Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები, pr კამპანია და მასმედია


"არჩევნები, pr კამპანია და მასმედია" - ამ თემის ირგვლივ შედგა მორიგი დისკუსია თბილისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში. მასში არასამთავრობო ორგანიზაციების,

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების - საქართველოში მოქმედი pr ჯგუფების - წარმომადგენლები, სოციოლოგები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისში პოლიტიკოსების, მათი კონსულტანტებისა და პრესის როლზე დისკუსიამ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო რეალობა საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა. დისკუსიის ამოწურვის შემდეგ " საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის" დირექტორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ არჩევნების წინ საქართველოში ვითარების სერიოზულ დაძაბვას ელოდება.

გოჩა ცქიტიშვილი არჩევნებისთვის საქმის სროლამდე მისვლას არ გამორიცხავს და აი, რატომ : საკმაოდ უარყოფითად დამუხტული წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, და წინასაარჩევნო ბრძოლაში დაუშვებელი მეთოდების ამოქმედება, რაც მაინცდამაინც დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, ყოველივე ამის მიმართ საზოგადოების ინერტულობა და, რაც მთავარია, წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატივზე აგების ტენდენცია, რადგან საზოგადოებაში ქულების მოპოვების ყველაზე იაფი გზა სწორედ ეს გზაა, უარყოფითი მუხტის მატარებელი ინფორმაციის ფართო ბაზარი და, ბოლოს, pr კამპანიაზე საერთო ბუნდოვანი წარმოდგენა - ჯამში, ქმნის სურათს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, მოვლენების არასახარბიელო მიმართულებით განვითარებას მოასწავებს.

"არჩევნები, pr კამპანია და მასმედია" - თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში, ამ თემის ირგვლივ მსჯელობისას მესამე სექტორის წარმომადგენელმა გელა ნიკოლეიშვილმა pr სამსახურებზე საზოგადოების ბუნდოვან წარმოდგენასთან დაკავშირებით განმარტა:

[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] " ნებისმიერ ქვეყანაში არის ეს. უბრალოდ, ჩვენთვის არის ახალი. მაგალითად, ბუში უფრო კოვბოის ტიპია, მისი წინამორბედი უფრო ფლებოის ტიპი იყო. ხშირად ამის შექმნა ხელოვნურად ხდება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მაგრამ ის ილუზიები, ის ტყუილები, რომლებსაც ხალხი გვიან ხვდება, რომ არ უნდა მიეღო?" [სტილი დაცულია]

გელა ნიკოლეიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს საზოგადოებას თავიდან აიცილოს იმ ტყუილის გავლენა, რომელსაც პოლიტიკური ძალები და მათ მიერ დაქირავებული კონსულტანტები შესთავაზებენ. ამის ალბათობა კი დიდია. როგორც გოჩა ცქიტიშვილმა გვითხრა, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის სამსახურების დიდი უმრავლესობა არ არის გაერთიანებული საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც მათ დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი ეთიკური წესებით მუშაობას დაავალდებულებდა. თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში შემდგარ დისკუსიაზე გამოითქვა მოსაზრება საქართველოში მოქმედი pr კომპანიების საერთო ეთიკურ წესებზე შეთანხმების თაობაზე, მაგრამ მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის - უფრო სწორად, წესების გარეშე ბრძოლის - დაწყების ფონზე, ძნელი წარმოსადგენია ეთიკური ნორმების გარშემო შეთანხმება შედგეს, მით უფრო, სფეროში, რომლისთვისაც არჩევნების წინა პერიოდი, ბიზნეს თვალსაზრისით, ყველაზე მომგებიანი პერიოდია. ამ სფეროში მასმედიაც უნდა წარმოვიდგინოთ. ისევ გოჩა ცქიტიშვილის თქმით :

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა ] " მითხარით ჟურნალისტი, რომელმაც გამოაქვეყნა ის, რაც არ უნდა გამოექვეყნებინა - არ ვგულისხმობ 90 პროცენტს, მაგრამ 10 პროცენტს კი - და რომელიც დაისაჯა. როცა რაღაც აქციებში იღებს მონაწილეობას ჟურნალისტი, იმიტომ რომ ფული აქვს აღებული, დამისახელეთ, ამის გამო რომელი ჟურნალისტი ან რომელი pr სპეციალისტი დაისაჯა, თუნდაც იმ მხრივ, რომ მის რეპუტაციას შეექმნა პრობლემები. " [სტილი დაცულია]

ამ შეკითხვას პასუხი ვერავინ გასცა, რადგან საპასუხოდ მაგალითის მოყვანა შეუძლებელი იყო და, ბოლოს, როგორც ერთ-ერთმა pr სპეციალისტმა განმარტა:

[ჩართვა] "საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ პოზიტივი მიიღოს. პოზიტივში ფულის გადახდა არავის არ უნდა. როცა ვთავაზობთ, პოლიტიკოსი იქნება ის თუ ბიზნესმენი, ამბობენ, რას ამბობთ, ამაში ფული დავხარჯო? ეს უფრო იაფი ჯდება".[სტილი დაცულია]

ბუნებრივია, ამომრჩეველს პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები არჩევნების წინ შესთავაზებენ იმას, რაც უფრო იაფი ჯდება, რაც უფრო მომგებიანია, ანუ ნეგატივზე, იაფფასიან ღირებულებებზე, ურთიერთლანძღვაზე, კომპრომატებზე აგებულ კამპანიას, და ეს იაფი საზოგადოებას, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.
XS
SM
MD
LG