Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გზით აპირებს საქართველო ნატოში ინტეგრირების პროცესის დაჩქარებას


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებმა მოიწონეს და დაამტკიცეს ეროვნული პროგრამა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის კომპლექსური ღონისძიებების

განხორციელებას ითვალისწინებს. 16 მაისს უშიშროების საბჭომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. მას პირადად პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში. ასეთი ნაბიჯებით უპასუხა საქართველოს მთავრობამ ნატოს გენერალური მდივნის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ნატომდე გასავლელი რთული და გრძელი გზის წარმატებით დასაძლევად, საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული პროცესების გაღრმავება მოეთხოვება.


ეროვნული პროგრამა 30-ზე მეტი პუნქტისგან შედგება და ეს პუნქტები ოთხ ნაწილად არის დაყოფილი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რევაზ ბეშიძე განმარტავს:

[რევაზ ბეშიძის ხმა] "პირველი ნაწილი არის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, მეორე არის თავდაცვისა და სამხედრო სფეროს საკითხები, მესამე - რესურსების საკითხები, მეოთხე არის უსაფრთხოების საკითხები (ლაპარაკია ინფორმაციის უსაფრთხოებაზე) და სამართლებრივი საკითხები. "

ოთხნაწილიანი ეროვნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების საკოორდინაციო საბჭომ უნდა გააკონტროლოს. საბჭოში, რომელსაც პირადად ედუარდ შევარდნაძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივნის ფუნქციას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი შეასრულებს.

როგორც უკვე ითქვა, პროგრამის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება, მეორე - თავდაცვის სფეროს და ამ სფეროში გასატარებელ რეფორმებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში :

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] " 5 ქვეპუნქტია გაშლილი და მოიცავს ძირითად ინფორმაციას, თუ რა ზომებს მივმართავთ და რა ღონისძიებებს გავატარებთ ჩვენ 2003 -2004 წლებში, რათა თავდაცვის სამინისტრო გარდაიქმნას სამოქალაქო სტრუქტურად, რათა ჩამოყალიბდეს მკაფიო გამიჯვნა ფუნქციებისა გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ასეთი კონცეპტუალური საკითხებია ამ გეგმაში და მასში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ნაბიჯები. კონკრეტული ნაბიჯები, ამ გეგმის მიხედვით, შესაბამისი უწყებების გეგმებში აისახება. "

როგორც გელა ბეჟუაშვილი განმარტავს, ასევე ზოგადი ხასიათის და პრაქტიკულად ეროვნული პროგრამის იდენტური იქნება ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამაც.
ეროვნული გეგმა 2003 -2004 წლებზეა გათვლილი. გელა ბეჟუაშვილის აზრით, სწორედ ამ პერიოდში მოეთხოვება საქართველოს იმის დამტკიცება, რომ ის ნატოს სერიოზული პარტნიორია და სწორედ ამ პერიოდში ჩატარებული სამუშაოები გადაწყვეტს, რამდენად სწრაფად გადავა ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების გეგმის შესრულებაზე, ანუ რამდენად სწრაფად გახდება ის ნატოში გაწევრიანების რეალური კანდიდატი. როგორც ჯორჯ რობერტსონმა თბილისში ყოფნისას აღნიშნა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი. ამ გზის პირველი ეტაპი საქართველოს ნატოში ინტეგრირების ეროვნული პროგრამის მიღებაა. ეროვნული პროგრამა კი რეფორმების განხორციელებას ეროვნული ფინანსური რესურსებით ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობაში, უწინდებურად, უცხოელ მეგობართა დაპირებების იმედი აქვთ, დაპირებების, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზის გაკვალვაში დაეხმარებიან. მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ირაკლი მენაღარიშვილის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ნატოსთან მიახლოებისთვის საქართველოს რთული საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი, პირველ ყოვლისა კი - ნოემბერში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და კორუფციის შეზღუდვა.
XS
SM
MD
LG