Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში


საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში

შექმნილი პოლიტიკური ბლოკების ლიდერები გვპირდებიან, რომ უახლოეს ხანში მათ "პოპულარული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები" შეუერთდებიან. "პოპულარულმა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა" პოლიტიკოსებმა, მეტ-ნაკლებად, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და თავიანთი პარტიებითურთ ამა თუ იმ ბლოკის წევრები გახდნენ. ქართველმა ბიზნესმენებმაც, მათსავე სიტყვებს თუ გავიხსენებთ, "უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია". ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელისუფლო და ოპოზიციური "ელიტა" "კარგად ნაცნობ" ადამიანებში ჯერჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილ კულტურის მუშაკებს გულისხმობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ იწყება ვაჭრობა საქართველოს ინტელიგენციასთან, რომელსაც სახელი არა ერთხელ გაუტეხია, არაერთხელ გაყიდულა "იაფად", მაგრამ "პოპულარულის" ეს "იმიჯი" მაინც არ დაუკარგავს. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ქართული
საზოგადოება "გულღვარძლიანობით" არასდროს გამოირჩეოდა, ბოღმას დიდხანს არ ინახავდა გულში; ან იმიტომ, რომ თანამედროვე საქართველოში "კულტურის სივრცე" საკმაოდ ვიწროა, "პოპულარული ინტელიგენტი" ბევრი არა გვყავს, ე.ი. პრინციპი "ვირჩევ იმას, ვინც უფრო პატიოსანია" და, თუნდაც, პრინციპი "ვირჩევ იმას, ვინც უფრო ნიჭიერია" დღეს თითქმის მოძველებულად ითვლება. ასეთი ვითარება როგორც სახელისუფლო ბლოკებს, ასევე ოპოზიციას საშუალება აძლევს "გაილამაზოს" საარჩევნო სიები ინტელიგენციის წარმომადგენლებით, თუკი, რა თქმა უნდა, იმას მისცემს, რაც ჟანგბადივით სჭირდებათ კულტურის მუშაკებს - ტრიბუნას...ანუ, დააფინანსებს კონცერტებს, დაუბეჭდავს წიგნებს, მოუწყობს გამოფენებს, გადააღებინებს ფილმებს. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილის აზრით, აღებ-მიცემის ეს პრინციპი, განსაკუთრებით არჩევნების წინ, დღეს მთელ მსოფლიოში მოქმედებს, ამიტომ არჩევნების წინ ინტელიგენციის არცთუ ისე გულწრფელი "პოლიტიკური სვლები" ქართულმა საზოგადოებამ მტკივნეულად არ უნდა აღიქვას. პრინციპი "აიღე-მიეცი" ადამიანის ბუნებას, მის სისუსტეს გამოხატავს და დადასტურებულია შესაბამისი ექსპერიმენტებით. ერთ-ერთ ასეთ ექსპერიმენტს, რომელიც შეერთებულ შტატებში განხორციელდა, დიმიტრი ნადირაშვილიც იხსენებს.



[დიტო ნადირაშვილის ხმა]: "კრიშნაიტები ხვდებიან აეროპორტში უცნობებს, რომლებიც ჩამოვიდნენ... მიზანი ასეთია, მიიღონ შემონაწირნი ამ ადამიანებისგან იმისთვის, რომ გაზარდონ თავიანთი კონფესია, გააძლიერონ თავიანთი რელიგიური ორგანიზაცია - აძლევენ ყვავილს და შემდეგ სთხოვენ "შემონაწირს". აღმოჩნდა, რომ ძალიან უხერხულია, რომ უარი უთხრას ამ ადამიანმა ასეთ თხოვნას. ანუ პირდაპირ რომ სთხოვოს, უარს მიიღებს, მაგრამ თუკი ამ ტაქტიკას გამოიყენებს - ჯერ თვითონ აჩუქებს ყვავილს და შემდეგ სთხოვს შემონაწირს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ეფექტურია."

ტრადიციულად, კულტურის მუშაკები ალტრუისტებად ითვლებიან. ყოველ შემთხვევაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მშვენიერებას, სიკეთეს ემსახურება, ბუნებით ლიბერალია და უარის თქმა უჭირს. პოლიტიკოსებმა ეს კარგად იციან, ისევე როგორც კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიურ მექანიზმში, რომელიც აღებ-მიცემის დროს ამოქმედდება ხოლმე. კრიშნაიტების ამბავს დიმიტრი ნადირაშვილი ასე განმარტავს:

[დიტო ნადირაშვილის ხმა]: "პირველი ეტაპია, რომ გაუღიმებს, მიიღებს ამ ყვავილს, მერე მოუსმენს ამ თხოვნას, ძალიანაც რომ არ უნდოდეს, მაინც იდებს ჯიბეში ხელს, ამოიღებს ფულს და აძლევს - თითქოს "დაგიპნოტიზირებულია", ეს ადამიანი ისე იქცევა."

სიტყვა "კულტურა" ლათინურად "დამუშავებას" ნიშნავს... და თუ კულტურა "ამუშავებს" საზოგადოებას, ანუ მის მანიპულაციას ეწევა, რა გასაკვირია, რომ პუბლიკაზე ზემოქმედების ყველა ინსტრუმენტს მშვენივრად ფლობს კულტურის მოდერნიზებული ფორმა "შოუ-ბიზნესი". დიმიტრი ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული მარკეტინგი" დღეს დასავლურ სტანდარტებს უახლოვდება, ყოველ შემთხვევაში, კულტურის სფეროში მაინც... და კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს:


[დიტო ნადირაშვილის ხმა]: "ჰარი პოტერი" როცა რეკლამირებული იყო "რუსთავი 2"-ის ტელევიზიით, შემდგომ კარგა ხნის განმავლობაში არ იყიდებოდა. დადიოდნენ მშობლები და კითხულობდნენ, "სად არის "ჰარი პოტერი"... ამ დროს, სამაგიეროდ, მისული ადამიანი, რომელმაც დახარჯა დრო, ენერგია, ყიდულობდა სხვას და როცა "ჰარი პოტერი" გამოვიდა, მერე ეს წიგნიც იყიდეს... "ავტომატური თანმიმდევრობა ხშირად იწვევს ასეთ შეცდომებს."

გამოდის, რომ ქართული საზოგადოება დღეს "ავტომატური თანმიმდევრობის" პრინციპით ცხოვრობს... "ავტომატური თანმიმდევრობა" შეიმჩნევა კულტურულ პოლიტიკაშიც, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და ბლოკები, მათ შორის, ოპოზიციური ბლოკები ახორციელებენ. "ჰარი პოტერის" რეკლამის არ იყოს, საზოგადოებას მაღალ კულტურულ ფასეულობებზე ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა, მაგრამ "აფინანსებს" დიამეტრულად განსხვავებულ კულტურას, პოპულარულს ხდის შოუ-ბიზნესის სწორედ იმ მოღვაწეებს, რომელთა "გადაბირება" საკმაოდ ადვილი... და, რაც მთავარია, იაფია.

ასე რომ, გაზაფხულზე, ზაფხულში და, განსაკუთრებით, შემოდგომაზე, როცა წინასაარჩევნოდ საზოგადოების "დამუშავება" დაიწყება, კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნება გარანტირებული გვექნება. ადრეულ გაზაფხულზე კი დედაქალაქის კულტურული აფიშა საკმაოდ "აპოლიტიკურად" გამოიყურება. სრულიად აპოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, მაგალითად, გასული კვირის კულტურული ცხოვრების მთავარ მოვლენას - ზურაბ ანჯაფარიძის საიუბილეო საღამოს, რომელიც ოპერის თეატრში გაიმართა. ამ საღამოსთვის მოსკოვიდან სპეციალურად ჩამობრძანებულმა სტუმრებმა, დიდი თეატრის სოლისტებმა ვლადისლავ პიავკომ და მაყვალა ქასრაშვილმა, აღარაფერი თქვეს რუსეთ-საქართველოს "მარადიულ მეგობრობაზე" და იმაზე, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიტიკოსები "სიყვარულში" ქართველ და რუს ინტელიგენტებს. საბედნიეროდ, ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნის საღამო მიეძღვნა მხოლოდ და მხოლოდ მუსიკას და ანჯაფარიძის უნიკალურ ხმას, რომელსაც ოპერის ნიუანსებში სრულიად გაუთვითცნობიერებელი მსმენელიც იცნობდა
[ხმა. ზურაბ ანჯაფარიძე]

"ყოველ ადამიანს აქვს თავისი მიზანი, თავისი სიყვარული. ჩემი მიზანი, ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო სიმღერა," - უთქვამს ოდესღაც ზურაბ ანჯაფარიძეს.

საეჭვოა, რომ დიდი ქართველი მომღერლის ეს სიტყვები, როცა საქართველოში წინასაარჩევნო მზადება დაიწყება და საარჩევნო სიები ინტელიგენციის წარმომადგენლებით "გალამაზდება", კიდევ გაახსენდეს ვინმეს. საარჩევნოდ ქართული კულტურის მუშაკები, "პოპულარული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები" აუცილებლად ილაპარაკებენ ხელოვანის მოვალეობაზე, მის მოქალაქეობრივ პოზიციაზე, საქართველოზე "შევარდნაძით" ან "შევარდნაძის გარეშე". ამომრჩეველს უკვე აქვს ამის გამოცდილება. მაგრამ ამომრჩეველი გულში ბოღმას არ ატარებს, იგი "ავტომატური თანმიმდევრობის" პრინციპით ცხოვრობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG