Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი საბჭოთა სამრეწველო ობიექტები ერაყში. ნასირიის თბოელექტროსადგურს ქართველებიც აშენებდნენ


ერაყში ომის დაწყებისთანავე ნასირიიდან ევაკუირებულ იქნა რუს ენერგეტიკოსთა ჯგუფი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის პირდაპირი სამართალმემკვიდრეობის პრინციპით,

ნასირიის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციის სამუშაოებს რუსები ასრულებდნენ. თბოელექტროსადგური გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირიდან ერაყში მივლინებულმა სპეციალისტებმა ააშენეს. მათ შორის იყო საბჭოთა საქართველოს 20 მოქალაქე. მე ვესაუბრე თბილისის ამჟამინდელი საკრებულოს წევრს ზურაბ მინდელს, რომელიც 1981 წლის აგვისტოდან 33 თვის განმავლობაში ნასირიაში მთავარი საბჭოთა ექსპერტისა და კონტრაქტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

ნასირიის თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 840 მეგავატია, ირან-ერაყის ომის დროს შენდებოდა. საბჭოთა სპეციალისტები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ფრონტის ხაზიდან 120-130 კილომეტრში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. სროლისა და აფეთქების ხმა ღამის საათებში უფრო ძლიერდებოდა. საბჭოთა სპეციალისტების ევაკუაცია ნასირიიდან მაშინ აქტუალური არ გამხდარა, არც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი აუკრძალავს მათთვის ვინმეს, მაგრამ ომის პირობებში მუშაობას მაინც თავისი სპეციფიკა ჰქონდა.
[ზურაბ მინდელის ხმა]"მე, მართალია, საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი ვიყავი, მაგრამ, ფაქტობრივად, ვიყავი არაბების სტრუქტურაში. ვიყავი, სხვათა შორის, სამხრეთის ნაწილის, ანუ, დაახლოებით, ორნახევარი საქართველოს ხელა საგუბერნატოროს, საბჭოთა სპეციალისტების - იქ 6 - 7 ათასი საბჭოთა სპეციალისტი იყო - უშიშროების შტაბის უფროსიც. ამდენად, ინფორმირებული ვიყავი, რამდენადაც საჭირო იყო, ამ სახელმწიფოს საქმეებში. "
ერაყიდან დაბრუნების შემდეგ ზურაბ მინდელმა პრაქტიკულად დაკარგა კონტაქტები როგორც იქაურ კოლეგებთან, ისე, საერთოდ, ქვეყანასთან, რომლის სამრეწველო პოტენციალში იგი, არამარტო თავისი სპეციალობის გამო, ენერგეტიკას გამოარჩევს.
[ზურაბ მინდელის ხმა] "ერაყი ყოველთვის მზადაა, სხვათა შორის, კატაკლიზმებისათვის. ენერგეტიკაში ეს ასე გამოიხატება: ყველა ორგანიზაციას, აბსოლუტურად, საავადმყოფოა, სკოლაა, რკინიგზაა, სატრანსპოტრო საშუალებები თუ სახელმწიფო ორგანიზაციები, ყველას, რაც დადგმული სიმძლავრეა, - აი, საქართველოში თუ გვაქვს 4 800 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, წარმოიდგინეთ, რომ ასეთივე დადგმული სიმძლავრე ჰქონდეს გენერატორებით, - აი, ყველა ორგანიზაციას გენერატორები აქვს და 10 000 მეგავატი დადგმული სიმძლავრე რომ აქვს ერაყს, 10 000 მეგავატის გენერატორიც უდგას. ესე იგი, რაც არ უნდა დაიბომბოს რომელიმე წერტილი, რომლებიც დარჩა, ისინი იქნება ენერგიით უზრუნველყოფილი. "[სტილი დაცულია]
ზურაბ მინდელის ეს განმარტება, უპირველესად, საინტერესო იქნება მათთვის, ვინც, ენერგოკრიზისის გამო, სადამ ჰუსეინის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის თემაზე ხუმრობს.
[ზურაბ მინდელის ხმა] "მათ პრობლემა არა აქვთ საწვავზე. საწვავად იყენებენ, ჩვეულებრივად, ნავთობს. გადაუმუშავებელ ნავთობსაც კი. ჩვენს ობიექტზე ჩვენ უშუალოდ ვიყენებდით ნავთობს. არა მაზუთს, არამედ გაზს და ნავთობს."

ზურაბ მინდელი თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთობის" თავმჯდომარეა. 3 წლის განმავლობაში ერაყში ნამუშევარ ყოფილ ენერგეტიკოსს, ამჟამად კი პოლიტიკოსსა და მოქალაქეს, მიაჩნია, რომ ომი რეჟიმის დამხობის ერთადერთი საშუალება არ არის.
XS
SM
MD
LG