Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდებიან პოლიტიკოსები ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მწვავედ დასაქმების პრობლემას განიცდიან


საარჩევნო გაერთიანებები თუ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროგრამებზე მუშაობით არიან დაკავებულნი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მილიონი სამუშაო ადგილი არ შექმნილა და დასაქმების - შესაბამისად,

საარსებო საშუალების მოპოვების - პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ნომერ პირველ პრობლემად რჩება, ნებისმიერი პარტიისა და ნებისმიერი საარჩევნო გაერთიანების საარჩევნო პროგრამაში უსათუოდ გაიჟღერებს დაპირება, რომ დასაქმების პრობლემა მოგვარდება. რას ჰპირდებიან პოლიტიკოსები ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სამუშაოს შოვნა და საარსებო წყაროს მოპოვების პრობლემა აწუხებთ?

საპარლამენტო არჩევნებამდე თვეები რჩება და ის, თუ რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და რა საარჩევნო დაპირებებით შეიძლება ამომრჩევლის გულის მოგება, პოლიტიკოსების კვლევის საგანია. ისინი საარჩევნო პროგრამებზე მუშაობენ და საარჩევნო დაპირებებს ოფიციალურად უახლოეს ხანებში წარმოადგენენ. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სამუშაო ადგილების შექმნას დაასახელებს. ასე მოიქცევა სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოც", რადგან დასაქმების პრობლემა ისევე აქტუალურია, როგორც წლების წინ იყო, თუმცა, როგორც "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი სუბიექტის - "სოციალისტური პარტიის" თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] " რასაკვირველია, ჩვენ არ გავიმეორებთ პოპულისტურ ლოზუნგს მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, რომელმაც გააუფასურა ეს თემა. საფრანგეთში სოციალისტური პარტია 600000 სამუშაო ადგილს დაჰპირდა საფრანგეთის მოსახლეობას, რომელიც 50 მილიონს აღემატება. საქართველოში კი მილიონს დაჰპირდნენ 4 მილიონს. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით ამ საკითხს. გათვლილი გვაქვს, რამდენი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შევძლებთ. ციფრს ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ. ვიტყვი იმას, რომ გათვლა არ უნდა ეფუძნებოდეს მილიონი სამუშაო ადგილის დაპირებას. ჩვენ გარკვეული გზა გვაქვს, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეს სამუშაო ადგილები. "

ეკონომიკის, მრეწველობის განვითარება და პროფესიული კადრების მომზადება - ძალიან ზოგადად, ამ გზით წარმოუდგენიათ დღევანდელი "მოქალაქეთა კავშირის" ბაზაზე დაფუძნებულ ბლოკ "ახალ საქართველოში" დასაქმების პრობლემის შემსუბუქება. მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით, ცხადია, არც "მოქალაქეთა კავშირის" განაყრები, "გაერთიანებული დემოკრატები", გამოვლენ, თუმცა დასაქმების პრობლემის გადაჭრა წამყვან ადგილს მათ საარჩევნო პროგრამაშიც დაიკავებს. ამ კუთხით, დემოკრატების მთავარი მიმართულება აგრარული ბიზნესის და, საერთოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება და არამხოლოდ ფისკალური ეფექტის მიღების მიზნით. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა გვითხრა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] " მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები და შექმნას საშუალო ფენა. აღარ იქნება კონკრეტულ ციფრებში გაწერილი დაპირება. მილიონი სამუშაო ადგილის შესახებ დაპირება მარტო ჩვენი დაპირება არ იყო. მასზე ჩვენს წილ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვიღებთ. ეს იყო მაშინდელი საარჩევნო დაპირება, მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ იდეალისტები აღმოვჩნდით და უფრო კარგი წარმოდგენა გვქონდა ამ ხელისუფლებაზე, ვიდრე ის იყო."

"მაგრამ პრიორიტეტი სწორად იყო შერჩეულიო,"- ამბობს "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი გენერალური მდივანი. მიხეილ მაჭავარიანის აზრით, მარტო აღრიცხვიანობის მოწესრიგებით 600000 სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლებოდა. მისივე თქმით, მაშინ, როცა მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ დაპირებამ გაიჟღერა და, სხვათა შორის, ეს სწორედ "მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო არჩევნების წინა დაპირება იყო და არა საპრეზიდენტო არჩევნებისა, საქართველოში 250000 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეისთვის კი ეს ციფრი 800000-ს გასტოლებია. დასაქმების პრობლემა "მოქალაქეთა კავშირის" კიდევ ერთი განაყრის, "ახალი მემარჯვენეების", საარჩევნო პროგრამაშიც დაიჭერს წამყვან ადგილს, ოღონდ, დავით გამყრელიძის თქმით, მათთან ეკონომიკის სფეროში ინტელექტუალური პოტენციალის ათვისებასა და მაღალ ტექნოლოგიებზე გაკეთდება აქცენტები:

[დავით გამყრელიძის ხმა ] "მიმართულებები, ერთი მხრივ, არის სოფლის მეურნეობა, მეორე მხრივ, მაღალი ტექნოლოგიების დამკვიდრების სტიმულირება - მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სერიოზული საუბარი ამერიკის რამდენიმე მსხვილ კორპორაციასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქრათველოში სერიოზული თანხების განთავსებით, რაც ადგილობრივი ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებას შეუწყობს ხელს."

დასაქმების პრობლემის გადაჭრის მეტ-ნაკლებად მსგავს და, ასევე, მეტ-ნაკლებად განსხვავებულ გზებს შემოგვთავაზებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციები ივნისიდან დაიწყება.
XS
SM
MD
LG