Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალი "შპიგელი" საქართველოს შესახებ


მას შემდეგ, რაც ერაყში ომი დაიწყო, ბოლო არ უჩანს ამ სამხედრო კამპანიის კონტექსტში საქართველოს პოზიციასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე მსჯელობას. პოლიტიკოსები, ექსპერტები ცდილობენ,

განჭვრიტონ ერაყში საომარი მოქმედებებიდან მომდინარე საფრთხე თუ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში მოსალოდნელი ცვლილებები, რეგიონში საქართველოს სამომავლო როლი თუ ვაშინგტონთან ურთიერთობის პერსპექტივები.

ეს საკითხები, როგორც ბოლო დღეებში დადასტურდა, არა მარტო თბილისში აღელვებთ: აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა, ვლადისლავ არძინბამ ხუთშაბათს გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ აშშ, შესაძლოა, სამხედრო ძალით ჩაერიოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი გერმანიის წამყვან ყოველკვირეულ "შპიგელში" გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის, რუსეთისა და სეპარატისტების, ოღონდ ოსი სეპარატისტების ინტერესების ურთიერთმიმართების შესახებ.

ეს წერილი, ისევე როგორც ჟურნალ "შპიგელის" თითქმის ყოველთვის საინტერესო, საზოგადოებრივ აზრზე უდიდესი გავლენის მქონე დანარჩენი პუბლიკაციები, ირონიული, ზოგჯერ სარკასტული ტონით გამოირჩევა. რად ღირს თუნდაც სათაური: "ნატო თავისუფალი სტილით მოჭიდავეების წინააღმდეგ"!

არ იფიქროთ, ლაპარაკი ცნობილ ქართველ ფალავნებზე იყოს: სტატიის ავტორი ვალტერ მაირი "თავისუფალი სტილით მოჭიდავით" გულისხმობს თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოევს, რომელიც წინათ მოჭიდავე ყოფილა, დღეს კი, როცა ცხინვალის კაბინეტიდან მართავს თავის, გერმანელი ჟურნალისტის სიტყვებით, "მოჩვენებით რესპუბლიკას, გარშემორტყმულია უმეტესწილად უკისრო, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მეგობრებითა და მათი ნათესავებით, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო პოსტებზე ინიშნებიან".

ტელეფონის 4 აპარატი, 2 მობილური ტელეფონი და ბრილიანტებით მოჭედილი საათი, განაგრძობს სტატიის ავტორი, ადასტურებს, რომ კოკოევი დიდი ძალაუფლებით სარგებლობს ცხინვალში, სადაც, თუ კონტრაბანდას არ მისდევ - როკის გვირაბის გავლით ჩრდილოეთში არაყს, ან სამხრეთში იარაღს არ მიეზიდები - თავის რჩენა ძალიან გაგიჭირდება. ("შპიგელის" კორესპონდენტის ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონის რიგით მოსახლეს თვიური ხელფასი 5ი კილო ყველის საყიდლად თუ ჰყოფნის).

"ეს არის სამხრეთი ოსეთი. მეამბოხეთა რესპუბლიკა. ერთი მუჭა ხალხი, რომელსაც უნდა, რუსეთის მიერ იმართებოდეს. ეს არის ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოს ფეხს გამობმული დოლაბი. ნაცრისფერი ზონა იმ ადამიანების თეორიაში, ვისაც ყოფილი საბჭოთა ბანაკი შავ-თეთრად წარმოუდგენია", ვკითხულობთ სტატიაში. ის მკითხველს მოუთხრობს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტისა და ასი ათასი ადამიანის დევნილებად ქცევის შესახებ, იმის შესახებ, რომ შარშან დეკემბერში რეგიონში რუსული წარმოების 13 ტანკი გამოჩნდა, რის გამოც ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა შეშფოთება გამოთქვა, ხოლო თბილისი აღშფოთებული ალაპარაკდა ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევაზე. სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების შტაბის მეთაური, პოლკოვნიკი გენადი სერიშევი, რომელსაც "შპიგელის" კორესპონდენტი გამოელაპარაკა, ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდნენ რეგიონში ტანკები.

გერმანელი ჟურნალისტი ჩამოთვლის საქართველოს დანარჩენ რეგიონებსაც, რომლებშიც რუსი სამხედროები არიან განთავსებული. "ნატოში გაწევრიანების მოსურნე საქართველო თავისი ტერიტორიის სულ დაახლოებით 80 პროცენტს აკონტროლებო", წერს ვალტერ მაირი, ვიდრე თხრობას ამ, თბილისის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მოგზაურობის აღწერით განაგრძობდეს. მისი სარკაზმის სამიზნე კოკოევის მოჩვენებითი რესპუბლიკის შემდეგ გორი ხდება: რასაკვირველია, სტალინის ძეგლისა და მუზეუმის გამო. მუზეუმში "გათბობა გაფუჭებულია, ნათურები გადამწვარა, თუმცა სტალინი ხომ წყვდიადშიც ბრწყინავსო", ვკითხულობთ სტატიაში. მის ავტორს არა მარტო არ სიამოვნებს, არამედ უკვირს კიდეც სტალინის განდიდება ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობა თავის დროზე სწორედ სტალინის მოწადინებით დასამარდა. (ეს უცნაური შეუსაბამობა, მოგეხსენებათ, არა მარტო ვალტერ მაირსა აქვს შემჩნეული).

და მაინც, გორი დღეს თავისუფალი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. გორის განაპირას კი წარმოშობილია ზღვარი, რომელსაც "შპიგელის" კორესპონდენტი "კავკასიურ რკინის ფარდას" უწოდებს: იქით - საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელსაც სამხრეთი ოსეთი ჰქვია, რუსები დაჯავშნული ავტომანქანებით და პირდაპირი სახმელეთო კავშირით ცენტრალურ რუსეთთან; აქეთ - საქართველოს კუთვნილი ტერიტორია, რომლის მმართველი თბილისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის. სულ რამდენიმე თვეში, აუწყებს მკითხველს ვალტერ მაირი, სტალინის მშობლიურ ქალაქში პირველი გერმანელი ჯარისკაცები ჩავლენ, ქართველი სამხედროების გასაწვრთნელად.

"რაც მეტი გერმანელი იქნება საქართველოში, მით უკეთესიო" უთქვამს "შპიგელის" ჟურნალისტისთვის ქართველ გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძეს, რომელიც, სავარაუდოდ, არანაკლებ მეგობრულად ესალმება ამერიკელებს: ისინი, საქართველოში ამჟამად მყოფი 70 საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი, უკვე წვრთნიან ქართველ სამხედროებს. თუმცა, ამის შესახებ მსმენელმა იცის, ისევე როგორც იცის სტატიაში წამოჭრილი კიდევ არაერთი საკითხის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელობის შესახებ.

აი, ის კი არავინ უწყის, როგორ გაირღვევა "კავკასიური რკინის ფარდა", როგორ დამთავრდება დაპირისპირება ნატოსა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის...
XS
SM
MD
LG