Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მექანიზმებს ორი მიმართულებით, მოსკოვსა და ვაშინგტონში, ეძებს


ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რეალურად არის დაინტერესებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარებით. აღნიშნულის თაობაზე

განცხადებები ორშაბათს საქართველოს ხელისუფლების პირველმა და მეორე პირებმა - პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ - გააკეთეს. ედუარდ შევარდნაძეც და ნინო ბურჯანაძეც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურების მოლოდინში არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესში რუსეთის განსაკუთრებული როლის იგნორირება არ შეუძლია. 16 ივნისს მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკების პროცესი, რომელზეც საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის თაობაზე.

მოსკოვში დაიწყო შევარდნაძისა და პუტინის სოჭის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, - ჯგუფისა, რომელსაც უშუალოდ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პრობლემატიკაზე მუშაობა ევალება. რუსეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა თემურ გამცემლიძემ განგვიმარტა, რომ 16 ივნისს მხარეები მარტოოდენ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხებზე აზრთა გაზიარებით შემოიფარგლნენ. მოლაპარაკება სამშაბათს, 17 ივნისს, გაგრძელდება და მას, ალბათ, არ შეუერთდება მოსკოვში მყოფი სერგეი შამბა.

თემურ გამცემლიძემ დაგვიდასტურა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის დედაქალაქში ყოფნა, თუმცა საქართველოს საელჩოში არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, ვისთან და რა საკითხებზე მოსალაპარაკებლად სტუმრობს მოსკოვს არძინბას წარმომადგენელი. ასეა თუ ისე, შამბას მოსკოვში ყოფნა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ რუსეთის ცნობილ თამაშზე მეტყველებს და ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს დელეგაციამ იქ აფხაზეთში - პირველ რიგში კი, გალის რაიონში - დევნილთა ღირსეულად დაბრუნების სერიოზულ პირობას მიაგნოს. ამ პირობის ძებნაში ყველა და, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც დაიღალა. ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის წარამარა გაგრძელებამაც დაღალა. ერთი მხრივ, ის მომხრეა სამშვიდობო ძალების მანდატი 6 თვეზე ხანგრძლივი ვადით განისაზღვროს, ისე როგორც ამაზე ის და მისი რუსი კოლეგა შეთანხმდნენ, მეორე მხრივ - აფხაზეთის პრობლემის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების საგრძნობი გააქტიურების მოლოდინშია. შესაბამისი თხოვნით ედუარდ შევარდნაძემ ჯორჯ ბუშს ორი კვირის წინ მიმართა. მისივე დავალებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აფხაზეთის საკითხზე კოსნულტაციები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აწარმოა. თედო ჯაფარიძე უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა. საგულისხმოა, რომ აფხაზეთის თემა სერიოზულად იქნა განხილული პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროსაც. თუ რა მიმართულებები გამოიკვეთა იქ, ცნობილი არ არის, თუმცა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში დაბრუნებისთანავე განაცხადა, რომ დღეს ბევრად უფრო ახლოს ვართ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.

"ამერიკა სამხედრო ოპერაციაში ჩაბმას ამჯობინებს თუ საქართველოს მონაწილეობით რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის გააქტიურებას, ჯერჯერობით უცნობია. მოცდაა საჭირო. "- ეს უკვე ედუარდ შევარდნაძის სოტყვებია. და კიდევ, თედო ჯაფარიძემ ვაშინგტონში წარმოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განმარტა:"სხვა ქვეყნების ლიდერები აფხაზეთის პრობლემით რომ დავაინტერესოთ, საჭიროა ვაჩვენოთ, რომ ეს პრობლემა მათ ინტერესებსაც ემუქრება. ტრეფიკინგი, ბირთვული ნარჩენების გადატანა და სხვა პრობლემები მათაც შეიძლება ისევე ვნებდეს, როგორც ჩვენ." 16 ივნისს თბილისში, ერთ-ერთ ტაქსში, ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის დასამზადებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG