Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკება


პარასკევს პეკინში დამთავრდა ჩინეთის, აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის სამდღიანი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების შესახებ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის შემდეგ საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა. სამინისტროს პრეს-მდივნის, ლიუ ძიანჩაოს თქმით, [ძიანჩაოს ხმა] "ყველა მხარემ გამოხატა საკითხის მშვიდობიანად მოგვარების სურვილი. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ განაგრძობს ერთმანეთის პოზიციების შესწავლას და დიპლომატიურ კონტაქტებს პეკინის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად."

ამ განცხადებისაგან განსხვავებით, დამაიმედებელს ნამდვილად ვერ უწოდებ ცნობას, რომლის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ პეკინის მოლაპარაკებაზე გამოაცხადა, რომ უკვე ფლობს ბირთვულ იარაღს. ეს, იაპონელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ. მაგრამ შეიძლება ერთგვარ მინიშნებად მივიჩნიოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის საკმაოდ მკვახე განცხადება, რომლითაც ის ოთხშაბათს გამოვიდა: [პაუელის ხმა] "ჩრდილოეთი კორეის დელეგაციას პეკინის მოლაპარაკებებიდან ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეს, თითქოს აშშ და მისი პარტნიორები, თუ რეგიონის სხვა ქვეყნები დაშინებული იყვნენ აგრესიული განცხადებებით, მუქარით, ან მოქმედებით, რომელიც მისი (ფხენიანის) აზრით, მისდამი ყურადღებას გაზრდის, ან ჩვენ გვაიძულებს, წავიდეთ დათმობებზე, რომელზეც სხვაგვარად არ წავიდოდით."

მაგრამ პეკინის მოლაპარაკების შედეგების შეფასება მაინც ნაადრევი ჩანს. კოლინ პაუელმა, განცხადების კატეგორიული კილოს მიუხედავად, დაადასტურა ვაშინგტონის მისწრაფება კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ. ფხენიანის პოზიციაში კი, ტრადიციისამებრ, ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები გამოიკვეთა: მან ერთი მხრივ, როგორც ჩანს, თავი "მოიწონა" ბირთვული პოტენციალით, მეორე მხრივ კი აღნიშნა, რომ "გაბედული წინადადება" შესთავაზა მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს.

იმის გასარკვევად, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ფხენიანი "გაბედული წინადადებით", ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჯერემი ბრანსტენი ტელეფონით დაუკავშირდა კორეის გერმანელ ექსპერტს, ტრირის უნივერსიტეტის თანამშრომელ სებასტიან ჰარნიშს. [ჰარნიშის ხმა] "ახლა ძალიან ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს ეს "გაბედული" მიდგომა. შესაძლოა ჩრდილოეთკორეელებს ამით სურდეთ დაარწმუნონ რეგიონის ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიო თანამეგობრობა, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ საამისოდ არ არის მზად აშშ და ის ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას."

ასე, რომ "დიდი მანევრები" გრძელდება და მათში გარკვევა ექსპერტებსაც უჭირთ. თუმცა, ერთი რამ ნათელი ჩანს: აქვს თუ არა ფხენიანს ატომური ბომბი იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, რამდენადაც მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ფხენიანმა მომავალ თვეებში ასეთი იარაღის მარაგი შექმნა, შესაძლოა ის სხვა ქვეყნებს, ან ტერორისტულ ორგანიზაციებს მიჰყიდოს. ყველაზე დიდი შეშფოთებას, სწორედ ეს პერსპექტივა იწვევს.
XS
SM
MD
LG