Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის აჰმად ჩალაბი?


მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ომის დამთავრებაზე საუბარი ნაადრევია, ნამდვილად არ არის ნაადრევი იმაზე მსჯელობა, ვინ ჩაუდგება სათავეში ქვეყნის ახალ ხელისუფლებას. ამ საკითხის განხილვისას,

სულ უფრო ხშირად გაისმის აჰმად ჩალაბის სახელი - ადამიანისა, რომელიც სადამ ჰუსეინის დაუძინებელი მტერი იყო და მისი დიქტატორული რეჟიმის დამხობის მიზნით, ემიგრანტ თანამოაზრეებთან ერთად, 90-იანი წლების დამდეგს, ლონდონში დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით "ერაყის ეროვნული კონგრესი". აჰმად ჩალაბის პორტრეტს დავით კაკაბაძე გთავაზობთ.

ამ ერთი კვირის წინათ აჰმად ჩალაბი, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ე.წ. "თავისუფალი ერაყის შეიარაღებული ძალების" 700-მდე მოსამსახურესთან ერთად, სამხრეთი ერაყის ქალაქ ნასირიაში ჩავიდა. ამით წერტილი დაესვა 58 წლის მათემატიკოსისა და ბანკირის მრავალწლიან ემიგრაციას, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა როლი დაეკისრება ამ ფათერაკიანი წარსულის მქონე კაცს ერაყის მომავალ მთავრობაში.

გასულ კვირაში ბრიტანეთის ავტორიტეტიანმა გაზეთმა "გარდიანმა" გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ვაშინგტონს განზრახული აქვს ერაყში შექმნას შეერთებული შტატების არმიას ასე თუ ისე დაქვემდებარებული მთავრობა. ამ მთავრობის 23 სამინისტროდან თითოეულს - თუ იმავე "გარდიანს" დავუჯერებთ - უხელმძღვანელებენ ერთი ამერიკელი და მისი ოთხი ერაყელი მრჩეველი. როლების ამგვარი განაწილების შემთხვევაში აჰმად ჩალაბის ფინანსთა სამინისტროს მრჩევლის ფუნქცია უნდა ერგოს. მაგრამ საქმეში ღრმად ჩახედულ ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, ჩალაბი ესოდენ დაბალი რანგის სამსახურს დაყაბულდეს.

მართალია, ერაყის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთ დამაარსებელს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, ვაშინგტონში მას მეტად გავლენიანი მხარდამჭერებიც ჰყავს, განსაკუთრებით იმათ შორის, ვისაც დღეს "ნეოკონსერვატორებად" მოიხსენიებენ. საკმარისია დავასახელოთ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, მისი მოადგილე პოლ ვულფოვიცი, პენტაგონის მრჩეველი რიჩარდ პერლი...

ჩალაბისადმი ამ ადამიანთა მხარდაჭერას იშველიებს არგუმენტად ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის პროფესორი, ახლო აღმოსავლეთის საკითხთა ექსპერტი მარიუს დიდი, რომლის აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან არცთუ მეგობრული ურთიერთობა ჩალაბის აღზევებას ხელს ვერ შეუშლის. აი, რა უთხრა პროფესორმა დიდმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს, ჟან-კრისტოფ პეკს:

1182 "გადაწყვეტილებას იღებენ პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი. აქედან გამომდინარე, თუ თეთრი სახლი არჩევანს ერთ კონკრეტულ ადამიანზე შეაჩერებს და თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პენტაგონიც ჩართული იქნება, მაშინ ეს ადამიანი, ანუ ამ შემთხვევაში ჩალაბი, რეალურ კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს."

აჰმად ჩალაბის არაერთი მხარდამჭერი ჰყავს შეერთებული შტატების აკადემიურ წრეებშიც. ერთ-ერთი მათგანია პროფესორი ბერნარდ ლუისი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთის კვლევის საქმეს ხელმძღვანელობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ლუისი კატეგორიულად არ დაეთანხმა იმათ, ვინც ჩალაბის ავანტურისტად და კარიერისტად მიიჩნევს.

1178 "ჩემი აზრით, ჩალაბი ღირსეული, პატიოსანი და მამაცი პიროვნებაა. მას 12 წელია, ვიცნობ და რაც უფრო ღრმავდება ეს ნაცნობობა, მით უფრო იზრდება მის მიმართ ჩემი პატივისცემა. მას თავისუფლად შეეძლო, იოლი და დალხენილი ცხოვრება აერჩია. ამის ნაცვლად მან თავის პატრიოტულ ვალად ჩათვალა, სადამის რეჟიმს დაპირისპირებოდა; და ასეც მოიქცა - დიდი რისკისა და გაჭირვების ფასად."

ბაღდადის ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის შვილმა, აჰმად ჩალაბიმ სამშობლო 1958 წელს, ჰაშემიტების მონარქიის დაცემიდან ცოტა ხანში დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ ხანს იგი მათემატიკას ასწავლიდა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, ვიდრე ლიბანის სამოქალაქო ომი აიძულებდა, კიდევ ერთხელ წასულიყო ემიგრაციაში.

ჩალაბი იორდანიის დედაქალაქ ამანში დასახლდა. იქვე დააარსა ბანკი, რომელიც სულ მალე სიდიდით ქვეყნის მესამე ბანკი გახდა. მაგრამ 1989 წელს ბანკმა კრახი განიცადა და უსახსროდ დატოვა ათასობით მეანაბრე. ჩალაბიმ ამანი დატოვა და ბინა ახლა ლონდონში დაიდო. მალე მან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაც მიიღო.

სამი წლის შემდეგ იორდანიის სასამართლომ აჰმად ჩალაბი დამნაშავედ სცნო დიდძალი თანხების უკანონო მითვისებასა და საბანკო მაქინაციების მოწყობაში და, დაუსწრებლად, 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თვითონ ჩალაბი იმთავითვე კატეგორიულად უარყოფდა საკუთარ ბრალეულობას და ამტკიცებდა, რომ ამანმა მის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის ზეწოლის შედეგად გაილაშქრა.

ჩალაბის პოლიტიკური კარიერის დასაწყისად ბევრი მაინც 1991 წელს მიიჩნევს, როცა, სპარსეთის ყურის ომის დამთავრებისთანავე, მან და სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების ლიდერებმა ერაყის ეროვნული კონგრესი ჩამოაყალიბეს და მალე ვაშინგტონის ფინანსური მხარდაჭერაც მოიპოვეს.

1998 წელს, ჩალაბის ძალისხმევით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო ე.წ. "ერაყის განთავისუფლების აქტი", რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა ვაშინგტონის ოფიციალურ მიზნად აქცია. ამ დოკუმენტის მიღებას რაიმე რეალური შედეგი არ მოჰყოლია და აქტი, შეიძლება ითქვას, ფარატინა ქაღალდად დარჩა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყის ეროვნული კონგრესი უსარგებლო, არაფრის მაქნის ორგანიზაციად მიიჩნია და მთელი გულისყური სხვა ოპოზიციური ჯგუფის, "ერაყის ეროვნული თანხმობის" მხარდაჭერაზე გადაიტანა. მაგრამ 1996 წელს ამ ორგანიზაციის მიერ, ვაშინგტონის დახმარებით დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა. პროფესორ ლუისის აზრით, ჩალაბისა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული უნდობლობა სათავეს სწორედ ამ ვერშემდგარი გადატრიალებიდან იღებს.

1180 "ჩალაბის მიუტევებელი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მართალი გამოდგა მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეცდნენ. ვგულისხმობ წარუმატებელ ცდას, ჩალაბის მონაწილეობის გარეშე ჩამოყალიბებულიყო ერაყის ოპოზიციური ძალა. ჩალაბი მათ აფრთხილებდა, რომ ამ ოპოზიციონერთა შორის სადამის არაერთი ფარული მომხრეა და რომ ეს ყველაფერი სასტიკი კრახით დასრულდებოდა. მაშინ მას ყურიც არავინ ათხოვა. არადა, ეს კაცი მართალი გამოდგა."

ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თავის სამშობლოში აჰმად ჩალაბის გაუჭირდება ლიდერობისთვის საჭირო პოპულარობის მოპოვება. მან მართლაც მეტისმეტად დიდი დრო დაჰყო საზღვარგარეთ და ბევრი მას ვაშინგტონის მარიონეტად მიიჩნევს.

დავით კაკაბაძე გესაუბრათ ერაყის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთ დამაარსებელზე, აჰმად ჩალაბიზე, რომელსაც ბევრი ერაყის მომავალი მთავრობის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG