Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ბრიტანეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა სუფევს სირიისა და ირანისადმი დამოკიდებულების საკითხში


საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის ჩვენი რადიოს გადაცემებში რამდენიმე დღეა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუქარას, რომელიც ვაშინგტონმა სირიის მისამართით გამოთქვა.

გავიხსენოთ: აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა სირია დაადანაშაულეს ქიმიური იარაღის გამოცდასა და სადამ ჰუსეინის ერთგულ ხელქვეითთა შეფარებაში, რის გამოც მას ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციებით დაემუქრნენ. ამ განცხადებებმა რომ არაბული სახელმწიფოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, გასაკვირი არ უნდა იყოს. შედარებით მოულოდნელად კი ბრიტანეთის პოზიცია არის მიჩნეული: ერაყის ომში ვაშინგტონის ერთგული მოკავშირე სირიასთან ურთიერთობაში უფრო ზომიერ კურსს (როგორც ცნობებშია ნათქვამი, "დიალოგსა და პარტნიორობას") ემხრობა. უნდა მივიჩნიოთ თუ არა ეს გარემოება ვაშინგტოსა და ლონდონს შორის უთანხმოების ნიშნად? ამ საკითხის გარკვევას შეეცადა ჩვენი რადიოს თანამშრომელი კეტლინ ნოქსი, რომლის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასაც ახლა გაგაცნობთ.

ვაშინგტონი სირიაში ხედავს "სახიფათო ქვეყანას", რომელსაც სათავეში უდგას "გამოუცდელი ლიდერი". ლონდონი კი სირიასთან დიალოგს ემხრობა და ირწმუნება, რომ ამ ქვეყანას მართავენ გონიერი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ხალხის ინტერესები ამოძრავებს. დაახლოებით ასე შეიძლება შეჯამდეს სირიისადმი ორი ინგლისურენოვანი მოკვაშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება. თუმცა, სამშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ საჭიროდ მიიჩნია სირიის გაფრთხილება: [სტროუს ხმა] "სირიამ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას უნდა უპასუხოს. და ძალიან მნიშვნელოვანია, სირია უნდა შეეგუოს ახალ რეალობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჩვენთან და შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებით იმ შეკითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც სადამის რეჟიმის დევნილი წარმომადგენლების შეფარებას ეხება. მაგრამ იმავდროულად გვეძლევა ჩვენს ურთიერთობებში ახალ ეტაპზე ასვლის შესაძლებლობა".

ლონდონსა და ვაშინგტონს შორის აზრთა სხვადასხვაობა არა მარტო სირიის საკითხში შეინიშნება: ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრიტანეთმა შეარბილა ირანის შესახებ განცხადებების ტონი - არადა, ვაშინგტონი ირანს, როგორც ცნობილია, ე.წ. "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნებს.

[ნონენმანის ხმა] "შესამჩნევი ხდება უთანხმოების ნიშნები. თვით უთანხმოება ყოველთვის არსებობდაო", ამბობს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი გერდ ნონენმანი, რომელიც ბრიტანეთში განთავსებულ ლანკასტერის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. [ნონენმანის ხმა] "ბრიტანეთი - განსაკუთრებით რაც შეეხება ერაყის საკითხს - ყოველთვის იდგა ევროპულ ბანაკში, რომელიც კრიტიკულ დიალოგს ემხრობა. მაშინ, როცა შეერთებულ შტატებზე იმავეს, რასაკვირველია, ვერ იტყვი. რაც შეეხება სირიას - ბრიტანეთი ამბობს, რომ არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მათ გამო სირია არ უნდა მივიჩნიოა "სახიფათო ქვეყნად". ეს არის რეჟიმი, რომელსაც სათავეში უდგას ახალი, ჯერ კიდევ გამოუცდელი პრეზიდენტი. მაგრამ ის პრაგმატული მოთამაშეა, სისულეებს არ გააკეთებს: მაგალითად, არ დაუკავშირდება მასობრივ ტერორიზმს და ა.შ. ბრიტანეთი ამაში დარწმუნებულია და ვფიქრობ, მართალიც არის".

სირიისა და ირანისადმი ბრიტანეთის კეთილგანწყობას რამდენიმე გარემოება განაპირობებს: ერაყში ომის დროს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ გაუწყვეტია კონტაქტი თავის ირანელ კოლეგასთან. ჯეკ სტროუ სამჯერ არის თეირანში ნამყოფი და ერთხელ ლონდონში ჰყავს მიღებული კოლეგა ქამალ ხარაზი. ბლერმა კი შარშან დეკემბერში უმასპინძლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს - ის, სხვათა შორის სირიის პირველი ლიდერია, რომელიც ბრიტანეთს ეწვია.

ლონდონში სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომლის, აჰმად ლატფის შეფასებით, ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ სირიაზე ზეწოლა ხელს შეუშლის ერთი მხრივ ერაყის რეკონსტრუქციას, მეორე მხრივ კი ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვინაიდან კიდევ უფრო გააღრმავებს არაბების უკმაყოფილებას.

ყოველივე ეს არ ნიშნავს, თითქოს ლონდონი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდეს სირიისთვის მოთხოვნების წაყენებას ქიმიური იარაღის გამოცდისა თუ ერაყელების შეფარებაში ბრალდებებთან დაკავშირებით. მაგრამ ტონი ბლერის მთავრობა ფიქრობს, რომ სირიის, ისევე როგორ ირანის შემთხვევაში, საკითხი დიპლომატიის გზითაც მოგვარდება.
XS
SM
MD
LG