Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული კვალი'' სადამ ჰუსეინის შეიარაღებაში


ერაყის ტერიტორიაზე რვა დღის წინ დაწყებული საომარი მოქმედების განმავლობაში მოკავშირეთა ჯარების წინსვლის შეჩერებას სადამ ჰუსეინი შეზღუდული საშუალებებით - რუსული წარმოების ტანკებითა

და "ფედაინების" რაზმებით - ცდილობს. თუმცა ერაყელი დიქტატორის შეიარაღებაში არის, აგრეთვე, სამხედრო ავიაცია, მათ შორის, სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, 1986-87 წლებში, სადამ ჰუსეინმა თბილისის საავიაციო ქარხანას დაამზადებინა. აღსანიშნავია, რომ იმხანად ერაყში ჩატანილ საბრძოლო თვითმფრინავების პარტიას საგარანტიო მომსახურებას საქართველოდან ჩასული სპეცილისტებიც უწევდნენ. ამ ტიპის მოიერიშეები საკმაოდ ეფექტურია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, მაგრამ სუ-25-ების იმედი ჰუსეინს უკვე აღარ უნდა ჰქონდეს.

ანტიერაყული ომის პირველ დღეებში მოკავშირეთა ავიაციის მთავარ სამიზნედ იქცა ბაღდადიდან 80 კილომეტრით დაშორებული ელ-ჰაბანიას ბაზა, სადაც სადამ ჰუსეინის, 1991 წლის ოპერაცია"უდაბნოს ქარიშხალს" გადარჩენილი, ავიაციის ნარჩენებია კონცენტრირებული. ერაყელებს აქ, რამდენიმე საბჭოთა წარმოების გამანადგურებლის გარდა, განლაგებული ჰყავდათ პოლკი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისა, რომელთა უმრავლესობა სადამ ჰუსეინმა, კრემლის დახმარებით, 1986-87 წლებში შეიძინა. ამ ტიპის თვითმფრინავების 68 ერთეული დამზადდა თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომელიც იმხანად საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა. 16 წლის წინ ერაყში ჩატანილი მოიერიშეების საგარანტიო მომსახურებას და ერაყელი ტექნიკოსების მომზადებას, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის დავალებით, 30-მდე ქართველი სპეცილისტიც აწარმოებდა. მათ შორის იმყოფებოდა თბილავიამშენის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი გოჩა გოგუაძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ თვითმფრინავების მიწოდება 3-4 წელიწადს გრძელდებოდა.
[გოჩა გოგუაძის ხმა] "მე იქ ვიყავი გარანტირებულ მომსახურებაზე ამ თვითმფრინავებისა. მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი აძლევდა მაგათ. ეს იყო 88-89 წლები. ნუ, ბლომად იყო, სადღაც 68 იყო, რომ შეიძინეს. 3-4 წელი გრძელდებოდა "პასტავკები".[სტილი დაცულია]

სხვადასხვა - მათ შორის, მოკავშირეთა - სამხედრო წყაროს მონაცემებით, სადამ ჰუსეინს იმ 68 თვითმფრინავიდან ამჟამად საბრძოლო მარაგში უნდა ჰყავდეს, დაახლოებით, 30 - მდე მოიერიშე. მაგრამ ამ პოტენციალის გამოყენებას ართულებს ის გარემოება, რომ, მოკავშირეთა ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად, თითქმის ყველა სამხედრო აეროდრომი და სამხედრო თვითმფრინავების უმრავლესობა მწყობრიდან არის გამოსული. მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა საბრძოლო რესურსი, რის გამოც, ავიაციის გენერალ ვალერი ნაყოფიას განმარტებით, 16 წლის წინ შეძენილი მოიერიშეები პირველივე შემთხვევისთანავე მოკავშირეთა ავიაციის იოლ ნადავლად იქცევა.

[ვალერი ნაყოფიას ხმა] "მით უმეტეს, რომ ეს არის პირველი თვითმფრინავები, პირველი სერიის, რომელიც უფრო გამარტივებული პროცესით მიდიოდა და, რა თქმა უნდა, ჰაერში მოკავშირეებს აქვთ უპირობო უპირატესობა. ჰოდა, ჰაერში უპირატესობა, ეს არის ხელის გახსნა ქვეითებისთვის, ხელ-ფეხის გახსნა და თავისუფალი მოქმედებები. ესე იგი ისინი, მოკავშირეები, უბრალოდ, ვერ მისცემენ უფლებას, რომ ერაყმა გამოიყენოს თავისი ავიაცია."[სტილი დაცულია]

როგორც ცნობილია, "უდაბნოს ქარიშხლის" დროს სადამ ჰუსეინის მთელი ავიაციიის განადგურებას მოკავშირეებმა რამდენიმე საათი მოანდომეს. ერაყელ დიქტატორს 12 წლის წინანდელი მოვლენები კარგად ახსოვს და ამიტომ, საეჭვოა, რომ გაბედოს საავიაციო ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან შერკინება. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ათეული სამხედრო თვითმფრინავი, რომელთა შორის საბჭოთა საქართველოში დამზადებული მოიერიშეებიც არის, ჰუსეინის კამიკაძე პილოტებმა უკანასკნელ მომენტში მაინც ჩააბან ბრძოლაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG