Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდებოდა კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მისაკვლევად


გაეროს სამხედრო დამკვირვებლების, 2 გერმანელი და 1 დანიელი ოფიცრის, აგრეთვე, მათი ქართველი თარჯიმნის ძებნას კოდორის ხეობაში კვლავ ადგილობრივი ძალები განაგრძობდნენ,

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის მეთაურობით. როგორც ცნობილია, გაეროს სამხედრო დამკვირვებლები და მათი თარჯიმანი კრიმინალებმა კოდორის ხეობის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
6 ივნისს დილით ემზარ კვიციანი ირწმუნებოდა, რომ პარასკევს საღამომდე გატაცებულთა და გამტაცებელთა ასავალ-დასავალი გაირკვეოდა. რა გაირკვა 6 ივნისის საღამოსთვის?

იმის გასარკვევად, მოხერხდა თუ არა კოდორის ხეობაში გატაცებულების და გამტაცებლების კვალზე გასვლა, ემზარ კვიციანს დაახლოებით საღამოს 6 საათზე დავუკავშირდი. მან გვითხრა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ორი სიტყვით აგვიხსნა, რომ ღამის 10 საათამდე რაიმე განმარტების მიცემისთვის ვერ მოიცლიდა. დამატებითი ინფორმაცია კოდორის ხეობიდან ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა მოგვაწოდა:

[ნორა კვიციანის ხმა] "გაარკვიეს ადგილი, სადაც ჰყავდათ ღამე დატყვევებულები და გასული ჯგუფი ამ ადგილას."[სტილი დაცულია]

როგორც ითქვა, ჯგუფმა, რომელსაც უშუალოდ ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობს, მიაკვლია ადგილს, სადაც კრიმინალებმა გატაცებულებს ღამე გაათევინეს. აქედან გამომდინარე, კოდორის ხეობაში ვარაუდობენ, რომ გამტაცებლები გატაცებულების ხეობიდან გაყვანას ვერ მოასწრებდნენ. ნორა კვიციანმა ისიც გვითხრა, რომ გატაცებულების ძებნას 6 ივნისსაც, უწინდებურად, მხოლოდ ადგილობრივი ძალები განაგრძობდნენ, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა ჯერ კიდევ 5 ივნისს განაცხადა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "სავსებით გასაგებია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო იოლია კვალზე დადგომა, მაგრამ მათთან ერთად იქ უნდა მუშაობდნენ ჩვენი ოპერატიული სამსახურები."

კოდორის ხეობაში შემოწმებულ იქნა ყველა საეჭვო პირი, ვინც შეიძლებოდა გარეული ყოფილიყო ადამიანთა გატაცებაში. მათი კავშირი დანაშაულთან გამოირიცხა.
დადგენილია, რომ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმნის გამტაცებელთა ჯგუფი 8 კაცისგან შედგება. ისინი არავისთან კავშირზე არ გასულან და არ დაუყენებიათ არავითარი პირობა გატაცებულთა გასათავისუფლებლად. - ასეთი განმარტება კოდორის ხეობიდან საღამოს 6 საათისთვის მივიღეთ.

კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცების მორიგ სამარცხვინო ფაქტს საქართველოში გაეროს მისია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებისკენ მიმართულ დანაშაულად განიხილავს. გაეროს მისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა გადამჭრელი ზომების მიღება გატაცებულთა გასათავისუფლებლად და დამნაშავეთა დასასჯელად. კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცება ბოლო სამი წლის მანძილზე რამდენჯერმე მოხდა. უკანასკნელი სამარცხვინო ფაქტის ნათელსაყოფად გატაცებულთა ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლებამ ჯილდოდ 2 ათასი დოლარი დააწესა. გაეროს სამხედრო დამკვირვებლები -კლაუს ოტი, ჰერბეტ ბაუერი, ჰენდრიკ სორენსენი და მათი ქართველი თარჯიმანი - ბოროტმოქმედებმა ხუთშაბათს დილით გაიტაცეს, მათთან ერთად მყოფი 4 რუსი მშვიდობოსმყოფელი კი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG