Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

487-ე გამოშვება.


487-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო მსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ "მეათე სტუდიაში" გიწვევთ და ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებას უმეტესწილად ხელოვნებაზე საუბარს დავუთმობთ: მოგითხრობთ ფოტოგრაფ ბესო გულაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე და მზადებაზე, რომლიც წინ უსწრებს თბილისში წიგნის მორიგი ფესტივალის გამართვას. დღესვე გამოვეხმაურებით ორი გამოჩენილი გიტარისტის, ჯანგო რაინჰარტისა და ჯეკ ბრუსის სახელებთან დაკავშირებულ თარიღებს. თუმცა, პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებსაც შევეხებით, როცა გავიხსენებთ ლეგენდარულ რევოლუციონერს, ჩე გევარას. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]
იწყება მზადება წიგნის ფესტივალისათვის
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
11-დან 14 ივნისამდე თბილისში გაიმართება წიგნის ფესტივალი, რომელსაც, უკვე შეიძლება ტრადიციული ეწოდოს. ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება და მას ისევ ფილარმონია უმასპინძლებს. თუ წინა ოთხი ფესტივალის ორგანიზებისთვის ფულს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები იძლეოდნენ - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ევრაზიის ფონდი, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტი - წლევანდელი ფესტივალი მთლიანად ქართული პროექტია: მის ორგანიზატორს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას შეეწიენ მედია-ჰოლდინგი "რუსთავი-2" და პარტია "ახალი მემარჯვენეები". თუ რას შეიძლება ველოდოთ ფესტივალისაგან, ამაზე დავით პაიჭაძე მოგითხრობთ ასოციაციის პრეზიდენტთან, მერაბ ქათამაძესთან ერთად.

დავით პაიჭაძე:
თბილისის ფილარმონიის ფოიეში წიგნის ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება. არადა, ყოველ ჯერზე აშკარაა, რომ ეს სივრცე თუ ფართობი ვერც გამომცემლებსა და მათ პროდუქციას აუდის და, მით უმეტეს, ვერც ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ ფილარმონია ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც ამ ფესტივალის ჩატარება შეიძლება: მისი ორგანიზატორები გამოკითხვათა შედეგად დარწმუნდნენ, რომ, მაგალითად, დიდუბეში, "ექსპო ჯორჯიის" ტერიტორიაზე, სადაც უკეთესი პირობებია, მნახველს ვერ მიიზიდავდნენ. ფესტივალისადმი მოქალაქეთა და მონაწილეობის მსურველთა ინტერესის ზრდას მერაბ ქათამაძე ასეთი სტატისტიკით ადასტურებს [ქათამაძის ხმა]: "სტატისტიკა არის ასეთი: პერველი ფესტივალი - 19 მონაწილე, 500 დამთვალიერებელი; მეორე ფესტივალი - უკვე სადრაც 40-მდე მონაწილე, 2 ათასი დამთვალიერებელი; მესამე ფესტივალი - 52 მონაწილე და 4 ათასი დამთვალიერებელი და მეოთხე ფესტივალზე იყო 69 მონაწილე და 11 ათასამდე დამთვალიერებელი. დამთვალიერებლტა რაოდენობა - ვგულისხმობ წიგნის მოყვარულებს, რომლებიც შემოდიან, წიგნს შეიძენენ, ათვალიერებენ - უფრო დიდი კოეფიციენტით იზრდება. ნაკლებად, მაგრამ იზდრება მონაწილტა რაოდენობაც. სავარაუდოდ, გავთვალეთ და წელს 80 მონაწილეს ველოდებით".

მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ მონაწილეთა განსათავსებლად ფილარმონიის ფოიეში ანტრესოლსაც გამოიყენებენ.

შარშან წიგნის ფესტივალს ორგანიზატორებმა "საერთაშორისოს" სტატუსი მიაკუთვნეს, თუმცა ბევრი სტუმარი მას არ ჰყოლია: თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი თბილისში განთავსებული უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს; ჩამოსულნი იყვნენ აზერბაიჯანელი გამომცემლები, წიგნები გამოფინეს რუსეთის ორიოდე გამომცემლობის ქართველმა დისტრიბუტორებმა. მე ვკითხე მერაბ ქათამაძეს, ვინ ეგულება ფესტივალის ახალ უცხოელ სტუმრებად [ქათამაძის ხმა]: "წელს იანვარში ჩვენი ფესტივალით დაინტერესდა რუსული მხარე. გვქონდა მიმოწერა და ისინი აპირებენ მონაწილეობას. ლაპარაკია ორ ასოციაციაზე; ერთია "რუსეთის წიგნის კავშირი" (აერთიანებს საკმაოდ მსხვილ გამომცემლებს), ხოლო მეორეა "ესენგეს" ქვეყნების წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია. აი, ამათ ველოდებით".

რა მიზეზი აქვს რუსეთის გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების დაინტერესებას თბილისის ფესტივალით, ან უკეთ, ქართული ბაზრით? მერაბ ქათამაძე მიიჩნევს, რომ [ქათამაძის ხმა] "ჯერ ერთი, რუსული წიფნის სექტორი ძალიან განვითარდა. ის უკვე ეძებს ბაზარს თავის საზღვრებს გარეთ. ბუნებრივია, პირველად მზერას იმ სივრცეებს მიაპყრობს, სადაც, ტრადიციულად, ძლიერი იყო. მეორე მზრივ, ისინი ხედავენ, რომ ამ ქვეყნებში მცირდება რუსულ წიგნზე მოთხოვნილება. ეს არ შეიძლება არ აფიქრებდეს ისეთი მძლავრი საგამომცემლო ინდუსტრიის ქვეყანას, როგორიც რუსეთია. ესეც, ვფიქრობ, ლოგიკური ინტერესია".

რაც შეეხება დასავლური გამომცემლობების ჩართვას ფესტივალში, ეს წელს არ ხერხდება და, საერთოდაც, რთული იქნება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი საამისოდ ერთი პირობის შესრულებას მიიჩნევს აუცილებლად: ჩვენ უნდა შევძლოთ და თბილისის წიგნის ფესტივალი სამხრეთი კავკასიის წიგნის ბაზრობის რანგში ავიყვანოთ, სადაც, სულ ცოტა, სამი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნების ინტერესი გაღვივდება. მერაბ ქათამაძის თქმით, [ქათამაძის ხმა] "ამაზე წინასწარი შეთანხმება, პირობები არსებობს. ჩვენ ეს პროექტი გვქონდა. სხვათა შორის, გვინდოდა, წელს. წელს არ მოესწრო, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფესტივალის რანგი ამაღლდება ამიერკავკასიის წიგნის ბაზრობამდე".

დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებისათვის". თბილისი
[მუსიკა]

ფოტოგრაფ ბესო გულაშვილის ნამუშევრების გამოფენა
გიორგი გვახარია, თბილისი

წამყვანი:
განვაგრძობთ მეათე სტუდიის 487-ე გამოშვებას და მასთან ერთად თბილისის კულტურულ ცხოვრებაზე საუბარს. გასულ კვირას თბილისის "ენ გალერეაში" ფოტოგრაფ ბესო გულაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიცია სულ რამდენიმე დღეში დაიხურა, მან მოსაწრო შთაბეჭდილების მოხდენა: პროფესიონალები აღფრთოვანებით საუბრობენ გაზეთ "24 საათის" ფოტოკორესპონდენტის ამ ნამუშევრებზე. ჩვენი თბილისელი კოლეგის, გიორგი გვახარიას აზრით, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია ახალ ტენდენციას წარმოაჩენს ქართულ ფოტოგრაფიაში.

გიორგი გვახარია:
ბრიტანული საბალეტო დასის "random dance"- ის გასტროლები, რომელიც ორი წლის წინ მოეწყო ჩვენში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. 1992 წელს დაარსებული ეს დასი წარმატებით ახერხებს ახალი ტექნოლოგიების შერწყმას კლასიკურ ცეკვასთან, ხოლო დასის დამფუძნებელი უეინ მაკრეგორი ამტკიცებს, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის პლასტიკური შესაძლებლობები კვლავაც უსაზღვროა.

გაზეთ "24 საათის" ფოტოკორესპონდენტმა ბესო გულაშვილმა ძალიან კარგად იგრძნო ბრიტანული საბალეტო დასის სტილის თავისებურება. ბესომ სწორედ ციფრული ფოტოაპარატით შეიარაღდა და "რანდომ დანსის" კონცერტის გადაღება გადაწყვიტა. სხვათა შორის, ქართველ ფოტოგრაფს თავად გასტროლების ორგანიზატორებმა "შეუწყეს ხელი - ბრიტანელებმა კატეგორიულად აკრძალეს დარბაზში ეგრეთ წოდებული "ელვა-გადაღება", ამიტომ ბესო უბრალოდ იძულებული გახდა მოემარჯვა ციფრული აპარატი, რომელიც სიბნელეში იღებს "ელვის გარეშე". დაახლოებით სამი წლის წინ გამოგონებული ეს კამერა, ბესოს თქმით, "ჯადოსნური" სულაც არ არის. აქვს უამრავი შესაძლებლობა, მაგრამ ნაკლიც ბევრი აქვს. ბესო გულაშვილის თქმით
[ბესო გულაშვილის ხმა]: "ტექნიკა ყველაზე მთავარია... აბსოლუტურ სიბნელეში ანათებს გამოსახულებას... კარგ ნახევარტონებს იძლევა, შავ-თეთრი არ არის, ნაკლი ისა აქვს, რომ დაბალი სიჩქარე აქვს და სწრაფ მოძრაობებს ვერ აფიქსირებს... ან ხელი არ არის ან ფეხი, ძალიან სწრაფად თუა გაქნეული, საერთოდ არ არის ინფორმაცია. ეს ციფრული ფოტოგრაფია ფერს საერთოდ არ აღიქვემს, აღქვამს ფერიდან წამოსულ სითბოს"

და სწორედ ისაა ქართველი ფოტოგრაფის დამსახურება, რომ მან არა მარტო ნახევარტონებით გაამდიდრა სურათები (მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული საბალეტო დასის წარმოდგენა სულაც არ გამოირჩეოდა ფერის სიუხვით), არამედ "შეაჩერა მოძრაობა", უფრო სწორად წარმატებით მოახერხა "დროის მუმიფიცირება". ფოტო ფაქტობრივად იქცა კინოდ, რადგანაც სურათი აბსოლუტურად განთავისუფლდა სტატიკურობისგან. თუმცა ახა;ლგაზრდა ფოტოგრაფის ეს სურათები არავინაღიქვა უბრალო რეპორტაჟად; არის რაღაც მისტიკური, რაღაც ირეალური ბესო გულაშვილის სურათებში, შესაძლებელია ფოტოზე ეს პოეტური, თუ იდუმალი მეტია, ვიდრე თავად ბრიტანელი მოცეკვავეების სპექტაკლზე. თუმცა თავად ბესო გულაშვილი ამბობს, რომ მას ძალიან მოეწონა "რანდომ დანსის" სპექტაკლები.

[ბესო გულაშვილის ხმა]: "ბალეტის მოყვარული არა ვარ, მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ დაგიპყრობს უცებ... პორტრეტი მირჩევნია... დინამიკა გაცილებით საინტერესოა, თან დასდევ. პორტრეტი სტატიკურია, ცოტა უფრო ადვილი გასაკეთებელია... 140 კადრი გადავიღე, თუმცა, ვფიქრობ, რომ 30-იც ბევრია, 19-ს დავტოვებდი მარტო. კინოკადრივით რომ არ გამოსულიყო დავიყვანე 30-მდე"

რას ნიშნავს "კინოკადრივით რომ არ გამოსულიყო?"…როგორც ჩანს, ბესოს არ სურდა მექანიკურად "დაელაგებინა" ფოტოები, რათა მაყურებელს მოძრავი ფირის ილუზია შექმნოდა. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი იყო თავად ექსპოზიცია, ე.ი. სურათების განლაგება. "ენ გალერეიას" ერთ-ერთი საუკეთესო საგამოფენო დარბაზი აქვს თბილისში - მაგრამ ეს დარბაზი პირველად გაცოცხლდა "მოციმციმე" ფოტოებით, რომელმაც გახსნა დარბაზის სივრცე და ფოტოგრაფია არქიტექტურის ნაწილად აქცია. ბესო გულაშვილმა გვითხრა, რომ მან უკვე გაუგზავნა ფოტოები ბრიტანული საბალეტო დასის წევრებს, თუმცა, საეჭვოა, გაზეთ "24 საათის" ფოტოკორესპონდენტის ამ სურათებმა ისეთივე ეფექტი შექმნას, როგორც თბილისში, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში დაფუძნების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა ფოტოგრაფია თავისუფლდება "ასლის" ძველთა ძველი კომპლექსისგან, ის შემთხვევაა, როცა ფოტოსურათი აღარ არის ცივი კინოობიექტივით დანახული სინამდვილე - ფოტოსურათი მხატვრული ნაწარმოებია.

ცდებოდა, ნამდვილად ცდებოდა ცნობილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნე ვალტერ ბენიამინი, როცა ამბობდა "ფოტომ ხელოვნებას უნიკალურობა წაართვაო". ახლა უკვე საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს მომავალში ქართული გაზეთის ერთი ჩვეულებრივი კორესპონდენტი, ბესო გულაშვილი, რომელიც ამ გამოფენის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მედიანოვაციების პროგრამის მიერ ორგანიზებული კონკურისის ერთ-ერთი ლაურეატე გახდა. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ბესო გულაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო რეპორტაჟი" (თემა "ყაჩაღობა ბახტრიონის ქუჩაზე"). თუმცა, როგორც ვნახეთ, ახალგაზრდა ფოტოგრაფს ახალი ამბების აღბეჭდვასთან ერთად, მარადიული სილამაზე - ბალეტიც იტაცებს._

გიორგი გვახარია რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

14 მაისს ჩე გევარა 75 წლის გახდებოდა
მარიამ ჭიაურელი

წამყვანი:
ვერ გეტყვით, პორტრეტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფოტოსურათზეა გამოსახული, მარადიულ სილამაზეს გვაზიარებდეს. მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ ჩე გევარას გარეგნობამ დიდად შეუწყო ხელი მის უდიდეს პოპულარობას. მსმენელს, ალბათ ახსოვს მისი სახე - წვერიანი მამაკაცი თავზე ვარსკვლავიანი ბერეტით, სწორი ნაკვთები, სევდიანი თვალები, რომლებიც სადღაც შორს იცქირება. ეს ფოტო-პორტრეტი ლათინურ ამერიკასა თუ ევროპის ქვეყნებში ურიცხვ მაისურზე და პლაკატზეა გამოსახული, რაც (თავისთავად უბრალო, მაგრამ თვალშისაცემი ფაქტი) ცხადჰყოფს, რომ ჩე გევარას პოპულარობა მისი გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგაც არ განელებულა.

რა განაპირობებს ასეთ ინტერესს? ამ შეკითხვაზე პასუხის მიკვლევის იმედით ჩვენს ბერლინელ კორესპონდენტს, გიორგი მასიურაძეს დავურეკეთ. ოღონდ ვიდრე მასთან საუბრის ჩანაწერს შემოგთავაზებდეთ, ჩე გევარას ხმას მოვუსმინოთ - ეს არის ნაწყვეტი მიმართვიდან, რომლითაც ის 1964 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა. შემდეგ კი შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს ჩე გევარას ხანმოკლე, მაგრამ დრამატული მოვლენებით აღსავსე ბიოგრაფიიდან.
[ჩე გევარას ხმა]
ერნესტო გევარა დე ლა სერნა 75 წლის წინ, 1928 წლის 14 მაისს, ზოგი წყაროს ცნობით, 14 ივნისს დაიბადა არგენტინის ქალაქ როსარიოში, ყმაწვილობაშივე დაინტერესდა მარქსიზმით და სამედიცინო განათლების მიღებამდეც და მიღების შემდეგაც ბევრი იმოგზაურა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 1955 წელს ის მექსიკაში შეხვდა ფიდელ კასტროს, რომელთან ერთადაც სათავეში ჩაუდგა კუბის რევოლუციას. 1959 წელს რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჩე გევარა არაერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, იყო კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მრეწველობის მინისტრი, მაგრამ 1965 წელს ყველა პოსტიდან გადადგა, კუბის პასპორტიც კი დააბრუნა და რევოლუციური ზრახვებით ახლა სხვა ქვეყნებს მიაშურა. წარუმატებლად. ის და მისი რაზმი 1967ი წლის ოქტომბერში, ბოლივიაში გაანადგურეს.

რატომ იქცა ჩე გევარა მითად? ის ხომ არც პირველი რევოლუციონერი ყოფილა და არც უკანასკნელი? აი, როგორ პასუხობს ამ შეკითხვას გიორგი მაისურაძე:

იხ. აუდიო ვერსია
[მუსიკა]

წამყვანი:
ამ სიმღერის, "Hasta siempre comandante Che Guevara" შემდეგ "მეათე სტუდიას" მუსიკაზე, უფრო ზუსტად, მუსიკოსებზე საუბრით განვაგრძობთ.
[მუსიკა]

ჯანგო რაინჰარდტის გარდაცვალების 50-ე წლისთავი
ბიძინა რამიშვილი

მარიამ ჭიაურელი:
ჯანგო რეინჰარდტს - ანუ რენარდს, როგორც მას საფრანგეთში უწოდებენ - მარცხენა ხელზე მხოლოდ სამი თითი შერჩენია ხანძრის შემდეგ. მაგრამ დაკვრის განსაკუთრებული მანერით იგი მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტებს მიეკუთვნებოდა. ფენომენურმა ტექნიკამ და განუმეორებელმა სტილმა იგი ლეგენდად აქცია.

1910 წელს ბელგიაში დაბადებული ბოშა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, დღემდე მრავალთათვის ითვლება ევროპაში ჯაზის უმნიშნვნელოვანეს წარმომადგენლად. მისა და მევიოლინე სტეფან გრაპელის მიერ დაარსებულმა კვინტეტმა "ჰოთ კლაბ დე ფრანსმა" ჯაზის ეპოქა შექმნა და არა მხოლოდ საფრანგეთში. ჯანგო რეინჰარდტს ბიძინა რამიშვილი გაიხსენებს.

ბიძინა რამიშვილი:
როცა ჯანგო - მისი ნამდვილი სახელი ჟან-ბატისტი გახლდათ - ზუსტად 50 წლის წინათ, 1953 წლის 16 მაისს პარიზის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით, იგი 43 წლის იყო. მწერალი ბორის ვიანი მის ნეკროლოგში წერდა: "ფრანგული ჯაზისთვის წარმოუდგენელია უფრო დიდი დანაკლისი. ეს ჯაზის მთელს საერთაშორისო სამყაროს ეხებაო."

ჯანგო რეინჰარდტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და არც ნოტების კითხვა შეეძლო. ასე რომ, სხვა გზა არ ჰქონდა - იმპროვიზაციისთვის უნდა მიემართა.

"სამთითა ელვა" - ასე შეარქვა მას იტალიურმა პუბლიკამ, რომლის გული გიტარისტმა 1949 წლის ტურნეს დროს მოინადირა რომისა და ნეაპოლის ჯაზკლუბებში გამართული კონცერტებით - გზაში დაიბადა ავტოფურგონში. მამამისივით, რომელიც გიტარისა და ვიოლინოს ვირტუოზი იყო, მუსიკა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. თორმეტი წლისა პარიზის ბარებში ბანჯოსა და გიტარაზე უკრავდა, შემდეგ უფრო და უფრო ცნობილ დუქნებსა და ჯაზკლუბებში.

25 წლისა პარიზისა და ლონდონის სახელგანთქმულ კლუბებში გამოდიოდა. 1946 წელს ჯაზის ლეგენდასთან, პიანისტ და კომპოზიტორ დიუკ ელინგტონთან ერთად გამართა ტურნე ამერიკაში. ამის შემდეგ ამერიკაში ჯაზის ერთ-ერთ უდიდეს ევროპელ მუსიკოსად აღიარეს.

ჯანგო რეინჰარდტს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან გიტარისტს, არასოდეს ჰყოფნიდა ფული. ბილიარდისა და პოკერის ვნებით იყო შეპყრობილი და ფულს ბღუჯა-ბღუჯა გასცემდა ხოლმე. უყვარდა ამერიკული მანქანები და შამპანური. ამასთან, არად აგდებდა, რომ უმეტესი დრო ავტოფურგონში ცხოვრობდა თავის ცოლთან და ვაჟთან ერთად - იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ბოშად დარჩა.

ხმის ჩამწერ სტუდიაში რამდენიმე კვირის მუშაობის ან საკონცერტო ტურნეების შემდეგ რამდენიმე თვე გაუჩინარდებოდა ხოლმე. ასეთ დროს საფრანგეთის პრესაში ზოგჯერ თვალს მოჰკრავდით მსგავსი შინაარსის ცნობას: "ჯანგო რეინჰარდტი ნომერ მეშვიდე ავტოტრასაზე, ლიონის მახლობლად, 489-ე კილომეტრის მიდამოებში შეამჩნიეს." მხოლოდ სიკვდილამდე ორი წლით ადრე შეწყვიტა ხეტიალი და პარიზის მახლობლად დასახლდა. იქვეა დაკრძალული.

მწერალი ჟან კოკტო წერდა: "ჯანგო გარდაიცვალა. მან ისე იცხოვრა, როგორც ოცნებაში - ავტოფურგონში. მისი სული მუდამ დახეტიალებდაო."
[მუსიკა]

ბას-გიტარისტი, რომელსაც ჩრდილში ყოფნა არ უყვარს
(ჯეკ ბრუსი - 60)

წამყვანი:
ჯანგო რენარდი რომ გარდაიცვალა, ის მუსიკოსი, რომელზეც ახლა გვინდა გესაუბროთ, სულ ათი წლის იყო და, ცხადია, მუსიკოსის კარიერაზე ნაკლებად თუ ფიქრობდა. მაგრამ განსხვავებით რენარდისგან, რომელმაც ნოტების კითხვაც არ იცოდა, ჯეკ ბრუსმა საუცხოო მუსიკალური განათლება მიიღო და ერთ ხანს თავის მშობლიურ შოტლანდიაში, სამეფო მუსიკალური აკადემიის სტიპენდიატი იყო ჩელოსა და კომპოზიციის განხრით. თუმცა, ჩელისტ ჯეკ ბრუსს დღეს არა მგონია, ვინმე იცნობდეს. აი, ბას-გიტარისტი ჯეკ ბრუსი კი სხვა საქმეა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:
ერთხელ ერთმა კრიტიკოსმა იხუმრა, ბას-გიტარისტს მაშინ თუ მიაქცევ ყურადღებას, როცა სცენაზე არ არისო. მართლაც, როკ-მუსიკის ისტორიაში მუდამ იყვნენ და დღესაც არიან ჯგუფები, რომელთა მუსიკაში ბას-გიტარას მეორეხარისხოვანი ფუნქცია ენიჭება. მოიძებნება ისეთი ანსამბლებიც (უწინ "დორსი", დღეს - "უაიტ სტრაიპსი" და სხვები), რომელთა შემადგენლობაში ბას-გიტარისტს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. მოკლედ, საკამათო არაფერია: ჯაზისგან განსხვავებით, როკში ოთხსიმიან გიტარაზე დამკვრელებს მუდამ თავიანთი კოლეგების ჩრდილში უწევთ ყოფნა.

როკ-მუსიკის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ბასისტები, თავიანთი ანსამბლების მუსიკალური სახე რომ განესაზღვროთ და წარემართოთ. თუ მაინცდამაინც ჩამოთვლა მოვინდომეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლ მაკკარტნი "ბითლსიდან", ენდი ფრეიზერი "ფრიდან", ფილ ლინოტი "სინ ლიზიდან", ჯონ ენტუისლი "ჰუდან"... მაგრამ მათ შორის უპირველესი მაინც ჯეკ ბრუსია, მუსიკოსი, რომელმაც როკ-მუსიკის ისტორიაში პირველმა მოახერხა, თავის ინსტრუმენტში მანამდე არნახული თუ ვერმიგნებული შესაძლებლობები აღმოეჩინა და ამით ჯაზმენ კოლეგებს გატოლებოდა.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ჯეკ ბრუსი შოტლანდიის სამეფო მუსიკალური აკადემიის სტიპენდიატი იყო ჩელოსა და კომპოზიციის განხრით. ეს აკადემია ბრუსმა 17 წლის ასაკში მიატოვა და თავისთვის შესაფერისი ანსამბლის ძიებაში დიდი ბრიტანეთის არაერთი ცნობილი ჯგუფის ხელში გამოიარა. თავიდან ეს ძირითადად ბლუზისა და რითმ ენდ ბლუზის აღიარებული ანსამბლები იყო: საკმარისია დავასახელოთ ალექსის კორნერისა და გრემ ბონდის, ჯონ მაიოლისა და მანფრელ მენის ანსამბლები, რომელთა შემადგენლობაში ჯეკ ბრუსს - როგორც ბასისტს, ვოკალისტსა თუ კომპოზიტორს - არასოდეს შეუსრულებია მეორეხარისხოვანი როლი.

მაგრამ ჯეკ ბრუსის სახელი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ანსამბლს, რომელმაც სულ რაღაც ორწელიწადნახევარი იარსება და რომელიც, მიუხედავად ამისა, დღემდე რჩება როკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად. ეს "კრიმი" გახლავთ.

[მუსიკა. Sunshine of Your Love]

როკ-მუსიკის მოყვარულებს არ სჭირდებათ "კრიმის" შემადგენლობის შეხსენება. დანარჩენებისთვის ვიტყვი: სოლო-გიტარა - ერიკ კლაპტონი, დოლები - ჯინჯერ ბეიკერი, ბას-გიტარა - ჯეკ ბრუსი. 1966 წლის ივლისში დაარსებული ეს ჯგუფი 1968 წლის ნოემბერში დაიშალა. არსებობის 28 თვის მანძილზე ჯგუფმა მოახერხა ის, რასაც სხვები 28 წელიწადში ვერ ახერხებენ: შეექმნა ყველასგან განსხვავებული, სრულიად განუმეორებელი ხელწერა, მიეღწია ჟღერადობისთვის, რომელიც მუსიკაში გათვითცნობიერებულ კაცს შეუძლებელია, რომელიმე სხვა ანსამბლისაში აერიოს. ყველაზე მეტად აღსანიშნავი კი ალბათ ის არის, რომ "კრიმს" ერთნაირად აფასებდნენ და პატივს სცემდნენ სერიოზული მუსიკალური კრიტიკოსებიც და როკ-მუსიკის მოყვარულთა ფართო მასებიც.

"კრიმის" დაშლის შემდეგ თითქმის 35 წელიწადი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ჯეკ ბრუსმა ათობით ალბომი გამოუშვა და ასობით კონცერტი გამართა. ამ ალბომებსა და კონცერტებს შორის იყო მეტად წარმატებულიც და ნაკლებად აღსანიშნავიც. მაგრამ ამაზე, მოდით, სხვა დროს ვილაპარაკოთ. დღეს კი 60 წლის ჯეკ ბრუსზე საუბარი "კრიმის" პერიოდის მისი კიდევ ერთი კომპოზიციით გვინდა დავასრულოთ.

[მუსიკა. White Room]

წამყვანი: კომპოზიციით White Room დამთავრებთ არა მარტო ჯეკ ბრუსზე საუბარს, არამედ "მეათე სტუდიასაც". რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG