Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო – ნატო და საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემა - სად შეიძლება იყვნენ საქართველოში ტერორისტები


საერთაშორისო ტერორიზმთან წარმოებული ბრძოლის ფონზე საქართველო კიდევ ერთხელ იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. ამის მიზეზი გახდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება,

რომლის თანახმად, ალ-ყაიდას ოპერატიულმა ცენტრებმა, შესაძლოა, ჩეჩნეთის და საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა. პარიზში გამოთქმულმა ამ ვარაუდმა რუსულ პრესაში წამყვანი ადგილი დაიკავა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების ყოფნას გამორიცხავს, მინიშნებები აფხაზეთის მიმართულებით კეთდება. საგულისხმოა, რომ 7 მაისს საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ნატოს სამხედრო ექსპერტებთან შეხვედრებით იყვნენ დაკავებულნი - ნატოსი, რომლის გენერალური მდივანიც ალიანსის ახალ სამომავლო როლზე ალაპარაკდა.

“ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები მზად უნდა იყვნენ უპასუხონ დროის გამოწვევას. ალიანსის წევრები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სამხედრო ბლოკი მზად არის იტვირთოს ახალი როლი და დაუნდობლად იბრძოლოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.” – ამ განცხადების ავტორი ნატოს გენერალური მდივანია და მას საქართველოში მაისის შუა რიცხვებში ელიან. ნატოს სამხედრო ექსპერტების თბილისში ყოფნა ამ მოლოდინს თავისებურ ფონს უქმნის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან თედო ჯაფარიძესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, აგრეთვე, სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე მიიღეს და, გავრცელებული ცნობით, კმაყოფილებიც დარჩნენ.

ამის შემდეგ ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა საკუთარ ხელმძღვანელობას უნდა წარუდგინოს და სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად წარუდგენს ნატო საქართველოს პარტნიორობის ინდივიდუალურ პროგრამას. რა იქნება შემდგომ, რამდენად დაჩქარდება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, იმაზეა დამოკიდებული, როგორ და რა ტემპებით გაგრძელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა ან რამდენად შეძლებს საქართველო დაამტკიცოს, რომ დემოკრატიული პროცესები მასში შეუქცევადია. ამას გარდა, გასათვალისწინებელია საერთაშორისო პროცესები, რომლებმაც საქართველოს სერიოზული ფორა უნდა შეუქმნას სტრატეგიულ მიზანთან მისაახლოებლად.


ნატოს ახალ როლზე მარტო მისი გენერალური მდივანი არ საუბრობს. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ერაყში მიმდინარე პრიცესების ფონზე ამ ორგანიზაციამ, შესაძლოა, სრულიად ახალი როლი შეიძინოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, როლი, რომელიც მოცემულ ეტაპზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკისრია. ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ვერსიაა, ფაქტი კი ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული უკომპრომისო ბრძოლაა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას, რომელიც პარიზში 8 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდა და რომლის თანახმად, ალ-ყაიდას ოპერატიულმა ცენტერებმა, შესაძლოა, ჩეჩნეთის და საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა, საქართველოს უშიშროების მინისტრი უპასუხებს, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები არ იმყოფებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი კი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე - ოღონდ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე - ალ-ყაიდას წარმომადგენლების ყოფნას.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ინფორმაციით, აფხაზეთში შეინიშნება ვაჰაბიტებისა და სხვა მუსულმანური ორგანიზაციების აქტივობა და იქვეა ის ძალაც, რომელმაც მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში, მძევლების აყვანის აქცია მოამზადა. ასეა თუ ისე, აფხაზეთში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის თემა წინა პლანზე უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ რამდენიმე თვის წინ წამოსწია. გუდაუთაში ვაჰაბიტური მეჩეთის აშენებისა და იქ თურქი ტერორისტის მუჰამედ-ამინ-თოქჩანის თუ სხვა არანაკლებ საეჭვო პირების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია კი ერთი თვის წინ გავრცელდა, აფხაზეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
XS
SM
MD
LG