Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული თანხმობის დარბაზმა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების კონცეფცია გამოაქვეყნა. დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება


საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა სათათბირო ორგანომ, ეროვნული თანხმობის დარბაზმა, თავის ერთ-ერთ მორიგ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების კონცეფციის

სახელით ცნობილ დოკუმენტს, დარბაზის ხელმძღვანელთა თქმით, 100-მდე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაცია უჭერს მხარს. კონცეფციის არსი კონფლიქტის მოწესრიგების მიმდინარე ოპერაციის ფორმატისა და მანდატის შეცვლაში მდგომარეობს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად საგულისხმოა კონცეფციის პირველი მუხლი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ვალდებულებები და შეთანხმებები, რომლებიც აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებას ითვალისწინებდა და არ შესრულდა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული თანხმობის დარბაზის მიერ მომზადებული კონცეფციის გამოქვეყნება დროში სეპარატულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური გადაჯგუფებების აქტიურ ფაზას დაემთხვა. თვითმარქვია აფხაზეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ- მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ ორ კვირაში ახალი მთავრობის პერსონალური შემადგენლობა უნდა წარადგინოს. ამთავითვე შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ პრემიერი მთავრობას "ამცახარას" წევრებით - ძირითადად, ნაომარი ადამიანებით - დააკომპლექტებს და აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილების პროცესს უალტერნატივოდ გამოკვეთილ სახეს მისცემს. ქართულ-აფხაზურ ომში ქართველთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული და მოგვიანებით აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნული რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლ ადამიანადაა ცნობილი. ამ კონტექსტში მისთვის მიუღებელია აფხაზეთის არათუ საქართველოს, რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებაც კი. ამდენად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რაულ ხაჯიმბა, წინამორბედებისგან განსხვავებით, ხისტ პოლიტიკას გაატარებს და მასთან მოლაპარაკებები რთული იქნება, იმის მიუხედავადაც კი, რომ დღეისათვის აფხაზეთი რეალურად სამოქალაქო ომის საშიშროების პირობებში ცხოვრობს. მეორე მხრივ, ამ სიხისტესაც აქვს პლიუსები და მათზე აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი მიუთითებს:
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა]"ახლა ჩვენ გვექნება საქმე უკვე ძალიან გამოკვეთილი პოზიციის ხალხთან და მე ამას მივესალმები. თუკი ჩვენ გვინდა რაღაცის გაკეთება, ჩვენ პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. ჩვენ, ქართველები, ვამბობთ, თუნდაც ყველა არა, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი სახელმწიფო და აფხაზეთი უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი."
სხვა სიტყვებით, რაულ ხაჯიმბასა და, ზოგადად, აფხაზ სამხედროთა ხელისუფლებაში მოსვლა თამაზ ნადარეიშვილს აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების პროპაგანდას უადვილებს. სხვათა შორის, კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერ ფორმებზეა ლაპარაკი ეროვნული თანხმობის დარბაზის მიერ მომზადებულ კონცეფციაშიც. ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების რესურსი ბოლომდე ამოიწურება, ანუ აფხაზური მხარე უარს იტყვის პირდაპირ მოლაპარაკებებზე. კონცეფციის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია ასევე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მებრძოლთა უპირობო ამნისტია და მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან ყოფილ მეომართა მონაწილეობა. საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი სახელმწიფოები ამ პროცესებში მხოლოდ არბიტრის როლს შეასრულებენ. კონფლიქტს კი ამოწურავენ მხარეები, ანუ "ჩვენ თვითონ", რისთვისაც ზუგდიდში, სენაკში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში დარბაზის ინიციატივით დაფუძნდა სახალხო მოძრაობა, სახელწოდებით "ჩვენ თვითონ". თვითონ დარბაზს აქტიურ პოლიტიკაში მხოლოდ პასიური მონაწილეობა შეუძლია, მის მიერ შექმნილი კონცეფციაც, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტი ვერ იქნება. ასეთ ვითარებაში "ჩვენ თვითონ", სავარაუდოდ, მხოლოდ წინასაარჩევნო სცენარში მოექცევა.
XS
SM
MD
LG