Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის პირველ პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს დიდი გამოცდა ელის


ისრაელის ხელისუფლებასთან საქმის გარკვევამდე პალესტინის პრემიერ-მინისტრს პალესტინაში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან მოუწევს ურთიერთობის მოგვარება.

მშვიდობის მომხრე მაჰმუდ აბასის მოსვლა დიდად არ ახარებთ იმ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შესაძლო შეირაღებულ ღონისძიებას თავის მთავარ საქმედ თვლიან.

პალესტინის ახალი მინისტრთა კაბინეტის ამოქმედებიდან ერთ დღეში, 30 აპრილს გამოქვეყნდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, ე.წ. "გზამკვლევი", რომლის მომზადებაზეც შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, გაერომ და რუსეთმა იზრუნეს. ახალი გეგმის თანახმად, 2005 წლამდე შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო.

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერ მინისტრი - მაჰმუდ აბასი შეძლებს პალესტინელების ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმებას.

სულ ცოტა ხნის წინ არაბულენოვანი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მაჰმუდ აბასი ამბობდა, რომ პალესტინელთა ინტიფადის - ამბოხის მილიტარიზაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მიერ დაგებულ ხაფანგში გაბმას ნიშნავს. "ისრაელის, ანუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც მთელი არაბული ნაციის დამარცხება შეუძლია, აუცილებელია იარაღის ნაცვლად ჭკუის მოხმობა. შარონს სურს ომი და ჩვენც იმ ხერხებს ვიყენებთ, რომელიც მას სურს".

მაჰმუდ აბასის, იგივე აბუ მაზენის ეს პოზიცია არ მოსწონთ პალესტინაში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს. მათ არ მოსწონთ ისრაელთან ურთიერთობის მშვიდობიანი გზებით მოგვარების იდეა. აბასი კი გმობს ტერორიზმს რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ის.

ისრაელთან ურთიერთობების გარკვევამდე აბასს მოუწევს თვითონ პალესტინის შიგნით არსებული უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევა. ამის დასტურად გამოდგება ის ფაქტიც, რომ აბასის კაბინეტის დანიშვნიდან რამდენიმე საათში თელ-ავივში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამი ადამიანი მოკლა. ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა პალესტინელთა ორგანიზაციებმა ჰამასმა და ალ-აყსას მარტვილთა ბრიგადამ აიღეს.

მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ის ბოლოს მოუღებს პალესტინელთა შეიარაღებულ ქაოსს, თუმცა არ უთქვამს როგორ აპირებს ამის მიღწევას. პალესტინის მთავარი შეიარაღებუილ დაჯგუფებები ჰამასი, ჰეზბოლა და პალესტინის ისლამური ჯიჰადი აცხადებენ, რომ ისინი არ განიარაღდებიან. ოთხშაბას ღაზაში ჰამასის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა აბდელ აზიზ-ალ-რანტისიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

[აზიზ-ალ-რანტისის ხმა] 043050
"ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენივე ხალხის განიარაღებას, ჩვენ არ ვაპირებთ პალესტინის ხელისუფლებას დავანებოთ ჩვენი რომელიმე ორგანიზაციის განიარაღება და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ საკუთარი თავი. ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ პალესტინის ახალი მთავრობა ან უნდა დაეხმაროს, ან დაუპირისპირდეს მთელი პალესტინის ხალხს".

ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი რამდენად შეუძლია პალესტინის ახალ მთავრობას შეიარაღებულ მეამბოხეთა დაშოშმინება. პალესტინის ახალი უშიშროების მინისტრი მოჰამედ დაჰლანი გახლავთ, რომელსაც შეიარაღებულ ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლის გამოცდილება აქვს იმ დროიდან, როცა ის ღაზაში უშიშროების უწყებას ხელმძღვანელობდა და არაფატთან უთანხმოების გამო დაკარგა ეს პოსტი. თუმცა, პალესტინაში უშიშროებისა და დაზვერვის სისტემის მართვის ბერკეტები კვლავ იასერ არაფატის ხელში რჩება. არაფატის ფათას მოძრაობაც ჯერჯერობით განიარაღებასა და მშვიდობიან მოლაპარაკებას ისრაელთან შეიარაღებულ დაპირისპირებას არჩევს.

ოთხშაბათს თელ-ავივში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მეორე დღეს ისრაელის მხრიდან აგრესია მოყვა: ისრაელის სამხედროთა მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად ხუთშაბათს სულ ცოტა 7 პალესტინელი, მათ შორის - ერთი მოზარდი და ერთი ბავშვი დაიღუპა.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი სამშვიდობო გეგმის განხორციელების დაწყების აუცილებელ პირობას ისრაელის ხელისუფლების ნების გარდა პალესტინელ მეამბოხეთა შეჩერებაც წარმოადგენს, რაც მათ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან პალესტინის ახალი მთავრობის დაპირისპირებას გარდაუვალს ხდის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG