Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და რუსი მესაზღვრეების რეალური და ვირტუალური თანამშრომლობა


შარშან დეკემბერში ჯერ ერევანში, ხოლო შემდგომ თბილისში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობის საფუძველი შექმნა.

მაგრამ ჯერჯერობით ორი ქვეყნის მესაზღვრეთა მთავარი ყურადღება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთისკენ არის გადატანილი. თანაც ყველაზე უცნაური ამ თანამშრომლობაში ისაა, რომ ცალ-ცალკე ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ საზღვრის დარღვევა სწორედ მეზობელი ქვეყნიდან არის მოსალოდნელი.

პანკისში ანტიკრიმინალური ღონისძიებების ახალი ფაზის დაწყების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს არაერთხელ ითქვა, რომ გაზაფხულის მოახლოებისთანავე ოპერატიული ვითარება საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე გაუარესდებოდა.

ახლა კალენდარზე სწორედ შუაგული გაზაფხულია. დიდმა თოვლმა, რომელიც საქართველოს ბუნებრივ მოკავშირედ ითვლება, კარგა ხნის წინ იწყო დნობა კავკასიონის ქედზე. არადა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე პროფილაქტიკური ხასიათის ცვლილებას, სახელმწიფო საზღვრები კვლავაც ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც ადრე.

სამაგიეროდ, როგორც ოფიციალურ პირებს უყვართ თქმა, ძლიერდება მესაზღვრეების თანამშრომლობა სასაზღვრო საგუშაგოებზე. 18 მარტს ქართველმა და რუსმა მესაზღვრეებმა ვირტუალური მოწინააღმდეგის წინაშე ერთობლივი მოქმედების შესასწავლად ჯერ დაღესტანში გამართეს მოთელვა, ახლა კი ჯერი მიდგა ვლადიკავკაზზე, სადაც კვირის დასაწყისში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კორნელი სალია გაემგზავრა რუს კოლეგასთან გენერალ პუტოვთან შესახვედრად.
საქართველოს სასაზღვრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის შალვა ლონდარიძის განცხადებით, ვლადიკავკაზში გაიმართება კონფერენცია, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმნილი ვითარების ანალიზს მიეძღვნება. 30 აპრილს კი შეხვედრის მონაწილეები ომალოსკენ, საქართველოს ტერიტორიაზე, გადმოინაცვლებენ.

[შალვა ლონდარიძის ხმა] "და იქაც იქნება შეჯერება იმ ინფორმაციის, რომელიც დღეისათვის გააჩნია ორივე მხარეს. ჩვენი ინფორმაციით, გაზაფხულსა და ზაფხულში არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პროვოკაციები დაიგეგმოს. მხედველობაში გვაქვს ის რომ, ცალკეული ფორმირებები ან დაჯგუფებები შეეცდებიან გადაკვეთონ სახელმწიფოს საზღვარი გარკვეული მიმართულებით."

აქ საყურადღებოა გავიხსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რაც არაერთ საჯარო გამოთქმაში დაფიქსირდა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განცხადებით, თუ რუსეთის მხარე ერთობლივი ოქმით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, სახელმწიფო საზღვარზე ოპერატიული რეჟიმის დაცვა გაიოლდება. ქართველი მესაზღვრეები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ჩდილოეთის მიმართულებით დაგროვილი სასაზღვრო პრობლემები ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა გამოძახილია და ამ მხრივ აქტიურობა უფრო რუსეთის მხარეს მოეთხოვება, რომელსაც იტუმ-ყალეს მონაკვეთზე 3000 კაციანი სასაზღვრო დაჯგუფება ჰყავს განლაგებული. ამას ემატება სოფელ ბორზოიში დისლოცირებული სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, უმტკივნეულოდ შეუძლიათ აღკვეთონ მოზრდილი საჯარისო ფორმირებების შემოღწევის მცდელობა საქართველოს მიმართულებით.
თავის მხრივ, რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საზღვრის დარღვევა სწორედ საქართველოს მხრიდან არის მოსალოდნელი. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში არ მალავენ, რომ ასეთი ურთიერთუნდობლობა ჯერ კიდევ დიდი დოზით არსებობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. თუმცა შექმნილი ვითარებიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალს ქართველი მესაზღვრეები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში ხედავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG