Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''კომიკური ალის'' ტრაგიკული ბედი


მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ჯარმა ბაღდადი აიღო, სადამ ჰუსეინისა და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა კვალი არსად ჩანს. კაცმა რომ თქვას, მათ აღარც არავინ იხსენებს.

გამონაკლისია ინფორმაციის ყოფილი მინისტრი მოჰამედ საიდ ალ-საჰაფი. ამ ადამიანმა სახელი გაითქვა ყოველდღიური პრესკონფერენციებით, რომლებზეც იგი ბოლო წუთამდე ჯიუტად ირწმუნებოდა, ერაყის გულადი არმია კოალიციის ძალებს მიწასთან გაასწორებდა. მაშინაც კი, როცა ამერიკელთა ტანკები მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით იდგნენ, მინისტრი წარბშეუხრელად იმეორებდა, ამერიკელები ბაღდადში ჯერ არც შემოსულანო.

რამდენიმე დღით ადრე ალ-საჰაფი ასევე უარყოფდა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სადამ ჰუსეინის სახელობის აეროპორტის აღების ფაქტს: რის აეროპორტი, რა აეროპორტი, ეს ყველაფერი ვიღაცის მონაჩმახიაო.

[მოჰამედ საიდ ალ-საჰაფის ხმა]

მოჰამედ საიდ ალ-საჰაფს სახელი სწორედ ასეთმა განცხადებებმა გაუთქვა. მაგრამ მისი პოპულარობა კომიკურად არის შეფერილი: უტყუარი ფაქტების ჯიუტმა უარყოფამ და აშკარად ნათამაშებმა ოპტიმიზმმა ალ-საჰაფს, "ქიმიური ალის" ანალოგიით, მეტსახელი "კომიკური ალი" შესძინა (ალბათ გახსოვთ, რომ "ქიმიურ ალიდ" ჟურნალისტებმა მონათლეს სადამ ჰუსეინის ბიძაშვილი ალი ჰასან ალ-მაჯიდი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1988 წელს ათასობით ერაყელი ქურთი მომწამლავი გაზით გამოასალმეს სიცოცხლეს).

თუმცა, ისევ "კომიკურ ალის" დავუბრუნდეთ. 8 აპრილს, როცა ამერიკელთა ტანკები იქვე, მდინარის გადაღმა იდგნენ, ალ-საჰაფი დახოცვით ემუქრებოდა დამპყრობლებს: მათ აქვე, ერაყში გავუთხრით საფლავებსო.

[მოჰამედ საიდ ალ-საჰაფის ხმა]

ალ-საჰაფის ქომაგთა სამწუხაროდ, ბაღდადის დაცემის შემდეგ იგი აღარავის უნახავს. მაგრამ მისი სახელი დავიწყებას არ მისცემია. მეტიც, ზოგიერთი გამჭრიახი საქმოსნისთვის იგი ფულის შოვნის საუცხოო წყაროდაც კი იქცა. სათამაშოების მწარმოებელმა ერთმა კომპანიამ უკვე გამოუშვა მოლაპარაკე თოჯინა, რომლის სახელია "დეზინფორმაციის მინისტრი" და რომელიც წამდაუწუმ, რიხიანად იმეორებს ყოფილი მინისტრის ყველაზე გახმაურებულ განცხადებებს.

საინტერნეტო მაღაზია "eBay" მყიდველებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ჭიქებსა და კათხებს ალ-საჰაფის გამოსახულებით და მისი "საუკეთესო" გამონათქვამების აუდიოკოლექციას. ინტერნეტში შეიქმნა საგანგებო ვებგვერდი www.welovetheiraqiinformationminister.com, რომელზეც ალ-საჰაფი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ცნობილი ბრძოლების მონაწილედ გვევლინება და დამარცხებული მხარის სახელით გვიმტკიცებს, ყველაფერი საუცხოოდ მიდისო.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი კეთლინ ნოქსი ტელეფონით ესაუბრა კომპანია "რაივალს დიჯიტალ მედიის" თანამშრომელს ელიზაბეთ რაიანს, რომლის ფირმა დიდი წარმატებით ყიდის ალ-საჰაფის გამოსახულებიან მაისურებს წარწერით: "სიტუაციას ჩვენ ვმართავთ!"

[ელიზაბეთ რაიანის ხმა] "ხუთი ათასზე მეტი ასეთი მაისური გავყიდეთ. რა წუთშიც ამ საქმით პრესა დაინტერესდა, ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ბევრი დაიწერა ბრიტანეთის პრესაში, ინტერესი გამოიჩინა სი-ენ-ენმაც, სამხრეთი აფრიკის რამდენიმე რადიოსადგურმა და, წარმოიდგინეთ, ინდოეთის პრესამაც კი. იყო ინტერესი საფრანგეთშიც. მოკლედ, ჩვენმა მაისურებმა ქვეყანა მოიარა. თავიანთი თანამშრომლებისთვის, სახუმაროდ, რამდენიმე მაისური შეიძინეს სკაი ნიუსმა და ბი-ბი-სიმ."

ერაყის ინფორმაციის ყოფილი მინისტრის ყველაზე დიდ ქომაგს მაინც ბრიტანეთის გაზეთმა "ობზერვერმა" მიაგნო: ეს გახლავთ ალ-საჰაფის ვაჟი ოსამა, რომლის მტკიცებით, მამამისი "კარგი კაცი" და "გულისხმიერი ადამიანია". მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა კარგი და გულისხმიერი იყოს ადამიანი, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს ინფორმაციის მინისტრად ემსახურებოდა?

ალ-საჰაფის გვარს ვერ შეხვდებით ვაშინგტონის მიერ შედგენილ 55-კაციან სიაში, რომელშიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის ყველაზე სასტიკი წარმომადგენლები შედიან. რამდენადაც ცნობილია, მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ადამიანთა ხოცვა-ღლეტასა თუ წამებაში. მაგრამ რასაც ალ-საჰაფის ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან - ანუ ისინი, ვინც 60-იან წლებში მასთან ერთად მუშაობდა ერაყის რადიოში - მის მიმართ კაცს კეთილად ვერ განაწყობს. ალ-საჰაფის ყოფილ თანამშრომელთა შორის არის ჩვენი კოლეგა, რადიო "თავისუფალი ერაყის" დირექტორის მოადგილე კამრან ალ-ყარადაღი:

[კამრან ალ-ყარადაღის ხმა] "ის ჯოხით ხელში დადიოდა და, თუ რამე არ მოეწონებოდა, ხალხს სცემდა. მერე, როცა გენერალური დირექტორი გახდა, ამ ჯოხით კიდევ უფრო მეტი ხალხის ცემა დაიწყო. ზოგჯერ, მაგალითად, მსახიობებს სცემდა. მახსოვს, მაშინ რადიოს რუსულ სამსახურში ვმუშაობდი. ზოგჯერ, ეზოდან ყვირილს რომ გავიგონებდით, ფანჯარაში გავიხედავდით და დავინახავდით ალ-საჰაფს, რომელიც მორიგ მსხვერპლს დასდევდა და ჯოხს ურტყამდა."

როგორც კამრან ალ-ყარადაღიმ გვითხრა, ერთ-ერთმა ასეთმა ჯოხით ნაცემმა მსხვერპლმა მოგვიანებით კულტურის მინისტრის სავარძელი დაიკავა, თავად ალ-საჰაფი კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

ამ რამდენიმე დღის წინათ ირანის გაზეთებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მოჰამედ საიდ ალ-საჰაფმა თავი მოიკლა. მაგრამ როგორც ამერიკელმა გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა განაცხადა, ეს ცნობა დადასტურებული არ არის.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ეჭვს არ იწვევს: თუ ალ-საჰაფი ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა, პოლიტიკოსის თუ არა, კომიკოსის კარიერა მას განაღდებული აქვს.
XS
SM
MD
LG