Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უჭიანურებენ ინვალიდებს დახმარებას


დავით პაიჭაძე, თბილისი უნარშეზღუდულ პირთა ფილარმონიაში გამართული ყრილობა თავისი, ასე ვთქვათ, საპატიო სტუმრებისაგან ერთადერთ რამეს მოელოდა: ეს იყო პასუხი დაპირებებზე, რომლებიც 6 თვის წინ ინვალიდთა პირველ

ყრილობაზე გასცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იმის თაობაზე, თუ რას ელოდნენ და რა მიიღეს სხვადასხვა უნარს მოკლებულმა მოქალაქეებმა, ყრილობის ორგანიზატორს, პარლამენტის წევრს გოგა კოხრეიძეს ვესაუბრე.

მთავარი შეტყობინება, რაც უნარშეზღუდულმა მოქალაქეებმა 6 თვის წინ თავიანთ პირველ ყრილობაზე ხელისუფლებას გაუგზავნეს, გახლდათ თხოვნა: სახელმწიფო შესწეოდა ინვალიდებს და შეექმნა პირობები მათ შორის შრომისუნარიანთა დასაქმებისათვის. პარლამენტარ გოგა კოხრეიძეს რამდენიმე წელიწადია მზადა აქვს უნარშეზღუდულ პირთა დასაქმების გეგმა, რომელიც, მისი მტკიცებით, მომგებიანი იქნება სახელმწიფოსთვისაც: ეს გულისხმობს ბენზინის გასამართ სადგურებზე ასეთი პირების მიერ სპრინტის მიყიდვას მომხმარებლისათვის. სქემა ისეთია, რომ წაგებული არც მყიდველი რჩება, არც გამყიდველი, არც ბენზინის გასამართი სადგური და არც სახელმწიფო. გაყიდული ბილეთების მიხედვით, რომელთაც სახელმწიფოს აბარებენ, დგინდება გასამართი სადგურის რეალური ბრუნვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ ბიზნესის გათეთრებასა და სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი ფულის შეტანას. გოგა კოხრეიძის თქმით, ამ მოდელის ამუშავება ნიშნავს 6 ათასამდე ინვალიდის დასაქმებასა და დაახლოებით 150 მილიონი ლარის მობილიზებას ბიუჯეტის სასარგებლოდ. როცა პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს ეს წინადადებები გააცნეს, ისინი ფრთხილად მოეკიდნენ მათი რეალიზების პერსპექტივას, თუმცა თბილი სიტყვები და ზოგადი დაპირებები არ დაუშურებიათ.

გოგა კოხრეიძე ამბობს, რომ უნარშეზღუდულ პირთა პრობლემების პოლიტიზება გაუმართლებელია. მთელი მუშაობა ინიციატივათა სარეალიზაციოდ სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით წარმართეს, რასაც უნდა გამოერიცხა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან ინვალიდთა თემით სპეკულირება. მაგრამ, კოხრეიძის თქმით [კოხრეიძის ხმა]: "ნებისმიერი კარგი სურვილი ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე და, სხვათა შორის, არც ეს ყრილობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი. არადა, ის ბოლომდე აპოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა". თუმცა ეს ტონალობა სწორედ პოლიტიკური განცხადებით დაარღვია სოციალისტმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, რომელიც საარჩევნო სიაში ერთ-ერთი უნარშეზღუდული პირის ჩასმაზე ალაპარაკდა.

გასული 6 თვე დაიხარჯა ინვალიდთა დასაქმების მოდელის სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისათვის გაცნობასა და მათი მიდგომების გამომუშავებაზე, რაც შეიძლებოდა გაცილებით ნაკლებ დროში მომხდარიყო. ასევე, არ სჭირდებოდა 6 თვის ლოდინი პასუხს, რომელიც ინვალიდებმა მიიღეს [კოხრეიძის ხმა]: "ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეთანხმებიან იდეას და მზად არიან განხორციელებისათვის". თუმცა პარლამენტარი იქვე დასძენს [კოხრეიძის ხმა]: "გამოჩნდა ხალხი, რომელსაც არ აწყობს ამ ადამიანთა დასაქმება და ბიუჯეტის შემოსავლების შევსება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა: არ აწყობთ".

გოგა კოხრეიძე, რომ იტყვიან, ფრჩხილებს არ ხსნის, მხოლოდ მიანიშნებს, რომ წინასაარჩევნო მწვავე პერიოდში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც სწორედ ბიუჯეტის გარღვევა აინტერესებთ. მეორე მხრივ, მართალია, ფინანსთა სამინისტრო პრინციპულად თანახმაა, ხორცი შეასხას შეთავაზებულ სქემას, მაგრამ არავითარი საკანონმდებლო ცვლილება საამისოდ ჯერ მომზადებული არ არის.
XS
SM
MD
LG