Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობს, მთავრობა კი ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნების გზებს ეძებს


3 ივნისის საპროტესტო გამოსვლას პრეზიდენტი გარეგნულად მშვიდად შეხვდა.მომხდარის კომენტირებისას თქვა, რომ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე მის წინააღმდეგ გამოთქმული

განცხადებებისა თუ მოწოდებების გამო გულში წყენა არ ჩაუდვია, სამაგიეროდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს 3 ივნისის საპროტესტო მიტინგის კანონიერების შესწავლა დაავალა. ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, კანცელარიაში უახლოეს დღეებში იმსჯელებენ ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნების გზებსა და ამოცანებეზე. მაინც, როგორ აპირებს მთავრობა ოპოზიციური ძალების მიერ ჩაფიქრებული საყოველთაო სახალხო მოძრაობის აღკვეთას?

3 ივნისის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ოთხშაბათს თბილისში სიწყნარე იყო. როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათხოვნისა და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულები პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებებით განვრცობილი აქცია- კონცერტით გვარიანად განიმუხტნენ. მიუხედავად იმისა, რომ 3 ივნისის ღამეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ ხელისუფლების გადადგომისთვის საყოველთაო სახალხო მოძრაობას ჩაუდგებიან სათავეში, 3 ივნისის აქციას საყოველთაო სახალხო მოძრაობა არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჩასვლას ვანის რაიონში და იქ მათსა და მათ მხარდამჭერებსა და ვანის რაიონის ადმინისტრაციის მიერ მობილიზებულ ადამიანებს შორის შეხლა-შემოხლას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესებზე შეუთანხმებლობის მიზეზით აგორებულ საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელზეც ხშირ-ხშირად გაისმოდა შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომის მოწოდებები, პრეზიდენტის რეაქცია ასეთი აღმოჩნდა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "საქართველოს მოქალაქეებს აღარ სურთ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი, დავრწმუნდით ამაში. ქუჩის აქციებიდან კი ერთი ნაბიჯია აქამდე. ამიტომ ეს მიიღოს ყველამ როგორც გაფრთხილება და არა როგორც მუქარა. "

მოქალაქეებს აღარ სურთ ქვეყანაში ქაოსი, ამბობს პრეზიდენტი, მაგრამ მისი მინიშნება იმის შესახებ, რომ ქუჩის აქციებიდან ქაოსამდე ერთი ნაბიჯია, იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ ხალხი ოპოზიციური ძალების მიერ ჩაფიქრებულ საყოველთაო-სახალხო მოძრაობას არ აჰყვება და ქუჩაში არ გამოვა. 3 ივნისს მომხდარში "სახელისუფლებო ბლოკის" ცალკეულმა წარმომადგენლებმა ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის რეალიზაციის ნიშნები დაინახეს, - ყოველ შემთხვევაში, გამოთქვეს ეჭვი, რომ სამშაბათის მანიფესტაცია, შესაძლოა, სწორედ ასეთი სცენარის ნაწილი იყო. თუმცა ამ დღეს პარლამენტის შენობის წინ მისულებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში საკუთარი უფლების, თავისუფალი არჩევანის უფლების დასაცავად გამოვიდნენ. ასეა თუ ისე, ხელისუფლებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა ხელს არ აძლევს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით სერიოზულ დათმობაზე არ მიდის. პრეზიდენტი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს, ოპოზიციური ფრაქციები კი - "ახალი მემარჯვენეები", "ნაციონალები", "გაერთიანებული დემოკრატები" და "ტრადიციონალისტები" - პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობენ. თუმცა ეს ფრაქციები, შესაძლოა, დაესწრონ ხუთშაბათის სხდომას, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტებზე უნდა ისაუბროს.
XS
SM
MD
LG