Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატამ საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის ანგარიში დაუწუნა


საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ კონტროლის პალატის ანგარიში, შესაძლებელია, პოლიტიკური დაპირისპირების საბაბად იქცეს.

კონტროლის პალატამ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა 2002 წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ ანგარიშში. ეს კი ოპოზიციას მთავრობის კრიტიკისა და მისი გადადგომის მოთხოვნის საფუძველს აძლევს, თუმცა ხელისუფლებასაც აქვს შანსი თავიდან აიცილოს ოპოზიციის რისხვა.

გასულ წლებში საკანონმდებლო ორგანო მთავრობის კონტროლის მექანიზმების მიმართ მხოლოდ ფორმალურ ინტერესს იჩენდა. ასე არაა წელს, რადგან მოახლოებული არჩევნების წინ პარლამენტარები ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად მთავრობის გაკრიტიკების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. ამ შანსს კი კონტროლის პალატის დასკვნა ნამდვილად იძლევა. პალატის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ბიჭიკაშვილმა 1 მაისს საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა:

[თამარ ბიჭიკაშვილის ხმა] „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში ზუსტად და სრულად ვერ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლისა და ხარჯების მოცულობებს, ზოგიერთი ხარჯების გაწევის კანონიერებას, რაც, ძირითადად, განპირობებულია ზემოთ აღნიშნული კანონის უმეტესი მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, სხვადასხვა კანონებისა და ნორმატიული აქტების დარღვევით."

კონტროლის პალატისვე მონაცემებით, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას 116 მილიონი ლარი დააკლდა. პალატის ამ შენიშვნას ფინანსთა სამინისტროც ეთანხმება. თუმცა მინისტრის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას მაინც სანიმუშოდ მიიჩნევს.

[ვასილ გიგოლაშვილის ხმა] „ფაქტი ერთია, რომ გეგმა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში შესრულდა გადაჭარბებით, რაც არ ყოფილა ბოლო 5 წლის განმავლობაში მაინც, თუ მეტი არა. და გარღვევამ ბიუჯეტისა გასულ წელს შეადგინა ყველაზე დაბალი ციფრი გასულ წლებთან შედარებით, როდესაც 300 და 400 მილიონი ლარი იყო ხოლმე გარღვევა."

ფინანსთა სამინისტრო 2002 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზად, ძირითადად, აჭარის პრობლემას ასახელებს; წლის გეგმას გრანტები და არასაგადასახადო შემოსავლებიც დააკლდა. ამასთან ერთად, არის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან და წინასწარ გადახდებთან დაკავშირებით. ეს კი ოპოზიციის ხელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნის კარგი მიზეზია.

კონტროლის პალატის რევიზიის შედეგების მოსმენა მომავალ კვირაში, საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. სწორედ ამ სხდომაზე გამოიკვეთება ოპოზიციის დამოკიდებულება მთავრობის შარშანდელი საქმიანობის მიმართ. თუმცა ხელისუფლებას თავდაცვის მექანიზმი უკვე ნაპოვნი აქვს. ამაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა მიანიშნა.

[მოლაშვილის ხმა] „არსებობს ახალი რედაქცია კანონისა საბიუჯეტო სისტემების შესახებ, რომელიც უფლებას აძლევს პარლამენტს 1 ნოემბრამდე განსაზღვროს ბიუჯეტის დამტკიცება- არდამტკიცების საკითხი."

შესაბამისად, სახელისუფლებო ფრაქციების შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა მთავრობა 1 ნოემბრამდე თავიდან აიცილოს ბიუჯეტის შესრულების დამტკიცების პროცედურა.
XS
SM
MD
LG