Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა გასულ კვირაშიც ვრცლად გამოეხმაურა ერაყში მიმდინარე ომის პრობლემატიკას.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ქართული პრესა გასულ კვირაშიც ვრცლად გამოეხმაურა ერაყში მიმდინარე ომის პრობლემატიკას. 25-26 მარტის გაზეთ "ალიას" თქმით, "ერაყის კრიზისი ჯერ არ იყო დაწყებული,

რომ მთელი მსოფლიოს მასმედიამ პირი მოაღო და პრესის ფურცლები იმ დანკარგის ნუსხებით ააჭრელა, რასაც ეს ომი მოიტანდა".
გაზეთი შენიშნავს:

"უცნაურია, მაგრამ ამ დანაკარგთა სიაში ადგილი არ მოიძებნა იმ კულტურული ძეგლებისთვის, რომლებიც ერაყისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეგ არის მხოლოდ, იორდანიასა, სირიასა და პალესტინაში სასწრაფოდ შეწყდა ყველანაირი არქეოლოგიური გათხრები და, რაც მოახერხეს და რაზეც გასწვდათ ხელი აზიელ ხელისუფალთ, მხოლოდ ხელოვნების ის ნიმუშები გადაიტანეს სპეციალურ საცავებში. მთელი შუამდინარეთის ცივილიზაცია ღია ცის ქვეშ დარჩა!"


"ალია" ესაუბრა ცნობილ არქეოლოგს, პროფესორ რამინ რამიშვილს, რომლის სიტყვებით, "ათცამეტი ასურელი მამა, რომლებიც მე-6 საუკუნეში საქართველოში ჩამოვიდნენ და დიდი სამონასტრო მოძრაობა წამოიწყეს, წარმოშობით სწორედ ჩრდილოეთ შუამდინარეთიდან იყვნენ, ეს კი დღევანდელი ერაყის ტერიტორია გახლავთ."
გაზეთის კითხვაზე - "როგორც არქეოლოგი, როგორ ფიქრობთ, ერაყში მიმდინარე ომი რამდენად იმოქმედებს კარდუხთა, იმავე ქართველურ ტომთა, კულტურულ ნაშთებზე", - რამინ რამიშვილმა უპასუხა:


"წარმოიდგინეთ, რა ხდება! ბაბილონი იყო ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი. ეს უზარმაზარი ნაქალაქარი დღეს არქეოლოგიურ ძეგლად არის გამოცხადებული. მაგრამ შუა ნაქალაქარში სასახლე აიშენა სადამ ჰუსეინმა. ამერიკელთა საომარი გეგმის მიხედვით, ჰუსეინის სასახლეები ყველგან უნდა აფეთქდეს იმიტომ, რომ სასახლის ქვეშ ყველგან რაღაც აქვს მოწყობილი - ზოგან ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია, ზოგან საწყობები და ზოგან კიდევ დილეგები. ამერიკელებმა თუ დაარტყეს ჰუსეინის სასახლეს, რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ, პირველ რიგში, არქეოლოგიური ძეგლები დაზიანდება".


"მათ შორის, ქართველთა სამარხებიც?" - იკითხა "ალიამ", რაზეც პროფესორმა რამიშვილმა უპასუხა:


"რა თქნა უნდა! ჰუსეინის სასახლე, ფაქტობრივად, მათზე დგას. ეს გახლავთ უნიკალური ისტორიული ზონა, საიდანაც კაცობრიობის ცივილიზაცია იღებს სათავეს და სადაც ქართველთა გამოუვლენელი კულტურის ნიმუშები ინახება. გარდა ამისა, ერაყის ტერიტორიაზე აუარებელი ისტორიული ძეგლია, რომლებიც ასახავს სემიტების, ინდოევროპელების და კავკასიელების ისტორიას".


27 მარტის გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" აქვეყნებს ინტერვიუს თავდაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტთან ეკოლოგიური უსაფრთხოების დარგში, სამხედრო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსთან , ვახტანგ მდივანთან. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებულია ამერიკის მოქმედება ერაყში, ვახტანგ მდივანი ამბობს:

"ჰუმანიზმის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიოს ახალი გადანაწილების პრინციპებს და იმ ტენდენციას, რომელიც ცივილიზაცია-გლობალიზაციას გულისხმობს და, ასე ვთქვათ, საერთო დემოკრატიული რეჟიმების დაფუძნებაზე აპელირებს, ამ ომის ვექტორი, რა თქმა უნდა, დადებითია".


"თუ ჰუსეინის საიდუმლო ლაბორატორიებში კონსერვირებული ბაქტერიები ინახება ბაქტერიოლოგიური ომისთვის, ეს, ალბათ, დამარცხებული სადამის უკანასკნელი შანსი იქნება?"
გაზეთის ამ კითხვაზე ვახტანგ მდივანმა უპასუხა:


"მას ნამდვილად აქვს ბაქტერიოლოგიური იარაღი - ეს ჩემი სფეროა და ვიცი. თეთრ სახლში 11 სექტემბრის შემდეგ აღმოჩნდა კონვერტში მოთავსებული "ციმბირული წყლულის" სპორები. ამ კონვერტებს კი ტერორისტები აგზავნიდნენ. თეთრი სახლის ორი ფლიგელი კარანტინის გამო ახლაც დაკეტილი და დალუქულია. მსოფლიო უძლურია ბიოომის წინაშე. თვით აშშ-იც".


ერაყის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო ბიოაგრესიასთან დაკავშირებით, ექსპერტი ამბობს, რომ "ეს ჩვენს ქვეყანაში ადვილი განსახორციელებელია. დაუცველი, უკონტროლო საზღვრებიდან შეიძლება ამ იარაღის შემოტანა".
ვახტანგ მდივანმა "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა:


"ჩვენს ქვეყანას სანიტარული ნორმების უგულებელყოფა სჭირს, ხალხი ხელების დაბანას გადაეჩვია, ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ვყრით, ღიაა ბუნკერები. აღარ არსებობს შესაბამისი სამსახურები. ბაქტერიას არც სუნი აქვს, არც ხმა. დედაქალაქი წყლით მარაგდება ერთადერთი წყალსაცავიდან - ნატახტარიდან. წყალსაცავი არათუ დაცული, მოუვლელია, ნაგავს მიაქვს იქაურობა. რად უნდა ამას სადამ ჰუსეინი?!"

27 მარტის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, რომ მსოფლიოში პირველად ანტისაომარი აქცია პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ საქართველოში მოაწყო. პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა", რომელიც, როგორც გაზეთი შეგვახსენებს, პრორუსულ ძალად მოიაზრება, ანტიერაყულ კოალიციას და საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამერიკის მოკავშირეს, დაუპირისპირდა.
"შევარდნაძე არ არის საქართველო!" "შეწყდეს ომი ერაყში!" "საქართველო ომის წინააღმდეგია!" - ამ შინაარსის ლოზუნგებითა და საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის პირველი პირების სურათებით "ხელდამშვენებულმა" "ერთობის" წევრებმა გუშინ ამერიკის საელჩოს წინ ანტისაომარი აქცია მოაწყვეს".
"მთავარი გაზეთი" წერს:


"მომიტინგეებმა ერაყის ომთან მიმართებაში პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიცია ერთხმად დაგმეს და მოუწოდეს მას, "თავი დაანებოს მე-13 გოჭის რილში ყოფნას", მხარი დაუჭიროს მსოფლიო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ერაყში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
როგორც აღმოჩნდა, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს ბრიტანულ-ამერიკულ კოალიციას."


26 მარტის გაზეთი "24 საათი" გვთავაზობს ინტერვიუს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტთან, ალექსანდრე რონდელთან. გაზეთის კითხვაზე - "დღეს ბევრს ლაპარაკობენ ამერიკის მიერ საქართველოს სამხედრო ბაზების შესაძლო გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში, რა სარგებელზე ან ზარალზე შეიძლება ვილაპარაკოთ?" - ალექსანდრე რონდელმა უპასუხა:


"პატარა ქვეყანა ყოველთვის ცდილობს, რომ გადარჩეს, თავიდან აიცილოს საფრთხე და ისეთი კავშირები შეკრას, რომელიც მის გრძელვადიან სტაბილურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ ჩვენ ვერ დავრჩებით განზე იმ პროცესებისგან, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩვენს რეგიონში ხდება.
როცა გაქვს შანსი, შენი უსაფრთხოება გადააბარო სხვას, ბევრად უფრო ძლიერს, ეს შანსი უნდა გამოიყენო. მართალია, ჩვენს მონაწილეობას ამერიკის მოკავშირეთა კოალიციაში ბევრი დასცინის და აქილიკებს, რადგან ძალიან პატარა და უსუსური ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ახალბედები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში, გამოცდილება კი სწორედ ასეთ დროს მიიღება. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტი საკმაოდ სწრაფად სწავლობს რთულ ვითარებაში ლავირებას და ხშირად ოპტიმალურ გადაწყვეტილებასაც ღებულობს. ჩვენი არჩევანი, რომ დასავლეთთან ერთად ვიაროთ, ერთადერთი და უალტერნატივოა".


28 მარტის "მთავარი გაზეთის" თქმით, "მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის განადგურების საკითხი მყარად ჩაჯდა შეერთებული შტატების დღის წესრიგში, რუსეთი აშკარა გაღიზიანებას ვერ მალავს. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის მხრიდან ბაღდადზე დარტყმის სანაცვლოდ რუსეთი შტურმს საქართველოზე მიიტანს".
გაზეთი წერს:


"ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ კონვენციის რატიფიცირებას, ქრონოლოგიურად, ისნის სამხედროი ნაწილში შეიარაღებული ამბოხის მცდელობა მოჰყვა. მართალია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს ფაქტი უკვე შეფასდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული აგრესიული გეგმის საწყის ეტაპად."
ამ ფონზე პოლიტიკოსები ისევ ალაპარაკდნენ პანკისის ხეობაში სიტუაციის გართულების თაობაზე. ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ "მთავარ გაზეთთან" საუბარში, კერძოდ, განაცხადა:


"თუ რუსეთი თავის ტერიტორიაზე, მაგალითად, ჩეჩნეთსა და ნორდ-ოსტში ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით იბრძვის, მე ვერ გავიგე, რატომ უკრძალავს ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, ანტიტერორისტული კოალიციის წევრს, თავისი პოზიცია გააჩნდეს ერაყთან მიმართებაში. ამიტომ, თუკი რუსეთის დუმა თავს უფლებას აძლევს საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთოს, პარლამენტმა ამას აუცილებლად უნდა მისცეს პოლიტიკური შეფასება".
XS
SM
MD
LG