Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მოსახლეობას დღეს შეუძლია ქუჩაში აღარ გავიდეს და სატელევიზიო პირდაპირი ეთერის საშუალებით საზეიმო ღონისძიებების თანამონაწილე გახდეს. 1919-20 წლებში ტელევიზია არ არსებობდა, მაგრამ ქართველი კინოოპერატორები მაინც ახერხებდნენ ეროვნული დღესასწაულის ფირზე აღბეჭდვას. ეს კადრები შევიდა სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა", რომლის პრემიერა 1990 წელს მოეწყო თბილისში. მე ვესაუბრე ფილმის ავტორს, დოკუმენტური სტუდია "მემატიანის" მაშინდელ რედაქტორს ნინო ნატროშვილს. საინტერესოა, რომ ქალბატონი ნინო თავის ნამუშევარს "ფილმს" არ უწოდებს.

"ეს არის აღდგენილი, თავმოყრილი მასალა და არა ფილმი," - ამბობს ნინო ნატროშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ, ამ მასალაზე დაყრდნობით, ფილმი ოდესმე გაკეთდება. დოკუმენტური სტუდია "მემატიანის" ყოფილი რედაქტორი, ვფიქრობ, მეტისმეტად თავმდაბალია: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის ქრონიკა", რომელსაც განუწყვეტლივ უჩვენებენ საქართველოს ტელეარხებზე მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღესასწაული აღადგინეს, ეს ერთსაათიანი ქრონიკა, რა თქმა უნდა, ფილმია და არა, უბრალოდ, აღდგენილი მასალა... სურათზე მუშაობდნენ ოპერატორები, რომლებმაც დაამუშავეს ძველი ფირი - კონსულტანტი უშანგი სიდამონიძე, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი. ფილმს დაურთეს დიქტორის ტექსტი, რომელიც, მართალია, კომენტარს არ უკეთებს მოქმედებას, მაგრამ ინფორმაციას მაინც იძლევა... ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობის დღესასწაულს ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორ ხვდებიან მეორე ინტერნაციონალის წევრებს, როგორ ზეიმობენ გვარდიის დღეს - 12 დეკემბერს, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავს, როგორ შემოიერთა საქართველომ აჭარა, ე.ი. როგორ შევიდა ბათუმში ქართული ჯარი. უფრო მეტიც, ფირზე 1920 წლის გორის მიწისძვრის სამი პლანიც კია აღბეჭდილი. ასე რომ, ნინო ნატროშვილისა და ანდრო ჭიაურელის ნამუშევარი თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი, რომელსაც, შესაძლოა, ვერასდროს ვნახავდით, რომ არა ნინო ნატროშვილის მონდომება და, გარკვეული თვალსაზრისით, რისკიც. ამ მასალას ხომ ქალბატონმა ნინომ ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქაში, 1981 წელს, მიაქცია ყურადღება.

[ნინო ნატროშვილის ხმა]: "მუშაობა დავიწყე დოკუმენტურ სტუდიაში. რამდენიმე საცავი ეკუთვნოდა "მემატიანის" იმ განყოფილებას, რომელშიც მე ვმუშაობდი. ერთმა მხცოვანმა ქალმა მითხრა, ამ ფილმებს ხელი არ ახლოო, - მიწაზე ეყარა, ყველანაირი ნარჩენი იქ გროვდებოდა. მითხრა, ეს აკრძალული მასალააო... გორად ეწყო მიწაზე."

მართლაც, უცნაურია, როგორ მიივიწყა მაშინდელმა ხელისუფლებამ, როგორ "გამოეპარა" სუკს ეს მასალა. მოსკოვში, მაგალითად, ასეთ კადრებს, კაგებეს თანამშრომელთა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, საგანგებოდ აშენებულ "რკინის საცავში" ინახავდნენ ან, უბრალოდ, ანადგურებდნენ. ჩვენი სუკის დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით კი, მომავალ თაობებს უნიკალური კინომასალა შემორჩათ. თავის დროზე მენშევიკურმა მთავრობამ ამ ფირების საზღვარგარეთ გატანა ვერ მოასწრო. 1937 წელს ხელისუფლებამ დიდი წმენდა ჩაატარა და ეგრეთ წოდებული "ხალხის მტრების" - მაგალითად, სანდრო ახმეტელის - ამსახველი კადრები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ხელისუფლებას, შესაძლოა, იმედი ჰქონდა, რომ მენშევიკური საქართველოს ამსახველ კადრებს ოდესმე პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენებდა. ერთხელ ეს მოხდა კიდეც. ნინო ნატროშვილის თქმით:

[ნინო ნატროშვილის ხმა] "მერე უკვე, საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა, მოაგროვეს ესენი. სტუდიაში იჯდა პანკოვი, კაგებეს თანამშრომელი, რომელიც ყველა მასალას უყურებდა. ეს მასალები მას ჰქონდა კაბინეტში. 29 წელს გააკეთეს ფილმი "მათი სამეფო"... ტენდენციურად იყო გაკეთებული. მაგალითად, მეორე ინტერნაციონალი აქ ჩამოდის სტუმრად და გვიჩვენებენ, იქ როგორ არბევენ დემონსტრანტებს... ესენი ქეიფობენ, აქედან მარგანეცი გააქვთ, ასე იყო ჩამონტაჟებული."

საქართველოს გასაბჭოებამდე ასეთ გადაღებებს ერთ-ერთი პირველი ქართველი პროდიუსერი, გერმანე გოგიტიძე, ხელმძღვანელობდა. ნინო ნატროშვილი გაოცებას ვერ მალავს, თუ როგორი ოპერატიულობით იღებდნენ ქართველი კინემატოგრაფისტები ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენებს. მაგალითად, 1920 წელს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გადაღების შემდეგ, ფირი იმავე საღამოს გამოამჟღავნეს და კინოთეატრებში მეორე დღესვე, ე.ი. 27 მაისს, უჩვენეს. ერთსა და იმავე მოვლენას ზოგჯერ რამდენიმე ოპერატორი იღებდა. სხვათა შორის, ერთ კადრში ჩანს თავად გერმანე გოგიტიძეც, რომელიც ხელს უქნევს ოპერატორებს. გერონტი ქიქოძე თავის მემუარებში აღწერს ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ქალბატონს, რომელიც 1920 წლის 26 მაისს მოწყობილ აღლუმზე იდგა მანქანაზე როგორც დამოუკიდებლობის სიმბოლო. მანქანა შუა გზაში გაფუჭდა, რაც ავის მომასწავებელ ამბად მიიჩნიეს. ამ ხალხის წინასწარმეტყველება ახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ოპერატორებმა უკანასკნელი კადრები 1921 წლის 24 თებერვალს გადაიღეს. ნინო ნატროშვილის თქმით:

[ნინო ნატროშვილის ხმა] "ერთი მასალა არქივში რომ მივიტანე, მითხრეს, აქედან ასლი არ არის დაბეჭდილიო, ნეგატივი იყო მხოლოდ და მერე რეზო გაბაშვილის წიგნი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს არის გადაღებული 24 თებერვალს და მერე წავიდნენ ისინი... უკანასკნელი ბრძოლა როცა იყო სოღანლუღთან, კოჯორთან, როგორი თოვლია, ზარბაზნებს ისვრიან."

ჩვენს კითხვაზე, როგორ მოახერხა 1981 წელს სტუდია "მემატიანის" ერთმა ჩვეულებრივმა თანამშრომელმა ამ მასალის ნახვა, ნუთუ არ შეეშინდა, რომ სუკი მის დევნას დაიწყებდა ან, უბრალოდ, დააპატიმრებდა, ნინო ნატროშვილმა გვიპასუხა:

[ნინო ნატროშვილის ხმა] "კი არ მეშინოდა, მაგრამ ვფრთხილობდი, არავისთვის არ მითქვამს ეს და დავიწყე ამ ყუთების გახსნა, ეს იყო ნეგატივები, შეწებებული. თითო კადრი, თითო პლანია ამოღებული იქიდან. უამრავი გაფუჭდა."

ქალბატონი ნინო ამბობს, რომ იმხანად მას არ ჰქონდა იმედი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს კინომატიანეს ოდესმე მაინც ნახავდა ჩვენი საზოგადოება. მაგრამ კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ ახალგაზრდა რედაქტორმა მაინც უჩვენა ფირი სტუდიის მაშინდელ დირექტორს სანდრო თუშმალიშვილს, კოლეგებს და არა მარტო კოლეგებს - უჩვენა ავლიპ ზურაბაშვილს, აკაკი ბაქრაძეს. მოგვიანებით, როცა "პერესტროიკის" ეპოქა დაიწყო, ეს კინომასალა ლონდონში წაიღო და აკაკი რამიშვილს, ნოე რამიშვილის ვაჟს, გააცნო. 1990 წელს კი ნინო ნატროშვილისა და ანდრო ჭიაურელის ფილმის პრემიერა საზეიმოდ მოეწყო თბილისის კინოს სახლში. მერე ამ მასალის მიხედვით პატარა ფილმი გაკეთდა - "საქართველოს უკანასკნელი ომი", რომელიც პირველად ლანა ღოღობერიძემ უჩვენა პარიზის პომპიდუს ცენტრში. თუმცა "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა" მაინც ის ფილმია, რომელიც მაყურებელმა კუპიურების გარეშე უნდა ნახოს, რათა არა მარტო ინფორმაცია მიიღოს, არამედ ეპოქის სულს, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, "ეპოქის დიზაინს" ჩასწვდეს - ეზიაროს მომავლის იმედით სავსე სამყაროს, ბედნიერ სახეებს, არა მარტო უყუროს, არამედ "დაათვალიეროს" ეს კადრები. თავის შთაბეჭდილებას ნინო ნატროშვილი ასე გამოხატავს:

[ნინო ნატროშვილის ხმა] "ჯერ რამდენი მანქანაა თბილისში, ვერ წარმოიდგენ, ალბათ, ასზე მეტი მანქანაა. განსაკუთრებით ეტყობა ბათუმს, რომ იქ სულ სხვა ხალხია, ყველა შლიაპებშია, ქალები - ქოლგებით."

ბევრი მანქანა, მოდურად გამოწყობილი ქართველი ქალბატონები, სიხარული ადამიანების სახეებზე. 1918-21 წლებში კინოტექნიკა ჯერ ისე არ იყო დახვეწილი, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი კადრები ტენდენციურად გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ. ყველაფერთან ერთად, მათ საამისოდ დროც არ ექნებოდათ. ამიტომ დღეს ვერავინ იტყვის, რომ გერმანე გოგიტიძის ხელმძღვანელობით გადაღებული ეს კინომასალა არ ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის რეალობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა", მართლაც, არ არის ფილმი. ქართველი დოკუმენტალისტების ეს ნამუშევარი მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ფილმი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG