Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად სანდოა აშშ-ის დაზვევრის ინფორმაცია ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ?


ერაყში ომის დაწყებამდე ხშირად იყო საუბარი მასობრივი განადგურების იარაღზე, რომელსაც, აშშ-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით,

სადამ ჰუსეინის რეჟიმი ფლობდა და რომელიც თითქოს საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო თანამეგობრობას. მაგრამ ომის დაწყებიდან, აგერ, თვეზე მეტია გასული, ერაყში კი მასობრივი განადგურების იარაღი, ან მისი უტყუარი კვალი, ჯერაც არ აღმოუჩენიათ. იბადება კითხვა: რამდენად სანდოდ უნდა მივიჩნიოთ აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სადამ ჰუსეინის ხელში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსებობის შესახებ, ანუ ინფორმაცია, რომელიც ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა? ამ საკითხის გარკვევას ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი შეეცადა.

თავის მასალაში ენდრიუ ტალი ჯერ შეგვახსენებს ნაწყვეტს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოხსენებიდან "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ", რომლითაც ის თითქმის სამი თვის წინათ, 28 იანვარს გამოვიდა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, სადამ ჰუსეინის ხელთ არის მასალა, საკმარისი 500 ტონა სარინის, მდოგვისა და VX-ის ტიპის ნერვული გაზის დასამზადებლად. ამ რაოდენობის ასეთ ქიმიურ ნივთიერებებს ურიცხვი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეუძლია. სადამს ამ მასალის შესახებ ანგარიში არავისთვის ჩაუბარებია. მას არ წარმოუდგენია სამხილები მათი განადგურების შესახებ."

ასეთივე შინაარსის განცხადება მოგვიანებით, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც გააკეთა. ინფორმაციის დანარჩენი დეტალები არც მას და არც ბუშს არ გაუმხელიათ დაზვერვის უწყებების ეგრეთ წოდებული "წყაროებისა და მეთოდების" საიდუმლოდ დაცვის აუცილებლობაზე მითითებით. მაგრამ საქმეც ის არის, რომ დღეს ეჭვს იწვევს ამ "წყაროებითა და მეთოდებით" მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა. დაეჭვებულია, მაგალითად გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი, რომელმაც სამშაბათს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სისთან ინტერვიუში თქვა:

[ჰანს ბლიქსის ხმა] "ერთ-ერთ შემაშფოთებელ ფაქტორად ის მიმაჩნია, რომ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც მთავრობები გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნენ, დამაჯერებლობით არ გამოირჩეოდა."

ბი-ბი-სისთან ინტერვიუში ბლიქსმა გაიხსენა დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკი იყო ერაყში ნიგერიიდან ტონობით ურანის შეტანაზე. მალე გაირკვა, რომ დოკუმენტი ყალბ ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, მის გაყალბებაში ჰანს ბლიქსი არ ადანაშაულებს არც ამერიკისა და არც ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებებს და მით უმეტეს, არც კოლინ პაუელს - ვაშინგტონის ადმინისტრაციის იმ წარმომადგენელს, რომელიც ყველაზე ხშირად და ენერგიულად ადანაშაულებდა სადამ ჰუსეინს აკრძალული იარაღის ფლობაში.

კოლინ პაუელის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება არც დაზვერვის დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელს საიმონ სერფატის. "თებერვალში, გაეროს უშიშროების საბჭოში კოლინ პაუელის გამოსვლამ დამარწმუნა, რომ ერაყს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღიო", აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა ჩვენს ვაშინგტონელ თანამშრომელთან საუბარში:

[საიმონ სერფატის ხმა] "სახელმწიფო მდივნის პოზიციამ დამარწმუნა. თვითონ პაუელი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ინფორმაცია, რომელსაც გაეროს აცნობდა, სარწმუნო საბუთებს ეყრდნობოდა, რომ ეს საბუთები მისთვის, ვფიქრობ, მხოლოდ ყურმოკვრით არ იქნებოდა ცნობილი. ამიტომ, ჩემი აზრით, პაუელი (სხვებიც, მაგრამ განსაკუთრებით მაინც პაუელი) დიდი გულისყურით მოეკიდებოდა სამხილების წარმოდგენას."

სერფატის თქმით, ვაშინგტონი უკვე რამდენიმე წელია, ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას - დამაჯერებელ, კონკრეტულ სამხილებს - ერაყში აკრძალული იარაღის არსებობის შესახებ, მაგრამ მთავრობა აქამდე საჭიროდ არ მიიჩნევდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. ასე იყო 2001 წლის 11 სექტემბრამდე, რომელმაც, სერფატის აზრით, ვაშინგტონის პოზიცია შეცვალა.

მაგრამ მისი კოლეგა, სამხედრო ექსპერტი ენტონი კორდსმენი სკეპტიკურად აფასებს ამერიკის დაზვერვის მიერ ერაყის შესახებ მოპოვებული საბუთების სარწმუნოობას.

[ენტონი კორდსმენის ხმა] "თითოეული სამხილი ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს. ხშირად ხელში გივარდება სავსებით სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა იღებ მინიშნებებს, არასრულ ინფორმაციას და არ იცი, რამდენად სარწმუნოა იგი. ერთმანეთში ურევ გაეროსა და შეერთებული შტატების მონაცემებს: ჰქმნი სადაზვერვო ინფორმაციის ერთგვარ მოზაიკას."

რაც შეეხება ჯორჯ ბუშის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ერაყში ტონობით სარინისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის შესახებ - ბუშის განცხადება საუბრის დასაწყისში მოგასმენინეთ - ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ინფორმაცია, შესაძლოა, ეყრდნობოდა გაეროს განიარაღების ექსპერტთა ანგარიშს ერაყში 90-იან წლებში მიკვლეული მასალების შესახებ. მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჯორჯ ბუშს მოხსენება მოუმზადა, შეიარაღებისა თუ დაზვერვის საკითხებში არასაკმარისი კომპეტენციის გამო, ეს ინფორმაცია, იმავე კორდსმენის ვარაუდით, შესაძლოა, განსხვავებული კუთხით წარმოაჩინეს.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ ერაყის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციას და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებსაც გამოთქვამენ. დაბეჯითებით ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვაშინგტონი ემზადება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძებნის ხანგრძლივი, რთული პროცესისთვის. თუმცა, გამორიცხული არ არის, მას ეს საქმე ერაყელ მეცნიერებთან თანამშრომლობამ გაუადვილოს.
XS
SM
MD
LG