Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინი მადიკიზელა-მანდელას დაღმასვლა


იყო დრო, როცა ვინი მადიკიზელა-მანდელას

სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, როცა მას - მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული და პატივცემული ნელსონ მანდელას ყოფილ მეუღლეს - "ერის დედას" უწოდებდნენ და მასზე სიმღერებს თხზავდნენ. მაგრამ ეს იმიჯი გასულ კვირაში წარსულს ჩაბარდა - შესაძლოა, სამუდამოდ. თუ რატომ, ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" შეიტყობთ.

ვინი მადიკიზელა-მანდელას იმიჯი უკვე რა ხანია, შელახულია. გასულ კვირაში, 24 აპრილს მომხდარი მოვლენა, უბრალოდ, ბოლო და, ჯერჯერობით, უმძიმეს დარტყმად ითვლება: სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიის სასამართლომ ქურდობასა და თაღლითობაში დამნაშავედ სცნო ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე. ლაპარაკია ასეთი მოქმედების 68 შემთხვევაზე, რომელთა გამო მსჯავრდებულს არა მარტო პოლიტიკურ სარბიელთან გამოთხოვება მოუწევს: მას მისჯილი აქვს ხუთწლიანი პატიმრობა; მართალია, გასაჩივრების უფლებით, რომლითაც ვინი მადიკიზელა-მანდელა, მისივე თქმით, აუცილებლად ისარგებლებს. მაგრამ სასჯელის შემსუბუქების შემთხვევაშიც ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე რაიმე ეშველოს ერთ დროს ამ უაღრესად პოპულარული პოლიტიკოსის რეპუტაციას.

აი, რას ამბობს სამხრეთაფრიკელი პოლიტოლოგი, უიტუოტერსრანდის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ ლოჯი: [ტომ ლოჯის ხმა] "ძნელია წარმოსადგენია, უინი მანდელა ოდესმე დაუბრუნდეს გავლენიან პოზიციას სამხრეთი აფრიკის პოლიტიკაში. რა ხანია, მან 60 წელს გადააბიჯა. ხოლო მას შემდეგ, რაც საფინანსო სკანდალს უკან მოიტოვებს (ან სასჯელს მოიხდის, ან კიდევ განაჩენს წარმატებით გაასაჩივრებს), ალბათ 70-ს მიუახლოვდება. ვფიქრობ, ის დარჩება სათაყვანებელ ფიგურად თავისი ერთგული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც ის უყვარს. მაგრამ მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრებულად მიმაჩნია."

იმიჯის შელახვას ფინანსური ზარალი ემატება. ვინი მადიკიზელა-მანდელა ყველა სამუშაო ადგილის, მათ შორის პარლამენტარის სავარძლის დაკარგვით, შემოსავლის წყაროსაც კარგავს. არადა რამდენიმე სასამართლო პროცესის დაფინანსებას და თაღლითობის მსხვერპლთა ზარალის ანაზღაურებას მსხვილი თანხები ესაჭიროება. "თქვენ მრავალი წელი მხარში ედექით მთელს მსოფლიოში ყველაზე საყვარელ და პატივცემულ სახელმწიფო მოღვაწეს, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი უარესობისაკენ შეტრიალდაო", ამ ფრაზით გამოხატა ვინი მანდელასადმი დამოკიდებულებაში მომხდარი ცვლილება მოსამართლე პიტ ჯონსონმა.

უარესობისაკენ შეტრიალება ჯერ კიდევ ნელსონ მანდელას პატიმრობის წლებით თარიღდება. თუმცა, ალბათ, აჯობებს მოვლენების თანმიმდევრობა დავიცვათ: ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი 1936 წლის 26 სექტემბერს სამხრეთი აფრიკის აღმოსავლეთ პროვინციაში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ სოციალური სფეროს მუშაკის დიპლომი მიიღო, მოგვიანებით კი იოჰანესბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა. 1957 წელს მან გაიცნო აპარტეიდის მოწინააღმდეგე წამყვანი ორგანიზაციის, "აფრიკის ეროვნული კონგრესის" აქტივისტი, ნელსონ მანდელა, რომელზეც მომდევნო წელს დაქორწინდა კიდეც. მაგრამ დისიდენტის ოჯახს მშვიდი ცხოვრება არ დასცალდა: 1964 წელს ნელსონ მანდელას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელმაც, მართალია, სამუდამოდ არა, მაგრამ, მოგეხსენებათ, დიდხანს - 1990 წლამდე გასტანა. ვინი მანდელა კი სწორედ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ ჩაება პოლიტიკაში, უფრო ზუსტად, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც მას დიდი ავტორიტეტი მოუხვეჭა არა მარტო შავკანიან თანამემამულეებს შორის, არამედ უცხოეთშიც.

ვინი მანდელა არაერთხელ დაუპატიმრებიათ და გადაუსახლებიათ; ცნობილია მისი სახლის დაწვის შემთხვევაც. იმავდროულად, რაც უფრო მატულობდა რეპრესიები, მით უფრო ფართო პოპულარობას იხვეჭდა ნელსონ მანდელას გაბედული მეუღლე, მით უფრო იზრდებოდა მისი გავლენა სამხრეთაფრიკელი ღატაკების უბნებში... და ვინი მანდელა, როგორც ჩანს, სწორედ ამ გავლენიან პოზიციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ვერ გაუმკლავდა: მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც უწყინარი სახელწოდებით "მანდელას საფეხბურთო კლუბი" იყვნენ ცნობილი, ჯერ, ფაქტობრივად, ვინის პირადი მცველები გახდნენ, შემდეგ კი ერთგვარი "დამსჯელი რაზმის" რეპუტაცია შეიძინეს. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს, პოლიციასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ შავკანიანებს, და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც მკვლელობაზე იხევდნენ უკან.

1989 წელს 14 წლის ბიჭუნას, სტომპი სეიპეის სიკვდილმა უკვე საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია: "აფრიკის ეროვნული კონგრესის" ლიდერებმა, მანამდე ვინი მანდელას ერთგულ თანამებრძოლებად რომ ითვლებოდნენ, ის ბიჭუნას მკვლელების წაქეზებაში დაადანაშაულეს. ბრალდებას 2 წელიწადში მოჰყვა სასამართლო პროცესი, რომლის შედეგად ვინი მანდელა დამნაშავედ სცნეს ადამიანის გატაცებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მართალია, მას სასჯელი არ მოუხდია (სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ფულადი ჯარიმით შეცვალა), მაგრამ ვინი მანდელას იმიჯს სერიოზული ბზარი გაუჩნდა. არა მარტო 14 წლის ბიჭუნას ტრაგიკული სიკვდილის გამო - პატიმრობიდან ნელსონ მანდელას გათავისუფლების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და 1996 წელს განქორწინებით დამთავრდა. მას შემდეგ ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე თავს ვინი მადიკიზელა-მანდელას უწოდებს.

შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა განქორწინებას ვინი მანდელას პოლიტიკური კარიერისათვის, პროფესორმა ტომ ლოჯმა მიპასუხა: [ტომ ლოჯის ხმა] "ჩემი აზრით, შედეგები იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბევრს ჰგონია. ვფიქრობ, მათი ცოლ-ქმრობა ვინის ცხოვრებას ერთგვარ საორგანიზაციო ჩარჩოს, დისციპლინას აძლევდა, რაც პოლიტიკოს ქალს განქორწინების შემდეგ დააკლდა. და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ განქორწინების შემდეგ უინი მანდელამ შემოიკრიბა საკმაოდ უცნაური ადამიანები, რომლებიც მისთვის ცუდი მრჩევლები გამოდგნენ".

შესაძლოა, ამ უხეირო მრჩევლების გავლენით, ვინი მადიკიზელა-მანდელა ბოლო წლებში ფუფუნებას მიეჩვია: ის მუდამ ძვირფას ტანისამოსში იყო გამოწყობილი, უარს არც ფეშენებელურ ვილასა და უცხოურ ავტომანქანებზე ამბობდა. მაგრამ თუ პოლიტიკური ოპონენტები აღშფოთებას ვერ მალავდნენ "ერის დედად" განდიდებული ქალის ცხოვრების სტილით ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თვით ღატაკებს შორის ვინი მანდელას ტრადიციული პოპულარობა არასოდეს განელებულა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები მას ადარებენ არგენტინის ყოფილ პირველ ლედის, ფუფუნების მოტრფიალე და იმავდროულად, ღატაკებში უაღრესად პოპულარულ ევა პერონს.

[ტომ ლოჯის ხმა] "ევა პერონთან შედარება სავსებით მართებულად მიმაჩნია. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ღატაკებში პოპულარობის მოსაპოვებლად აუცილებელი არ არის, ღატაკივით იცხოვრო. სამკარისია, მათ ყურადღება, თანაგრძნობა აჩვენო. ამას კი ვინი მანდელა საუცხოოდ ახერხებს. ის ღატაკებში მხარდაჭერის მოპოვების დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. როგორც კი რამე მოხდება - უბედური შემთხვევაა, ავარიაა, თუ ხანძარი - ვინი მანდელა მაშინვე იქ გაჩნდება ხოლმე, ხალხს საბნებს, საჭმელს ურიგებს - ადამიანებს აგრძნობინებს, რომ მათი ბედი ადარდებს. მას ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი აქვს, რომლითაც სამხრეთ აფრიკაში ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი ვერ დაიკვეხნის. ვინი მანდელას ლაპარაკიც ეხერხება, გარეგნობითაც მიმზიდველია. მას აქვს ქარიზმა, რომლითაც ყველა პოლიტიკოსი როდია დაჯილდოებული - მათ ვინი მანდელასგან ბევრის სწავლა შეუძლიათ."

ამიტომ, პროფესორ ლოჯის შეფასებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვინი მადიკიზელა-მანდელა, საფინანსო სკანდალის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტში დაბრუნდა. მაგრამ ჩვეულ პოლიტიკურ გავლენას ის, როგორც ჩანს, ვეღარასოდეს მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG