Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარმა დათმო სიდიდით მესამე ქალაქი, მოსული


ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანში, მდებარე მოსული, სიდიდით, ერაყის მესამე ქალაქია. დიდი ქალაქების - ბაღდადისა და ქირქუქის - შემდგომ მოსულის ჯერი დადგა, აშშ-ის ჯარისა და, მისი დახმარებით,

ქურთთა ხელში გადასულიყო. მდინარე ტიგროსზე მდებარე მოსული თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე - ის ჯერ კიდევ მე-7 საუკუნის ბოლოს დაიპყრეს არაბებმა - ქალაქისთვის კიდევ ერთი ბრძოლის მოწმე გახდა. ბაღდადისა და ქირქუქისგან განსხვავებით, ამ ქალაქის დამცველებმა, ასევე ქალაქის ადმინისტრაციამ და, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ქალაქის გავლენიანმა წარმომადგენლებმა, უაზრო ბრძოლის თავიდან ასაცილებლად, ამერიკელებთან და ქურთებთან დელეგაცია გაგზავნეს, რომ ქალაქის მშვიდობიანად დანებების თაობაზე მოლაპარაკება გაემართათ. ქურთების დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჰოშიარ ზებარიმ ფრანს-პრესის სააგენტოს უთხრა, რომ სადამ ჰუსეინის მომხრე ერაყის ჯარი ასევე თანახმაა მოლაპარაკების გამართვაზე. მისივე თქმით, მებრძოლ მხარეებს სურთ, ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, ქალაქი, შეძლებისდაგვარად, ძარცვისაგან იქნეს დაცული. საქმე ის არის, რომ მოსულთან ბრძოლების დაწყებისთანავე ქალაქში მაროდიორების აქტიურობაც დაიწყო. მაგრამ მაროდიორობის შეზღუდვა ვერ მოხერხდა. გახელებული ბრბო ძარცვავდა, რაც კი რამ გასაძარცვი იყო, უბრალო ბინებიდან დაწყებული, ბანკებით დამთავრებული. მანამდე ერი დღით ადრე, ქირქუქი, ქურთებთან ერთად, აშშ-ის ჯარის ნაწილებმა დაიკავეს, რამაც მეზობელი თურქეთის შეშფოთება გამოიწვია. ანკარას თავისი ადარდებს - შიშობს, რომ ქურთისტანმა, თუკი ქურთების არმია მის უმთავრეს ქალაქებს დაეპატრონება, შეიძლება დამოუკიდებლობის გამოცხადება ისურვოს, რაც თურქეთისთვის ერთობ არასასურველია. თურქეთის მთავრობას თავის ქვეყანაში მცხოვრები ქურთების დაშოშმინება გაუჭირდა და ამგვარი პრეცედენტი, მეზობლად ქურთისტანის სახელმწიფოს გამოცხადება, გავლენას იქონიებს თურქეთის ქურთებზეც. ქურთების არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა მამ როსტამმა განაცხადა, რომ მისი ჯარი აპირებს ქალაქი მაშინვე დაუთმოს ამერიკელებს, როგორც კი მოვლენ და უსაფრთხოებისთვის ზრუნვას დაიწყებენ.
როსტამის ხმა:
"ამერიკელ მეთაურებს ველით მოსალაპარაკებლად და შემდეგ ჩვენს ჯარს გავიყვანთ საწყის პოზიციებზე, ქირქუქის გარეთ; ამერიკელი გენერალი შეხვდება ქირქუქის ყველა წარმომადგენელს - ქურთებს, არაბებს, ასირიელებს და თურქმენებს, რათა შექმნან სამთავრობო კომიტეტი".

უკანასკნელი ცნობით, აშშ-ის ჯარი ქალაქ ქირქუქის მახლობლად მდებარე ნავთობის ჭაბურღილების დაცვას შეუდგა. ეს ქალაქი და მისი შემოგარენი მდიდარია ნავთობის საბადოებით.
როცა ომის მსვლელობის დროს ხელისუფლების ვაკუუმი წარმოიქმნება, განუკითხაობის დრო დგება. ასეა ერაყშიც. ბაღდადში - და არამარტო იქ - მაროდიორებმა, როგორც გითხარით, ფართო ფრონტით შეუტიეს ადმინისტრაციულ შენობებს, უცხოელთა კუთვნილ ქონებას. სხვადასხვა სახელმწიფოების საელჩოების გარდა, გაიძარცვა სამინისტროები და ოფიციალურ პირთა საცხოვრებლები. წითელი ჯვრის თანახმად, შეიარაღებულ მძარცველთა ჯგუფმა თავდასხმა მოაწყო ბაღდადში საავადმყოფოზე. ამის შიშით, სხვა საავადმყოფოები დაიხურა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აკრიტიკებენ აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარს, რომლებიც არ მოქმედებენ მძარცველთა წინააღმდეგ.

ქალაქ ნაჯაფში მომხდარმა ამბავმა უფრო აშკარა გახადა, რა სისასტიკემდე შეიძლება მივიდეს ეს განუკითხაობა. შიიტების წმინდა ადგილას, ალის მეჩეთში, ბრბომ აკაფა შიიტი სასულიერო პირი აბდულ მაჯიდ ალ ხოეი, რომელიც მოკავშირეთა ჯართან თანამშრომლობდა. ლონდონიდან, სადაც ემიგრაციაში იმყოფებოდა, ის გასულ კვირას დაბრუნდა ერაყში, სამშობლოსთვის დახმარების სურვილით. ალ ხოეი, შერიგების მიზნით, მეჩეთში შეხვდა სადამ ჰუსეინის მომხრე სხვა სასულიერო პირს, ჰაიდარ ქელიდარს. ბრბომ, ჯერჯერობით გაურკვეველი საბაბით, ორივე, ალ ხოეიც და ქელიდარიც, ხმლებითა და დანებით აკუწა.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ბაღდადში ხალხმა იერიში მიიტანა ჰუსეინის უშიშროების სამსახურის შტაბბინაზე, სადაც, ციხეში, პოლიტიკური პატიმრები ეგულებოდათ. ბოლოს, არეალი აშშ-ის არმიის ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა დაიკავეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG