთვე შეერთებული შტატებისადმი აშკარად მტრულად განწყობილი პრესაც, რომელიც ძირითადად პაკისტანში იბეჭდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG