Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის ძირითადი მიზანი


საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა წლითიწლობით სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამას განაპირობებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა, კერძოდ კი,

სწრაფვა უსაფრთხოების დასავლური სისტემებისკენ და მონაწილეობა რეგიონალურ თუ საერთაშორისო მასშტაბის ეკონომიკურ პროექტებში. საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

უკრაინაში საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ შევარდნაძის მეთაურობით, 22 აპრილს გაემგზავრება, მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენების ფართო შემადგენლობით. დელეგაციის ასეთი შემადგენლობა ცხადყოფს, რომ უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებათა მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობები იქნება. ბოლო 3 წლის მანძილზე შესამჩნევად იმატა უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ. თუ იგი 1999 წელს 47 მილიონს შეადგენდა, 2002 წელს 68 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უკრაინაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, მზადდება ახალი პროექტები, რომელთა წყალობითაც უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის კაპიტალბრუნვა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში გრიგოლ ქათამაძემ თქვა:
[ქათამაძის ხმა] „აქ საუბარი არის როგორც საქართველოდან, ასევე უკრაინიდან პროდუქციის მოწოდების გაზრდაზე. არის ასევე საერთაშორისო პროექტები, კონკრეტულად მე მხედველობაში მაქვს ენერგომატარებლების მოძრაობა საქართველოდან უკრაინის ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით, ოდესა ბროდი."

ეს პროექტი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გაგრძელებას წარმოადგენს და მისი რეალიზების შემთხვევაში კასპიური ნავთობი - პერსპექტივაში კი ყაზახეთის ნავთობიც - შუა ევროპამდე, პოლონეთამდე, მიაღწევს.

ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, არის პოლიტიკური თემებიც, რომელთა შესახებ უკრაინის პოზიცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
უპირველეს ყოვლისა კი, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში უკრაინის ჩართვის პერსპექტივები. როგორც ცნობილია, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებს ჩაენაცვლოს. თუმცა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, უკრაინისვე კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი, ამ შემთხვევაში კი - გაეროს მანდატი. რუსეთის მშვიდობისმყოფელები კი აფხაზეთში მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნებართვით იმყოფებიან.

უკრაინა გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური როლი ითამაშოს აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესშიც. საქართველოს მიერ გამოთქმულ ინიციატივას უახლოს მომავალში ჩატარდეს აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მონაწილეობით, უკრაინა პირველი გამოეხმაურა. გრიგოლ ქათამაძის განცხადებით:
[ქათამაძის ხმა] „უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ამ იდეას და, უფრო მეტიც, განაცხადა, რომ მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ კონფერენციის ორგანიზებაში და, უფრო მეტიც, რომ ეს კონფერენცია ჩატარდეს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება განხილული პრეზიდენტების შეხვედრისას."

არის სხვა საკითხები, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რომელსაც საქართველოს დელეგაცია კიევში ორდღიანი ვიზიტის დროს თავის უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე განიხილავს.
XS
SM
MD
LG