Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ რეაგირებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხელისუფლების წინასაარჩევნო ნაბიჯებზე


მსხვილი ბიზნესის პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვისა და სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის გამოცოცხლების შემდეგ გააქტიურება შეიმჩნევა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც.

კონფერენციებითა თუ თავყრილობებით პოლიტიკური ორგანიზაციები ძალის დემონსტრირებას ახდენენ და ამომრჩეველს თავს ახსენებენ. ამ მხრივ, წინა დღეებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებით დატვირთული იყო 8 აპრილი და, როგორც ჩანს, ეს გამოცოცხლება წინასაარჩევნო მარათონის დაწყებას მოასწავებს.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს „ახალი საქართველოს" პოლიტიკური ბლოკის ჩამოსაყალიბებლად. 8 აპრილს ამ ბლოკის საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი მოკავშირეების მიღებაზე იმსჯელეს. იმავდროულად კი, ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნა. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელმა რგოლმა, „ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ", დამფუძნებელი ყრილობა მოაწყო. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების ინიციატივით შექმნილი ამ ორგანიზაციის ყრილობა გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ამსახველი ვიდეორგოლით დაიწყო.
[გამსახურდიას ხმა] „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა..."

ასეთივე ტაშით შეხვდა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების" დამფუძნებელი ყრილობა ზვიადისტებს შორის „კონსტანტინოვიჩად" წოდებულ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. მანაც მოლოდინი არ გააცრუა და თავადვე გაატარა პარალელები ზვიად გამსახურდიასა და საკუთარ პერსონას შორის, გაიხსენა რა რუსეთის დუმის დეპუტატ ჩეხოევთან გამართული ტელედებატები.

[სააკაშვილის ხმა] „მათ შოვინისტ ლიდერთან მქონდა ტელედებატები. რა ვთქვი ისეთი, რასაც არ გეტყოდით თითოეულ თქვენგანს? მაგრამ იმდენად შეუჩვეველია ჩვენი საზოგადოება, რომ ვერ დავიჯერეთ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება. რატომ მისტირის ხალხი ძველ დროს? იმიტომ, რომ ბოლო ადამიანი, ვისაც შეეძლო მათთან ასეთი ლაპარაკი, იყო ზვიად გამსახურდია."[სტილი დაცულია]

პირველი პრეზიდენტის მემკვიდრეობისა თუ მასთან მსგავსების ასეთი აფიშირების მიუხედავად, "ეროვნულ ძალთა გაერთიანების" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენის მსურველებთან შეკავშირებას გამორიცხავს. ძიძიგურის განცხადებით:

[ძიძიგურის ხმა] „თუ გულისხმობთ ქალბატონ მანანა არჩვაძეს, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ჩვენ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შესახებ რაღაც პროექტებს ვერ გავყვებით, იმიტომ რომ ეს არარეალურია. და სხვა დანარჩენი, ვისაც რეალური პროექტები აქვს, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ."

ზვიად ძიძიგური უფრო რეალურ პროექტად მიიჩნევს დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღებას და მზადაა იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან გაერთიანდეს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად ქუჩის აქციებსაც კი არ ითაკილებენ. იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ოპოზიციურ პარტიათა თავდაუსხმელობის დეკლარაციას და, სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მხოლოდ ერთი დაჯგუფება - სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა აქციოს სამიზნედ.
XS
SM
MD
LG