Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დელეგაცია საქართველოს სამოქმედო გეგმის მომავალს არკვევს


22 მაისს ბრიუსელში, ფორმატით 19+1, საქართველოსთვის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამის განხილვა იგეგმება. მაგრამ მანამდე თბილისში ჩამოსული ნატოს თავდაცვის

დაგეგმარებისა და მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა 10 კაციანი დელეგაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით ეცნობა. საქართველოს სამხედრო უწყება და დელეგაციის წევრები ჯერჯერობით თავს იკავებენ საბოლოო შეფასებისაგან, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ნატოელ ექპერტებს ყველაზე მეტად არმიის დაფინანსებაში შექმნილი პრობლემები აშფოთებთ. სწორედ ეს ვითარება გახდა საქართველოს სამხედრო უწყებაში მომხდარი საკადრო ნოვაციის საფუძველი: ნატოს შტაბბინის რეკომენდაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში უცხოელი მრჩეველი ეყოლება.


საქართველოში დაიწყო ნატოს ერთგვარი კვირეული, რომელსაც 15 მაისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი დაასრულებს. 22 მაისს კი ბრიუსელში საბოლოოდ გაირკვევა ბედი პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისა, რომელმაც, თავის მხრივ, ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ცხადია, დარჩენილ დროში ალიანსის ხელმძღვანელობას ესაჭიროება ზუსტი სურათის ცოდნა, თუ რას წარმოადგენენ საქართველოს შეიარაღებული ძალები, კერძოდ, რა სტადიაშია პარტნიორობის იმ 29 მიზნის განხორციელების პროცესი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 1999 წელს მოაწერა ხელი. მასში შედიოდა სამშვიდობო პროფილის ბატალიონისა თუ საინჟინრო ოცეულის ჩამოყალიბება, ოპტიკური და ღამის ხედვის ხელსაწყოებით ქვედანაყოფის აღჭურვა, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, ნატოს შტაბებში ქართველი ოფიცრების გაგზავნა და სხვა მრავალი. მაგრამ ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ირკვევა, რომ დაუფინანსებლობის გამო არც ერთი ეს ვალდებულება ბოლომდე არ არის შესრულებული.

მარტო პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ხარჯები ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ 60 პროცენტით არის დაფინანსებული და ეს ხდება წლევანდელ წელს, რომელიც, ხელისუფლების აღიარებით, გადამწყვეტი უნდა გახდეს ნატოს სტანდარტებზე გადასვლის თვალსაზრისით. უბიუჯეტოდ დარჩენილ ქართველ სამხედროებს თბილისში მყოფი ნატოს თავდაცვის დაგეგმარებისა და მართვის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ფრენკ ბოლდიც გამოექომაგა:

[ფრენკ ბოლდის ხმა] "საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და სხვადახვა სახეობის სარდლებთან შეხვედრის დროს ჩვენ ვილაპარაკეთ სამხედრო ბიუჯეტზე და აღვნიშნეთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და სრულდებოდეს განუხრელად. წინააღმდეგ შემთხევაში, წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ და, მით უფრო, სამხედრო უწყებამ შეძლოს თავის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება."

თუმცა, დიპლომატიური ეტიკეტის გამო, მან საბოლოოდ მაინც არ გადაუწურა იმედი ქართველ სამხედროებს და დასძინა, რომ სამხედრო მოკავშირეების დახმარებით განხორციელებული პროექტები - მათ შორის, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა -კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ სამხედროებმა ოპტიმისტურად უყურონ მომავალს.

მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება 22 მაისი, ნატოს შტაბბინაში გაწევრიანების ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამის განხილვის თარიღი, საქართველოს სამხედრო უწყებაში სულ უფრო ცხადად აცნობიერებენ, რომ არსებული დაფინანსების პირობებში ქვეყანა სერიოზული ვალდებულებების შესრულებას ვერ მოახერხებს. ლაპარაკია იმაზეც, რომ, შესაძლოა, გარკვეული კორექტივებიც მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

[დავით თევზაძის ხმა] "მე ახლა წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რა კორექტივები და რა შეფასებები იქნება. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ იმ 19+1-ის ფორმატში, გარდა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო უწყებებისა, აუცილებლად იქნება საკმაოდ მაღალ რანგში ფინანსთა სამინისტრო, რადგან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გარკვეული შეკითხვები მათ ფინანსთა სამინისტროსთან უფრო აქვთ, ვიდრე თავდაცვის უწყებასთან."

შესაძლოა, სწორედ ამითაც იყოს განპირობებული საქართველოში გამოგზავნა ნატოს შტაბბინის ექსპერტის პატრიცია შერიგანისა, რომელიც დავით თევზაძეს შიდა საფინანსო კონტროლისა და მენეჯმენტის საკითხების მოწესრიგებაში უნდა დაეხმაროს. მაგრამ რაგინდ კრეატიულიც უნდა იყოს საზღვარგარეთელი მრჩეველი, ძნელი სათქმელია, რომ მან სამხედრო უწყებას ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხების დაბრუნებაში უშველოს, მით უფრო, რომ საქართველოს პრეზიდენტი კმაყოფილია როგორც ბიუჯეტის შევსების, ისე მისი განაწილების დინამიკით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG