Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკავშირეები ბაღდადის გარშემო ძალებს აგროვებენ


დღეს დიდი ბრიტანეთის ჯარები სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში შევიდნენ. 40-ზე მეტი ჯავშანმანქანისა და ტანკისგან შემდგარი კოლონა ქალაქის სიღრმეში შეიჭრა,

რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე უდიდეს გარღვევად ჩაითვალა. გუშინვე ბასრაში ჩავიდა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი, რომლის ცნობით, ბრიტანელი სამხედროები ახლა ბაღდადის დაცემას ელოდებიან, რაც ბასრის დამცველ ერაყელთა დემორალიზაციას გამოიწვევდა და ქალაქის აღებას გააიოლებდა.

ბაღდადს დღეს მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა მოკავშირეთა ავიაცია. საჰაერო და სარაკეტო იერიშები მხოლოდ საღამოსთვის მინავლდა. დღესვე ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების პირველი სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა. მოკავშირეთა სარდლობის ცნობით, ბაღდადის აეროპორტში ამჟამად შვიდი ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და ახლა იქ მცირე ზომის სამხედრო სოფლის მოსაწყობად ემზადება.

ბოლო რამდენიმე დღე მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ამერიკის ტანკები თითქმის შეუფერხებლად მოძრაობენ ერაყის დედაქალაქის ფარგლებში. ამ ფაქტს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა პიტერ პეისმა, ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[პიტერ პეისის ხმა] "ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, იმ ტაქტიკის გამოყენებით, რომელსაც "ჯავშნიანი იერიში" ჰქვია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბაღდადში შეგვიძლია ვიმოძრაოთ, სადაც კი მოგვესურვება. მაგრამ ძალები ჯერჯერობით მთელს ქალაქში არ გვყავს განაწილებული."

დღეს დილით ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულიდან ორმოცდაათიოდე კილომეტრის მანძილზე, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეგრეთ წოდებული "მეგობრული ცეცხლის" კიდევ ერთი შემთხვევა აღინიშნა: კოალიციის ავიაციამ დაბომბა საკუთარი საგანგებო შენაერთებისა და მათი მოკავშირე ქურთების შეიარაღებული რაზმების პოზიციები, რის შედეგადაც, ქურთების ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, 18 ადამიანი დაიღუპა და 45 - დაიჭრა.

უბედური შემთხვევის ადგილიდან სულ ახლოს იმყოფებოდა რადიო "თავისუფლების" ერაყული სამსახურის კორესპონდენტი სამი შორეში, რომელმაც საჰაერო თავდასხმიდან რამდენიმე წუთში პრაღაში რეპორტაჟი გამოგვიგზავნა. მოისმინეთ ერთი ნაწყვეტი ამ რეპორტაჟიდან:

[სამი შორეშის ხმა] "შეერთებული შტატების თვითმფრინავების მიერ რამდენიმე წუთის წინათ განხორციელებულ იერიშს შედეგად მოჰყვა რამდენიმე ქურთი მებრძოლის (მათ შორის, მეთაურების) დაღუპვა აქ, ჯილგა ჯლაოს მაღლობზე. ახლა აქ არეულობა სუფევს, აირ-დაირია ბრძოლის გეგმაც. ხალხი დაღუპულების გადასვენებითა და დაჭრილების მოვლით არის დაკავებული. რაც შეეხება ბრძოლას, ქურთმა მეომრებმა ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი ერაყელი ჯარისკაცი, მათ შორის ექვსი ოფიცერი (ორი მათგანი ვიცე-პოლკოვნიკია, ორიც - კაპიტანი). ქურთებმა ხელში ჩაიგდეს სამხედრო აღჭურვილობაც, მათ შორის ჯავშანმანქანები და ერთი ტანკი."

რადიო "თავისუფლების" კიდევ ერთი კორესპონდენტი, რონ სინოვიცი, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მესამე ქვეით დივიზიასთან ერთად, ბაღდადის მისადგომებთან იმყოფება. მისი ინფორმაციით, დღეს დილაადრიან, ამერიკელებმა ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გაიკვლიეს გზა ბაღდადის სამხრეთით, მდინარე ევფრატის გასწვრივ და დაახლოებით 30 პროცენტით გააძლიერეს ერაყის დედაქალაქის გარშემო განთავსებული, იერიშისთვის გამზადებული ძალები. აი, რა გვიამბო რონ სინოვიცმა სატელეფონო საუბარში:

[რონ სინოვიცის ხმა] "შეერთებული შტატების ჯარმა დღეს საკმაოდ იოლად მოახერხა წინსვლა ბაღდადის დასავლეთით მდებარე საავტომობილო მაგისტრალით. ამას წინ უძღოდა 24-საათიანი ოპერაცია ერაყის არმიის აქ განთავსებული შენაერთების განადგურების მიზნით. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ჯარმა დღეს ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებშიც განაგრძო წინსვლა. თუმცა, ქვეით ჯარს მოწინააღმდეგემ ნაღმსატყორცნებით ცეცხლი გაუხსნა. ამასობაში, ბაღდადის სამხრეთით, მესამე ქვეითი დივიზია განაგრძობს ოპერაციას ერაყის რესპუბლიკური გვარდიის იმ შენაერთების დასამარცხებლად, რომლებიც ალყაში აღმოჩნდნენ და ვეღარ მოახერხეს ერაყის დედაქალაქში დაბრუნება."

მოგვიანებით, ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთი გარეუბნიდან, რონ სინოვიცი კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა.

[რონ სინოვიცის ხმა] "მე ახლა ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში ვიმყოფები და დანებების საოცარი სცენის მოწმე ვარ. ერაყელთა ურიცხვი რაოდენობა სალოცად მიემართება მეჩეთისკენ. ხალხის ამ მასას უცებ გამოეყო ოცამდე ერაყელი მამაკაცი, ზეაღმართული იარაღით, და ამერიკელთა ჯავშანმანქანების კოლონისკენ გაემართა დასანებებლად. ეს კაცები პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყვნენ და ხელები აწიეს. ამერიკელი ჯარისკაცები მათ ტყვედ იყვანენ. ახლა მათ გაჩხრეკენ და დროებითი დაკავების ადგილას გადაიყვანენ. იქიდან მათ უფრო სამხრეთით წაიყვანენ, რათა ბრძოლის რაიონს მოაშორონ."
XS
SM
MD
LG