Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ომი ერაყში დასასრულს მიუახლოვდა, და მიმომხილველთა მთელი ყურადღება ახლა იმისკენაა მიპყრობილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ხოლო გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტ ბუშის მოწოდებამ გაეროსადმი - გააუქმოს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები, ვაშინგტონის ახალი დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვიოს საფრანგეთსა და რუსეთთან.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"უშიშროების საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ ახლა, როცა ერაყში დამთავრდა სადამ ჰუსეინის მმართველობა, ბაღდადის წინააღმდეგ მიღებული ეკონომიკური სანქციები, რაც მეზობელ ქუვეითში 1990 წელს განხორციელებულ ინტერვენციას მოჰყვა შედეგად, უნდა გაუქმდეს. შესათანხმებელი ისღაა, როდის და რა ვითარებაში უნდა მოხდეს სანქციების გაუქმება. ბატონ ბუშს სურს, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. რუსეთი და საფრანგეთი, უნდა მოველოდეთ, ისარგებლებენ შემთხვევით და კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ომისშემდგომ ერაყში გაერომ შეასრულოს წამყვანი პოლიტიკური როლი. რუსეთი და საფრანგეთი შიშობენ ამასთანავე, რომ თუ ერაყის ნავთობმრეწველობას აშშ-ის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია გაუწევს კონტროლს, მაშინ ის სარფიანი კონტრაქტები, პარიზმა და მოსკოვმა რომ დადეს თავის დროზე ერაყის კომპანიებთან, ფარატინა ქაღალდად დარჩება".

გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" იმედგაცრუებულია იმით, რომ კოალიციის ძალებმა დღემდე ვერ ნახეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი, რაც განგაშს უნდა იწვევდეს შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებებში, რომლებიც არწმუნებდნენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რომ ბაღდადი ფლობს ხსენებულ იარაღს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ვინაიდან თეთრ სახლზე მატულობს ზეწოლა, ვიდრე ერაყში არ იქნება მიკვლეული მასობრივი განადგურების იარაღი, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გამოცდილ ექსპერტებს უნდა სთხოვოს ამ საქმეში დახმარება. კოალიციის ძალებს არა აქვთ სათანადო გამოცდილება იმისთვის, რათა დამალული იარაღი აღმოაჩინონ ერაყში. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ექნება ინფორმაციის მიღებას ერაყელი მეცნიერებისაგან, რომლებიც შეიარაღების სფეროში მოღვაწეობდნენ."

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმება. გაზეთი წერს:

"არავინ შეგვედავება იმაში, რომ სადამ ჰუსეინის დამხობასთან ერთად გაქრა ის მიზეზიც, რის გამოც ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები იქნა მიღებული. ამიტომაც სთხოვს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია გაეროს უშიშროების საბჭოს - თანდათანობით გააუქმოს ერაყის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო. უშიშროების საბჭოს მომავალმა სხდომამ ბოლო უნდა მოუღოს იმ უთანხმოებას, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში რომ მოხდა გასულ თვეს, ერთის მხრივ შეერთებულ შტატებსა, და მეორეს მხრივ, საფრანგეთ-გერმანია-რუსეთს შორის."

ამავე გაზეთში ვრცელი სტატიაა გამოქვეყნებული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, პარტია "ლიბერალნაია როსიას" თანათავმჯდომარის, სერგეი იუშენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა მოსკოვის შემოგარენში. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, განვლილი 8 თვის მანძილზე ესაა "ლიბერალნაია როსიას" უკვე მეორე ლიდერის მკვლელობა, და ამ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, იუშენკოვმა ხსენებული პარტიის რეგისტრაციისა და არჩევნებისთვის მზადების შესახებ გააკეთა განცხადება. გაზეთი წერს:

"8 თვის წინ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი, "ლიბერალნაია როსიას" მეორე თანათავმჯდომარე ვლადიმირ გოლოვლევი გახდა. იუშენკოვის კოლეგები ამბობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რა უნდა იყოს ამ მკვლელობის მოტივი. დეპუტატების მოკვლა, რუსეთში, ჩვეულებრივი ამბავია,თუმცა იუშჩენკოვის მკვლელობა დღეს ყველაზე გახმაურებულად მიაჩნიათ 1998 წლის შემდეგ, როცა სანკტ-პეტერბურგში პრო-დასავლური ორიენტაციის მეორე დეპუტატი - გალინა სტაროვოიტოვა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. სტაროვოიტოვას მსგავსად, იუშენკოვი გამორჩეული იყო თავისი პატიოსნებით, და მის კოლეგებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ მოკლული რაიმე ბნელ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, რაც, როგორც წესი, შეკვეთილი მკვლელობით მთავრდება ხოლმე რუსეთში. სერგეი იუშჩენკოვი იმითაც იყო ცნობილი, რომ მძაფრად დაგმო ჩეჩნეთის ორივე ომი."
XS
SM
MD
LG