Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოგთავაზებთ სოხუმში გამომავალი გაზეთების მიმოხილვას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სახელისუფლებო კრიზისი აფხაზეთში გრძელდება. მართალია, ორიოდე თვის წინ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ დააკმაყოფილა აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციის,

"ამცახარას", მოთხოვნა და სოხუმის მთავრობა დაითხოვა, მაგრამ ამას კრიზისი არ აღმოუფხვრია. ჯერ კიდევ არ შესრულებულა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორთა ძირითადი მოთხოვნა, რაც აფხაზურ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ითვალისწინებს. აფხაზეთში გამომავალი გაზეთების პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, სახელისუფლებო კრიზისი უახლოეს ხანში ახალ განვითარებას პოვებს.

დაძაბულობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერ ვლადისლავ არძინბასა და სოხუმის პარლამენტს შორის გრძელდება. დაძაბულობის მიზეზად იქცა სოხუმის პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებული კანონპროექტი "აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესის" შესახებ. შეგახსენებთ: ორი თვის წინ "ამცახარას" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ცვლილებების შეტანას აფხაზურ კონსტიტუციაში, რაც, პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნების წესის შეცვლას ეხება. 22-23 მაისის გაზეთი "რესპუბლიკა აფხაზია" აქვეყნებს სოხუმის ლიდერ ვლადისლავ არძინბას წერილს, რომლის ადრესატიც აფხაზური პარლამენტის სპიკერი აშუბა გახლავთ. გაზეთი წერს:


" აფხაზეთის კონსტიტუციის რევიზიის მცდელობა არამართებული საქციელია და პარლამენტის მიერ "კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, ამ კანონს არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება," - ნათქვამია სახალხო კრების სპიკერის აშუბას სახელზე გაგზავნილ ვლადისლავ არძინბას წერილში. მას მიაჩნია, რომ ვინაიდან აფხაზეთის კონსტიტუცია საერთო სახალხო რეფერენდუმით იქნა მიღებული 1999 წლის 3 ოქტომბერს, მასში შესატანი ცვლილებებიც მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა იყოს მხარდაჭერილი. "წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია საერთო სახალხო რეფერენდუმის დანიშნულება, თუ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია შეიცვალოს ან გაუქმდეს სახალხო კრების წევრთა ორი მესამედის სურვილით, ანუ 23 დეპუტატის გადაწყვეტილებით," - ფიქრობს არძინბა, რომელიც არ ეთანხმება პარლამენტარების აზრს, რომ აფხაზეთში შექმნილი პრობლემები კონსტიტუციის არასრულყოფილებითაა გამოწვეული. "სამწუხაროა, რომ პრობლემების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გადაწყვეტის ნაცვლად, სახალხო კრება ქარის წისქვილებთან ომითაა დაკავებული. მაგრამ მე არ ვაპირებ თქვენთან ამ ბრძოლაში ჩაბმას," - მიმართავს არძინბა აფხაზ დეპუტატებს.


" არავის არ უნდა უღალატოს პასუხისმგებლობის გრძნობამ" - ასეთი სათაურით აქვეყნებს 20-21 მაისის გაზეთი "რესპუბლიკა აფხაზია" ინტერვიუს სადეპუტატო გაერთიანება " რესპუბლიკის" თავმჯდომარესთან, თემურ აჩუგბასთან, რომლის შენიშვნითაც, ხელისუფლებისთვის ბრძოლა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ხელისუფლებისთვის აფხაზეთშიც იბრძვიან. ამავე დროს, იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში სოხუმში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებულად ხსნის. თემურ აჩუგბას ვარაუდით:

"უახლოეს ხანში ჩვენ აფხაზეთში დიდი პრივატიზაცია გველის. ეს საკმაოდ რთული პროცესია არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, გარკვეული ძალების მიერ წამოწყებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის გასაგები ხდება. მაგრამ რამდენად შეესაბამება მოვლენების გამძაფრება დღევანდელ ვითარებას, როცა, ფაქტობრივად, ერთპოლუსიანი სამყაროა შექმნილი, როცა საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებას, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, როცა აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ამერიკელ ჯარისკაცებს კი უფლება აქვთ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე? ასეთ პირობებში, ვფიქრობ, არაღიარებულ აფხაზეთში დაწყებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის, საკუთარი გამდიდრების მიზნით, რბილად რომ ითქვას, რისკთან არის დაკავშირებული.


კიდევ ერთი რისკი, რომელსაც ვერ გადაურჩა იზოლაციაში მყოფი აფხაზეთი, შიდსის გავრცელებაა. 18-19 მაისის გაზეთ "რესპუბლიკა აფხაზიის" ცნობით, დღეისთვის აფხაზეთში შიდსით ინფიცირებული 47 ადამიანია რეგისტრირებული. გაზეთის ვარაუდით, ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდი უნდა იყოს, რადგან დაავადება მხოლოდ მათ დაუდგინდათ, ვინც გამოკვლევებისთვის ექიმებს მიმართეს.
გაზეთი წერს:



"ყველაზე შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ ბოლო დროს გაიზარდა შიდსით დაავადებულ ქალთა რაოდენობა, რომელთა ასაკი 25 წელს არ აღემატება. როგორც გამოკვლევებით დადგინდა, ისინი ქმრებისგან დაავადნენ. ორი მათგანი ორსულადაა. ორმა - უკვე იმშობიარა.
ჯერჯერობით ასეთი შემთხვევები ბევრი არ არის, მაგრამ, სპეციალისტების პროგნოზით, 2004 წელს ინფიცირებულ ქალთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სოხუმში ესმით, თუ რა საფრთხეს შეიცავს შექმნილი სიტუაცია. საუბარია იმაზე, რომ შეტანილი იყოს ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში და ქორწინების რეგისტრაციის წინ ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა აუცილებელი გახდეს.
XS
SM
MD
LG