Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელები ერაყში ჯერ-ჯერობით ამაოდ დაეძებენ მასობრივი განადგურების იარაღს


მსმენელს, ალბათ, კარგად ახსოვს: ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზად აშშ ასახელებდა საფრთხეს, რომელსაც მსოფლიოს უქმნიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღი.

მაგრამ ბაღდადის დაცემიდან, აგერ, სამი კვირაა გასული, აკრძალული იარაღი კი ჯერაც არავის აღმოუჩენია. ამ ფაქტის აღიარება უკვე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც მოუხდა, თუმცა მან იქვე, სამშაბათს ვაშინგტონში გამოსვლისას დასძინა, რომ იარაღს უთუოდ მიაგნებენ. მოისმინეთ ნაწყვეტი ამ განცხადებიდან: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: სადამ ჰუსეინს ჰქონდა შეიარაღების პროგრამები. ვიცით ისიც, რომ ის წლების მანძილზე მალავდა შეიარაღების პროგრამებს. დროთა განმავლობაში სიმართლე დადგინდება და ამერიკელი ხალხი დარწმუნდება, რომ ... ხელისუფლებიდან სადამ ჰუსეინის ჩამოშორებით ამერიკის უშიშროება გავაუმჯობესეთ”.

ამასობაში, მოკავშირეთა ჯარები ერაყში განაგრძობენ რეჟიმის 55 წამყვანი წარმომადგენლის ძებნას, რაც, უნდა ითქვას, რომ აკრძალული იარაღის ძიებაზე გაცილებით მეტი წარმატებით მიმდინარეობს - უკვე შეპყრობილია 19 ადამიანი, ერთი კი მოკლულია. მაგრამ შეპყრობილებიდან ჯერ-ჯერობით არც ერთს, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ეჭვმიტანილ მეცნიერებსაც კი არ უთქვამთ რაიმე საყურადღებო მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ.

ახლა მოკავშირეები მთელ იმედებს დაბალი რანგის ერაყელ მოხელეებზე ამყარებენ, რაც სავსებით მართებულად მიაჩნია ამერიკელ მკვლევარს, ჯონ ვოლფსტალს. აი, რა უთხრა ვოლფსტალმა, რომელიც “საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდში” მუშაობს, ჩვენი რადიოს ვაშინგტონელ კორესპონდენტს, ენდრიუ ტალის: [ჯონ ვოლფსტალის ხმა] “ზოგად სურათზე წარმოდგენის შესაქმნელად, იმის გასარკვევად, როგორ მალავდნენ იარაღს, ან რა რაოდენობის მასალა უნდა ვეძებოთ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის ოფიციალური პირების ჩვენება. მაგრამ, რაც შეეხება ამჟამინდელ საჭიროებას, უფრო მნიშვნელოვანია ხალხი, რომლის ხელითაც საქმე კეთდებოდა”.

მართალია, აკრძალული იარაღის ძიებაში ამერიკელებს ჯერ-ჯერობით არც დაბალი რანგის ერაყელი მოხელეები დახმარებიან, მაგრამ ჯონ ვოლფსტალი ფიქრობს, რომ ბევრია დამოკიდებული გონივრულ სტრატეგიაზე: თუ ამ ხალხს ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, თუ მათ დაარწმუნებს, რომ კრიმინალებად შერაცხვის კი არა ერაყის რეკონსტრუქციაში მონაწილეობისა და ამერიკელებთან თანამშრომლობის პერსპექტივა მოელით, ისინი, ალბათ, გამოიჩენენ ინიციატივას მასობრივი განადგურების იარაღის ძებნის საკითხში.

მაგრამ ამერიკელი გადამდგარი გენერალი ედუარდ ეტკესონი ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას, საერთოდ, ეჭვი ეპარება, რომ სადამ ჰუსეინს საკმარისი რაოდენობის აკრძალული იარაღი ჰქონდა ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის შეშფოთების გამოსაწვევად. მართალია, ეტკესონი არც იმას ამბობს, “ბაღდადის რეჟიმს აკრძალული იარაღი არა ჰქონიაო”! მისი განმარტებით, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს, უბრალოდ, არ გამოუქვეყნებიათ დამაჯერებელი სადაზვერვო ინფორმაცია სადამ ჰუსეინის ხელში ასეთი იარაღის არსებობის შესახებ, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ომის ლეგიტიმურობას: [ედუარდ ეტკესონი]
“დიდი ხნით ადრე, ვიდრე მასობრივი განადგურების იარაღზე ფიქრს დაიწყებდნენ, პენტაგონში იყო მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც სადამ ჰუსეინი გულზე არ ეხატებოდა და მისი გადადგომა უნდოდა. ამ მიზნის მისაღწევად მათ სჭირდებოდათ საბაბი და ის მასობრივი განადგურების იარაღის სახით იშოვეს კიდეც”.

რაც შეეხება ომის შემდგომ ერაყს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ ვერ მიაკვლიეს მასობრივი განადგურების იარაღს, გადამდგარი გენერალი გვარწმუნებს, რომ ბუშსა და ბლერს დიდი უხერხულობა არ შეექმნებათ - ომის შედეგად მიკვლეულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სადამ ჰუსეინის რეჟიმის სისასტიკე, რომელიც, მართალია, ომის დაწყების მთავარი მიზეზი არ იყო, მაგრამ საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტია საიმისოდ, რომ საზოგადოებამ ამერიკასა თუ ბრიტანეთში სადამ ჰუსეინის დამხობა გამართლებულად მიიჩნიოს.

ერთი ეს არის, რომ საზოგადოებას არც ამ და არც სხვა ქვეყნებში, მათ შორის არც საქართველოში დავიწყებია, რომ ერაყში ომის მთავარ მიზეზად მასობრივი განადგურების იარაღიდან მომდინარე საფრთხეს ასახელებდნენ.
XS
SM
MD
LG