Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლება ჩინეთში


ყოველკვირეული პროგრამა "უხილავი ფარდა"

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გიწვევთ, ქვეყანაში, რომელიც ჯერჯერობით ერთობ წარმატებულია, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა, დასავლეთში პროგრესის მაჩვენებელად მიჩნეულ, სფეროში, მასმედიის თავისუფლების მხრივ, მოიკოჭლებს. დენ სიაოპინის მიერ ჩინეთის ეკონომიკური რეფორმირების დაწყებიდან მეოთხედი საუკუნე გავიდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მზარდი წინააღმდეგობაა ერთი თეორიის გამო, თეორიისა, რომელიც ლენინისტებს და მაოისტებს ეკუთვნით. ისინი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მოსაზრებით, რომ პრესის თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფო განვითარებადი ქვეყნის პირობებში მხოლოდ ელიტარულ შრეებს წაადგება, მოშიმშილე მასებს კი სამოქალაქო თავისუფლებები, როგორიც, მაგალითად, პრესის თავისუფლებაა, არაფერში სჭირდებათ.

ეს თეორია გაანადგურა ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის სფეროში, ინდოელმა ამარტია სენმა, რომელმაც შიმშილის ფენომენის კვლევის დროს საპირისპირო დაამტკიცა. ინდოელი მეცნიერი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: პრესის თავისუფლება არა მხოლოდ თითოეული საზოგადოების განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტია, ის ღარიბებისა და ჩაგრულების ინტერესებსაც ემსახურება. იქ, სადაც არსებობს თავისუფალი პრესა, განგაშის ატეხა რაიმე შეუსაბამობის გამო ბევრად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იქ, სადაც პრესას ზედა ფენები მართავენ. ინდოეთში, მაგალითი მოჰყავს ამარტია სენს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავისუფალმა პრესამაც განაპირობა ის, რომ, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, მასობრივი შიმშილი იქ არასოდეს ყოფილა. ეს ორივე კომუნისტური ქვეყანაა, სადაც ხალხის შიმშილობის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ჩინეთში პრესის არასახარბიელო მდგომარეობამ თავი იჩინა ახლახანაც, როცა ამ ქვეყანაში სასუნთქი გზების სინდრომმა იწყო გავრცელება.
ჩინეთის დრამატულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფერისცვალებამ, რაც მრეწველობის რეფორმირებამ მოიტანა, განსაკუთრებით ჩინეთის ქალაქებში, მასმედიის სახეც შეცვალა. ეს ცვლილება, პირველ რიგში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მრავალრიცხოვნებით გამოიხატა. ჩინეთში დღეს 2000 ყოველდღიური გაზეთია. კიდევ უფრო დიდია ჟურნალების რაოდენობა - ის 8000-ს აღწევს. განსაკუთრებით აღნიშნავენ პრესის - ასე ვთქვათ, ბეჭდვითი მედიის - ხასიათის შეცვლას, მისი გარეგნული იერის განახლებას. გაზეთებში განცხადებების გამოჩენამ და მომრავლებამ ჩინეთის პრესა - სხვა თუ არაფერი , გარეგნულად მაინც - მთლიანად გარდაქმნა. როცა ჩინეთში გეგმური, სოციალისტური ეკონომიკა ბატონობდა, ხალხს არ ჰქონდა ინტერესი მომხმარებლის გადაბირებისა. ბოლო ათ წელიწადში ვაჭრების შეუჩერებლად მზარდმა ფენამ არნახული - ევროპა რომ ვერ შეედრება, იმგვარი - მოგება მოუტანა მასმედიას და სარეკლამო ფირმებს. ამის საუკეთესო მაგალითია სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, გამომავალი ცენტრალური გაზეთი, რომლის მიერ სარეკლამო განცხადედებიდან მიღებულმა თანხამ შარშან 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საგაზეთო და საჟურნალო განცხადებებიდან მიღებული თანხა ორჯერ აღემატება საერთოდ გაზეთების გაყიდვით შესულ მოგებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთში რეკლამის გარშემო ბუმი არ ნელდება, რადგან იქ არ მოიპოვება საქონელი თუ მომსახურების სახე, ერთბაშად მილიონობით მომხმარებელს რომ არ იზიდავდეს.
განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჩინეთის საგაზეთო ბაზარი, სადაც უკვე დიდი ხანია ვეღარ შეხვდებით კომუნისტურ პრესას, ჟურნალებსა და გაზეთებს, რომლებიც ხალხთა მასების აღზრდას და პროპაგანდას ემსახურებოდა. ახლა ჩინეთში საგაზეთო ჯიხური ისევე გამოიყურება, როგორც დასავლეთის რომელიმე ქალაქში. განსაკუთრებული იქ ის არის, რომ ხალხი დიდი ენტერესით კითხულობს სპეციალურ პრესას საინფორმაციო ტექნოლოგიაზე, კომპიუტერსა და მენეჯმენტზე. ჩინელებს აინტერესებთ ასევე მოდა და ინფორმაცია საოჯახო ცხოვრების შესახებ.
არ გეგონოთ, ჩინეთის ხელისუფლება თვალს არ ადევნებდეს იმას, თუ რა ხდება მასმედიაში. ის, უბრალოდ, საგანგებოდ გამოყოფს თემებს, რომლებზეც ლაპარაკი თავისუფლად შეიძლება და მაშინ ჩინეთის პრესა დასავლურ პრესას ემსგავსება მოსაზრებათა მრავალფეროვნებით. მაგრამ ცენზურა არსებობს და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მითითებებს არ ემორჩილებიან, აფრთხილებენ და აპატიმრებენ კიდეც. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩინეთის თაობაზე ვრცელი კვლევა ჩაატარა და მიღებული შედეგები გამოაქვეყნა. ამ გამოკვლევის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლება თვითნებობას იჩენს ხოლმე ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, ინტერნეტის გამოყენების შეზღუდვაც შემოიღეს. ამავე ინფომაციით, 2002 წელს ჩინეთში 30 ჟურნალისტი დაიჭირეს იმის გამო, რომ ინტერნეტის მეშვეობით სახელმწიფოსთვის საზიანო ინფორმაცია მიიღეს. თავისუფლად წერას არ ანებებენ ჟურნალისტებს, რომლებიც კორუფციაზე ან პოლიტიკოსებზე წერენ, როგორც კერძო პირებზე. ჩინეთში აკრძალულია ასევე რეპორტაჟები, სადაც პარტიის სახელისუფლო მონოპოლიასა ან პარტიის ხელმძღვანელობაზეა ლაპარაკი. ამ, საბაზრო ეკონომიკის გზაზე მდგომ, ქვეყანაში პრესის მუშაკთა ცხოვრებას ისიც ართულებს, რომ არ არსებობს ცხადი კანონმდებლობა, რომელსაც შეეძლებოდა განესაზღვრა, რისი უფლება აქვს და რისი არა ჟურნალისტს. კომუნისტური პარტიის პროპაგანდის უწყება სისტემატურად შეიმუშავებს ხოლმე მითითებებს, თუ როგორ უნდა იქნეს ხალხი ინფორმირებული ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უკანასკნელი მითითება ჟურნალისტებს აუწყებს, რომ მასმედიამ უნდა გამოხატოს უბრალო მოქალაქის აზრი და უნდა გაითვალისწინოს სამი სიახლოვე: სიახლოვე სინამდვილესთან, სიახლოვე მასებთან და სიახლოვე ჭეშმარიტ ცხოვრებასთან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG