Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრა და მშენებლები


მიწისძვრას კაცობრიობა დიდი ხანია აღარ აიგივებს სამყაროს აპოკალიფსთან. მიუხედავად ამისა, მიწისქვეშა ბიძგები ისევ ხელს უწყობს ცრურწმენის დამკვიდრებას. მიწისძვრის შემდეგ მსოფლიოს

სხვადასხვა კუთხეში ერთნი თვითგვემას მიეცემიან ხოლმე, სხვები "მტრის ხრიკებსა" და ხელოვნურ მიწისძვრაზე საუბრობენ, უმრავლესობა კი თავად ბუნებას ადანაშაულებს. მაგრამ მიწისძვრის შედეგებზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ არა იმდენად ბუნებას, რამდენადაც ადამიანებს, პირველ რიგში, მშენებლებს. საბჭოთა კავშირის ისტორიაში მიწისძვრის კატასტროფული შედეგები, როგორც წესი, სეისმურად აქტიურ რაიონებში ჩატარებულმა უხარისხო მშენებლობამ განაპირობა.

1948 წლის ოქტომბერში, აშხაბადის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 40 000 ადამიანი შეეწირა, გაზეთმა "პრავდამ" ყურადღება დაუთმო სიტუაციას ფინეთში, საბჭოთა სპორტსმენების გამარჯვებას პოლონეთში და მოტოკროსს მოსკოვში... და მხოლოდ ბოლო გვერდზე, რამდენიმე სტრიქონი - აშხაბადის მიწისძვრას. არაფერი ითქვა იმაზე, რომ აშხაბადში აშენებული დაუმუშავებელი, მონოლითურობას მოკლებული აგურის სახლები მთლიანად დაინგრა იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლება მშენებლებისგან მასალის ეკონომიურ გამოყენებას მოითხოვდა, განსაკუთრებით ცენტრისგან მოშორებულ რეგიონებში (1966 წელს ამავე მიზეზით დაანგრია მიწისძვრამ უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი). სამაგიეროდ, მოსახლეობას განუმარტეს, რომ "საბჭოთა სეისმოლოგიის განვითარება უახლოეს ხანში საშუალებას მოგვცემს რამდენიმე დღით ადრე ვიწინასწარმეტყველოთ მიწისძვრები."

საბჭოთა სეისმოლოგია - და, საერთოდ, გეოფიზიკის ეს დარგი - მაინც ვერ განვითარდა ისე, რომ შესაძლებელი გახდეს დამანგრეველი მიწისძვრის პროგნოზი. მაგრამ განვითარდა არქიტექტურა, მშენებლობა. რამდენიმე წლის წინ ალმა-ათაში ყაზახეთის სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ერთ-ერთ ახლად დამონტაჟებულ საცხოვრებელ სახლზე შვიდბალიანი მიწისძვრის იმიტაციას მიმართა. გამოიყენეს სპეციალური ვიბრომანქანა, რომელმაც ძლიერ შეარყია შენობა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მის კედლებს. ასეთი ექსპერიმენტი ძვირი ჯდება, მაგრამ მას სისტემატურად მიმართავენ სეისმურად აქტიურ რაიონებში - მაგალითად, "მიწისძვრის სამშობლოდ" წოდებულ იაპონიაში, სადაც ყოველი წლის პირველ სექტემბერს აღინიშნება "კონტოს მიწისძვრის დღე" - მოსახლეობას ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს მიწისძვრის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებში 1906 წლიდან მოქმედებს "კალიფორნიის სამშენებლო კოდექსი", რომელიც მშენებლებისგან მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნაგებობის გამძლეობას.

საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც კერძო სამშენებლო ფირმების, წარმომადგენლები, დღეს ჩივიან, რომ არა აქვთ ფული აღადგინონ მიწისძვრით დაზიანებული შენობები, რომ აღარაფერი ვთქვათ ეგრეთ წოდებულ "სეისმოლოგიურ ექსპერიმენტებზე". მაგრამ თბილისში კვლავაც გრძელდება ახალი სახლების მშენებლობა, ეგრეთ წოდებული "ევრორემონტით". 70-იან წლებში, როცა მექსიკის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნებოდა, მეხიკოში ძველი სახლები დაანგრიეს და პომპეზური ცათამბჯენების მშენებლობა დაიწყეს. 1985 წლის რვაბალიანმა მიწისძვრამ ახლად აშენებული შენობების "ბრწყინვალება" ერთ წამში დაანგრია. მექსიკის ხელისუფლებამ ამ შენობების ნარჩენები ხელუხლებლად დატოვა, როგორც სიმბოლო სტიქიური უბედურებისა, რომელიც გვახსენებს, რომ "ვნების სიმძაფრე" ყოველთვის "შენებაში" არ არის, რომ იქ, სადაც მიწა იძვრის ხოლმე, ადამიანებმა არა მხოლოდ "შენებაზე", არამედ "შენარჩუნებაზეც" უნდა იზრუნონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG