Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება განახლდა


რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობას ნათლად ასახავს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების მზადების ისტორია. ჯერ იყო და, 1994 წელს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი „მეგობრობისა და

კეთოლმეზობლობის" ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაბლოკა. წარუმატებელი აღმოჩნდა 2002 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ხელახლა მომზადების მცდელობაც. ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი შეთანხმებული იყო, როდესაც მოლაპარაკება შეწყდა და კონსულტაციების განახლება მხოლოდ ახლა, ერთი წლის შემდეგ, მოხერხდა.

27 მაისს თბილისში მოლაპარაკების განახლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს დაწყებული დათბობის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, წინა მოლაპარაკებისგან განსხვავებით, ქართული მხარე ერიდება დაასახელოს „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის" ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი. ერთი წლის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელშეკრულების 2 კვირაში გაფორმების იმედს გამოთქვამდა, მაგრამ 2 კვირაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ცივ ომს უფრო დაემსგავსა, ვიდრე მეგობრობასა და კეთილმეზობლობას.

ახლა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა განელდა, თუმცა მდგომარეობა არც ისე სტაბილურია, რომ შესაძლებელი იყოს ხელშეკრულების გაფორმების ზუსტი თარიღის დასახელება. მოსკოვის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯების გადადგმა კვლავაც მოსალოდნელია. ერთ ასეთ მაგალითად სანკტ-პეტერბურგის იუბილეზე აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციის მიწვევა გამოდგება.

ამ მორიგი უსიამოვნო ჟესტის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე იმედოვნებს, რომ თბილისში დაწყებული კონსულტაციები უშედეგოდ არ ჩაივლის. მით უმეტეს, რომ ჩარჩო ხელშეკრულების პროექტში უკვე შეთანხმებულია ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარულ-საგანმანათლებლო ბლოკი. ერთი წლის წინ შეთანხმებული იყო სამხედრო და პოლიტიკური საკითხების დიდი ნაწილიც. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკება კვლავ ყველა საკითხს შეეხება. კახა სიხარულიძის განცხადებით:

[კახა სიხარულიძის ხმა] „გადაწყვეტილება არის მიღებული არა რევიზიისთვის, არამედ იმისათვის, რომ ინტენსიურ, სწრაფ ტემპში კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა, უკვე შეთანხმებული, პარაგრაფი ნებისმიერი მიმართულებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გაუგებრობები იმ ეტაპზე, როდესაც უკვე ხელმოწერისთვის გამზადდება დიდი ჩარჩო ხელშეკრულება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას, რაიმე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ჩვენ ვერ ვხედავთ."

მიუხედავად ასეთი განწყობისა, მხარეები შესათანხმებელ საკითხებზე ლაპარაკს ერიდებიან. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა ჟურნალისტებს განუცხადა:

[მირონოვის ხმა] „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ისინი გადავლახოთ. მე მაინც არაფერს გეტყვით, რადგან თქვენც იცით, რომ არ შეიძლება შეუთანხმებელ პრობლემებზე ლაპარაკი, სანამ ისინი შეუთანხმებელია. აი, რაც შეთანხმებულია, მე მზად ვარ გითხრათ - ყველაფერი დანარჩენი."
ყველაფერ დანარჩენში სამხედრო და პოლიტიკური საკითხები არ იგულისხმება, თუმცა მათზე მოლაპარაკებაც სრულებით შესაძლებელია, რადგან „ჩარჩო ხელშეკრულების მიღმა რჩება საქართველოში მყოფი სამხედრო ბაზებისა და აფხაზეთის პრობლემები. ხელშეკრულებაში რუსეთს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ევალება. თუმცა მოვლენების არც საპირისპირო სცენარით განვითარებაა გამორიცხული, რადგან რუსეთის სახელმწიფო დუმას ერთხელ უკვე უარი აქვს ნათქვამი რუსეთ-საქართველოს „კეთილმეზობლობისა და მეგობრობის" იმ ხელშეკრულებაზე, რომელშიც თბილისი რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში 25 წლით დისლოცირებაზე იყო თანახმა.
XS
SM
MD
LG