Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ჯარისკაცების დსთ-ს ქვეყნებში დაქირავებას გეგმავს


სულ მალე რუსეთმა შეიძლება საკუთარი ჯარის შესავსებად თანამეგობრობის ქვეყნებიდან მოხალისეები დაიქირაოს. ეს ღონისძიება რუსეთის თავდაცვის უწყების თანახმად, იქნება იმ გეგმის ნაწილი,

რომელიც რუსეთის ჯარის საფუძვლად სავალდებულო გაწვევის ნაცვლად საკონტრაქტო სისტემის დამკვიდრებას ითვალისწინებს. რუსეთის ლიბერალური პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ამ გეგმას და მას უფრო სადღეისო პრობლემების მოგვარების მარტივ გზად მიიჩნევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ჯარის შესავსებად სხვა ქვეყნების - კერძოდ კი თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეთა დაქირავებას აპირებს.

თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, ეს სქემა რუსული ჯარის რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანიც ის არის, რომ რუსეთის არმია მომავალში ძირითადად მოხალისეებზე იქნება დაფუძნებული.

წამახალისებლად, რუსეთის ჯარში სამსახურისთვის, სხვა ქვეყნების მოქალაქეები სამ წელიწადში რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. სერგეი ივანოვის აზრით, ეს პუნქტი აამაღლებს არმიის ბრძოლისუნარიანობას. მისი ლოგიკა ასეთია - სხვა ქვეყნის მოქალაქე შეეცდება რუსეთის მოქალაქე ჯარისკაცებზე უკეთ იმსახუროს, რადგან ერთი შეცდომა და ის განთავისუფლდება.

ბორის ნადეჟდინი, რომელიც რუსეთის დუმაში მემარჯვენე ძალთა კავშირს უდგას სათავეში, აცხადებს, რომ მისი პარტია ემხრობა ახალ სქემას. თუმცა, ნადეჟდინი ეჭვობს, რომ ის შეიძლება არა ჯარის საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანას, არამედ, უბრალოდ, რუსეთის ჯარში სამსახუროდ თანამეგობრობის ქვეყნების ახალგაზრდების გაწვევას ნიშნავდეს:

[ნადეჟდინის ხმა]
"თუკი ეს მოზიდვა ხორციელდება პროფესიონალურ არმიაზე გადასვლის გეგმის ფარგლებში, როცა მოხალისეები კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ, მაშინ მე ვიწონებ სქემას; თუკი თავდაცვის სამინისტრო აპირებს გაიწვიოს არა მხოლოდ რუსი ბიჭები, არამედ ახალგაზრდები თანამეგობრობის ქვეყნებიდანაც, მე ამის წინააღმდეგი ვარ."

ორიოდე სიტყვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯარში დაქირავების სსხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ: ამ მხრივ ყველაზე ცნობილი საფრანგეთია თავისი უცხოური ლეგიონით, რომელიც 130 ქვეყნის 6 ათას ჯარისკაცს აერთიანებს. ბრიტანეთის არმიაში 3500 ნეპალელი გურქა მსახურობს. შეერთებული შტატები კი დღეისთვის 31000 უცხოეთის მოქალაქეს ქირაობს თავის ჯარში სამსახუროდ. ბევრი მათგანის მოტივაცია მოქალაქეობის მიღებაა.

ახლა ისევ რუსეთის გეგმების შესახებ: მოსკოვის ნაციონალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი სერგეი კაზიონოვი თვლის, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის ინიციატივას აზრი აქვს, რადგანის პრაქტიკულად, არსებულ რეალობას ამტკიცებს. გარდა ამისა, კაზიონოვის მორიგი არგუმენტი ივანოვის გეგმის საფუძვლიანობის დამტკიცებისთვის არის ის, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ათობით მილიონი რუსულად მოლაპარაკე ადამიანი ცხოვრობს. კაზიონოვი აგრეთვე ამბობს:

[კაზიონოვის ხმა]
"თანამეგობრობის სახელმწიფოების მოქალაქეები დღესაც მსახურობენ რუსეთის ჯარში. მათ შორის - ოფიცრის თანამდებობებზე, რიგითებადაც; ისინი მონაწილეობენ ანტიტერორისტულ ოპერაციებშიც, იგივე ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში. ეს დღესაც ასეა. პრინციპში, ივანოვი სადღაც ამყარებს იმას, რაც დამტკიცების გარეშეც სახეზეა"

სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები ჩაირიცხებიან იმ ნაწილებში, სადაც უმრავლესობას რუსი ეროვნების ჯარისკაცები შეადგენენ, რომ თავიდან იქნას აცილებული ეთნიკური ანტაგონიზმი.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის არმიაში დღეს უკვე მსახურობს 130 ათასი დაქირავებული მოხალისე, რომელთა საშუალო ხელფასი 150 ათას დოლარს შეადგენს.

რაც დრო გადის, რუსეთს სულ უფრო უჭირს ახალგაზრდების გაწვევა ჯარში. ყოველწლიურად რუსეთის ჯარში 400 ათასი ახალგაზრდა უნდა გაიწვიონ. მათგან 30 ათასი თავს არიდებს ჯარში წასვლას, რუსი ახალგაზრდების ნახევარი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ალკოლჰოლიზმისა და ნარკომანიის პრობლემების გამო დისკვალფიცირდება სამხედრო სამსახურიდან. სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას ბევრი გავლენიანი ახლობლების, ბევრიც ქრთამის საშუალებით ახერხებს.


მდგომარეობა რუსულ ჯარში აუტანელია, ბატონობს "დედოვშჩინა". ოფიციალური მონაცემებით, დეზერტირობა რუსეთში ყოველწლიურად 2500 3000-ს შეადგენს.

2001 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ჯარის ფართომასშტაბიანი ტრანსოფორმაციის დაწყება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც 2010 წელს უნდა დასრულდეს სავალდებულო გაწვევა.

რეფორმის შემდეგ ეტაპზე, რომელიც მომავალ წელს დაიწყება და 2007 წლამდე გასტანს, დაგეგმილია 170 ათასი ჯარისკაცის დაქირავება, რაც სერგეი ივანოვის თქმით, მინიმუმ ტრილიონი რუბლი დაჯდება.

მემარჯვენე ძალთა კავშირის თანათავმჯდომარე ირინა ხაკამადა ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ გეგმებს და მიაჩნია, რომ უცხოელთა მოწვევა რუსეთის არმიაში მხოლოდ შეანელებს რეფორმას:

[ხაკამადას ხმა]
"დღევანდელ პირობებში, როცა სამხედრო უწყებები რეფორმას ამუხრუჭებენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მოხალისეობის პრინციპის დანერგვა - ასეთ სიტუაციაში, ეს ნაბიჯი სრულიად არაეფექტიანად მიმაჩნია. ის უბრალოდ ამოავსებს დაუკომპლექტებელი, არაეფექტიანი არმიის ხვრელებს".

საინტერესოა, მოხალისეებზე ფიქრისას თანამეგობრობის რომელ ქვეყნებზე ამყარებს იმედს რუსეთი. ერთ-ერთი რუსული გამოცემის ვარაუდით, რუსეთის მომავალი არმიის შემადგენლობა საბჭოთა კავშირის არმიის მსგავსი ვეღარ იქნება, რადგან იგივე შუა აზიის ქვეყნები ალბათ არ იქნებიან თანახმა, რომ მათმა მოქალაქეებმა რუსეთის არმიაში იმსახურონ. "რუსეთს ეს არც სჭირდება", - წერს რუსული გამოცემა და განმარტავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეების წყაროდ სლავურ სახლმწიფოებს მიიჩნევს, იმ სახელმწიფოებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG