Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის თაობაზე აშშ-ის ახალი რეზოლუციის პროექტი


პარასკევს, 9 მაისს, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს გადასცა ერაყის თაობაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერაყისთვის სანქციების გაუქმებას და ამ ქვეყნის

სანავთობო შემოსავლის კოალიციის დაქვემდებარებაში ყოფნას.

აშშ მომხრეა გაუქმდეს ერაყისთვის დიდი ხნის წინ დაწესებული სანქციები, რომლებიც სამხედრო სფეროს არ ეხება. ამასთან, ვაშინგტონს სურს თვითონ გააკონტროლოს ერაყის ნავთობით მიღებული შემოსავალი. რეზოლუცია წარმოადგენს ერაყის აღდგენის 12 თვიან გეგმას, რომელიც გულისხმობს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის წამყვან როლს ქვეყნის მართვაში, ერაყელთათვის ნავთობის გასაღებით მიღებული შემოსავლის განაწილებასა და, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავე დროს, რეზოლუციის ავტორები მომხრენი არიან შემოიღონ გაეროს საგანგებო კოორდინატორის თანამდებობა, რომელიც ერაყელ ხალხს დაეხმარება, გარდამავალი ხელისუფლება მუდმივი მთავრობით შეცვალოს. რეზოლუცია ამ პროცესის განვითარების ვადებს არ იძლევა. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ გაეროს უშიშროების საბჭოში თანამშრომლობის ახალ ატმოსფეროზე ილაპარაკა. მან იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციის პუნქტების უმეტესობას საბჭო მიემხრობა. რეზოლუციის პროექტი მოითხოვს, რომ გაერომ პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", რომელიც 8 წელიწადია მოქმედებს, კიდევ ოთხი თვით გაახანგრძლივოს. ამ ფონდის მეშვეობით, რომელიც დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერაყს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული საქონელი, შეკეთდეს სანავთობო აღჭურვილობა და ანაზღაურდეს სპარსეთის ყურის პირველ ომში სხვა ქვეყნებისთვის მიყენებული ზარალი. ამ პროგრამას მოქმედების ვადა უთავდება 3 ივნისს. რეზოლუცია ითვალისწინებს ერაყელთა თუ ბაღდადში აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი სუბიექტებისთვის კანონიერი უფლების მინიჭებას, გაიტანონ ქვეყნიდან ნავთობი. უშიშროების საბჭოს მოქმედი რეზოლუციების თანახმად, ერაყის სანქციები უნდა გაუქმდეს, როცა განიარაღების ინსპექტორები დაადასტურებენ, რომ ერაყს არა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ კოალიციამ გადაიბარა ინსპექციის საქმე და ვაშინგტონი ვერ ხედავს გაეროს განიარაღების ჯგუფის როლს ახლო მომავალში. გაეროს მუდმივი წევრები, საფრანგეთი და რუსეთი, არ ემხრობიან სანქციების გაუქმებას, სანამ გაეროს განიარაღების ინსპექტორები არ იტყვიან საბოლოო სიტყვას ერაყის განიარაღების თაობაზე. ფიქრობენ, რომ შეიქმნას საგანგებო "ერაყის დახმარების ფონდი ", რომელიც თავს მოუყრის ერაყის ნავთობით მიღებულ შემოსავალს. მის მართვაშიც გაეროს უნდა დაეკისროს წამყვანი როლი, მიიჩნევენ რეზოლუციის პროექტის ავტორები. რეზოლუციაში არ არის ნახსენები სამშვიდობო ჯარი, რომელიც ახლა ყალიბდება და რომელიც ერაყში უნდა განთავსდეს. გაეროში ბულგარეთის წარმომადგენელმა სტეფან ტაფროვმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მან არაფერი იცის გეგმაზე, რომელიც ამგვარი ჯარისთვის საბჭოსგან მანდატის მიღებას ითვალისწინებს. პოლონეთმა ერაყში მყოფი თავისი ნაწილისთვის გაეროს მანდატის მინიჭება მოითხოვა.
პარასკევს აშშ-მა თავისი რეზოლუციის პროექტი საბჭოს წევრებს გააცნო. მოლაპარაკება მის შესახებ მომავალ კვირაში შედგება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG