Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბორტისადმი დამოკიდებულება უთანხმოებას იწვევს სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში


თემაზე, რომელსაც დღეს დავუთმობთ

ყოველკვირეულ პროგრამას "ქალი და მსოფლიო", ადრეც არაერთხელ გვისაუბრია - ეს გახლავთ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ აბორტისადმი დამოკიდებულება. საერთოდ, როგორიც უნდა იყოს დამოკიდებულება, პრობლემა ერთია: ქალმა იცის, რომ ორსულად არის, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო (ეს შეიძლება სოციალური ვითარება, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან პირადი პრობლემები იყოს), არ შეუძლია შვილის ყოლა. უნდა ჰქონდეს თუ არა მას ასეთი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება? თუ უნდა ჰქონდეს, რა შემთხვევაში, რა გარემოებების გათვალისწინებით, ან ორსულობის რომელ ეტაპზე? ამ შეკითხვებს სხვადასხვა ქვეყნის კანონები სხვადასხვაგვარად პასუხობს, რის შესახებაც უკვე გვისაუბრია საქართველოს, აშშ-ის, ირლანდიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის მაგალითებზე. დღეს კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას, სადაც აბორტისადმი დამოკიდებულება მწვავე პოლიტიკურ დებატებს იწვევს.

დავიწყოთ სლოვაკეთით. აბორტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის უთანხმოებაში, თუ სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, შესაძლოა უჩვეულო არაფერი იყოს, მაგრამ სლოვაკეთის შემთხვევაში ვითარება მაინც განსაკუთრებულია. საქმე ის არის, რომ უთანხმოება მთავრობის წევრებს შორის სუფევს: მმართველ კოალიციაში შემავალი ქრისტიან-დემოკრატები მეტისმეტად ლიბერალურად მიიჩნევენ ამჟამად მოქმედ კანონს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ, მაშინ როცა ასევე მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია "ანო" იმავე კანონის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას მოითხოვს და მზად არის, მიზნის მისაღწევად საპარლამენტო ოპოზიციას შეუკავშირდეს. უთანხმოება იმდენად გამწვავდა, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტმა რუდოლფ შუსტერმა ვეღარ დამალა შეშფოთება, "მმართველი კოალიცია შესაძლოა დაიშალოსო".

პრემიერ-მინისტრმა მიკულას ძურინდამ კი სულ რამდენიმე დღის წინ, კოალიციის წევრთა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა: [მიკულას ძურინდას ხმა] "ცხადია, მმართველ კოალიციაში შემავალი ოთხი პარტნიორიდან სამისათვის სრულიად მიუღებელია, როცა ერთი ცდილობს კანონის დამტკიცებას ოპოზიციის დახმარებით. ეს დღეს სავსებით ნათელი გახდა. მმართველი კოალიცია ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მივისწრაფოდეთ შეთანხმებებისა და კომპრომისებისაკენ".

სლოვაკეთში ამჟამად მოქმედი კანონით, აბორტი ჩვეულებრივ დაშვებულია ორსულობის 12-ე კვირამდე, ხოლო ნაყოფის გენეტიკური ნაკლის დადგენის შემთხვევაში - 24-ე კვირის ჩათვლით. სწორედ ეს, 24-კვირიანი ვადა იწვევს განხეთქილებას: ქრისტიან-დემოკრატები მის გაუქმებას მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით, ხოლო ლიბერალური პარტია "ანო" ირწმუნება, რომ 24 კვირა საკმარისი არ არის, რომ თუ ნაყოფი მძიმედ არის დაზიანებული, ორსულობის შეწყვეტა უფრო გვიანაც უნდა იყოს შესაძლებელი. აი, რას ამბობს "ანოს" ლიდერი, პაველ რუსკო: [პაველ რუსკოს ხმა] "ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა არიგებდნენ ჭკუას ქალებს პოლიტიკოსები. დღეს კვლავინდებურად მართებულად მივიჩნევთ ჩვენს გადაწყვეტილებას: "ანოს" ლიდერებმა ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არ ვურჩევთ ჩვენი პარტიის წარმომადგენელ პარლამენტარებს კანონპროექტზე უარის თქმას. პირიქით, მათ ვურჩევთ, კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს".

ჩვენი რადიოს თანამშრომელმა კეტლინ ნოქსმა ისიც შეიტყო, რომ პაველ რუსკომ ქრისტიან-დემოკრატებს ურჩია, ან მხოლოდ პირად ცხოვრებაში იხელმძღვანელონ რელიგიური მრწამსით, ან კიდევ გამოეთხოვონ მმართველ კოალიციას. ამასობაში კი აბორტის გამო უთანხმოება პოლიტიკურ წრეებს გასცდა. სლოვაკი მეცნიერის, ბრატისლავაში მოქმედი ოჯახის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორ ერიკა კვაპილოვას შეფასებით, [კვაპილოვას ხმა] "ვფიქრობ, დაწყებულია საზოგადოების სერიოზული პოლარიზაცია, რადგან ლაპარაკია ძალიან ფაქიზ თემაზე, რომლისადმი თითოეული ადამიანის დამოკიდებულებით მისი პირადი შეხედულება გამოიხატება. თემის მნიშვნელობას ცხადჰყოფს ის ფაქტი, რომ ქალთა ორგანიზაციაები, რომელთაც აქამდე საკმაოდ უჭირდათ თანამშრომლობა, ამ საკითხის გამო გაერთიანდნენ და შეუდგნენ პეტიციის მომზადებას "ანოს" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მხარდასაჭერად".

ამასთან, კვაპილოვას აზრით, აბორტის შესახებ კანონში რაიმე რადიკალური ცვლილების შეტანა სრულიად ზედმეტია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბოლო წლებში (კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ) კონტრაცეპტივების ფართოდ გავრცელების შედეგად აბორტების რაოდენობა სლოვაკეთში თითქმის ორი მესამედით არის შემცირებული. ამიტომ სლოვაკი მკვლევარი, მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ აბორტის შესახებ კანონის გამკაცრება მოსალოდნელი არ არის: [კვაპილოვას ხმა] "მჯერა, რომ აბორტი არ აიკრძალება და სლოვაკეთი არ გახდება ქვეყანა, რომელიც წინსვლის მაგივრად შუა საუკუნეებს უბრუნდება".

"შუა საუკუნეებში" დაბრუნების მცდელობაში რამდენიმე ჩეხ პარლამენტარსაც ადანაშაულებენ. ლაპარაკია კანონმდებლებზე - სულ სამ კაცზე - რომლებიც მალე წარადგენენ კანონპროექტს აბორტის აკრძალვის შესახებ. ამჟამად აბორტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ისევე როგორც სლოვაკეთში, ჩვეულებრივ 12-ე თვემდეა დაშვებული და, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, მოგივანებითაც კეთდება. ასევე სლოვაკეთის მსგავსად, კონტრაცეპტივების გავრცელებამ ჩეხეთშიც გამოიღო შედეგად აბორტების რაოდენობის შემცირება. მაგრამ ამ შედეგს საკმარისად არ მიიჩნევენ აბორტის აკრძალვის მომხრე პარლამენტარები, მათ შორის პეტრ პლევა: [პეტრ პლევას ხმა] "ნაყოფი საკმარისად არ არის დაცული. ჩვენს ქვეყანაში უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლე დაბადებამდეც იმსახურებს დაცვას. მაგრამ აქამდე ეს უგულებელყოფილია".

მაგრამ ექსპერტები თითქმის გამორიცხავენ, რომ პლევასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივას ისეთივე ფართო პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვება, როგორც ეს სლოვაკეთში მოხდა: ჩეხეთის რესპუბლიკაში აბორტისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება გაცილებით ფართოდ არის გავრცელებული, რასაც, სავარაუდოდ, ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ეკლესიის გავლენა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თითქმის უმნიშვნელოა, თუნდაც მეზობლების - სლოვაკეთის, ან, მითუმეტეს, პოლონეთისაგან განსხვავებით.

დაბოლოს, შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც ადრეც გვითქვამს აბორტის თემაზე გადაცემებში: ყველა ამ დისკუსიაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ეთიკური მხარე, ხოლო პრაგმატული დამოკიდებულების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ერთსულოვნება სუფევს - აბორტს, რახან ის ქალის ჯანმრთელობისათვის საზიანო მანიპულაციაა, მისი ყველაზე თავგამოდებული მომხრეებიც კი, შეძლებისდაგვარად, თავს არიდებენ. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის - აბორტი, მხოლოდ ერთ-ერთი გზა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, იქ ორსულობის თავიდან ასაცილებელ ყველაზე გავრცელებულ, მთავარ გზად რჩება. იმედია, ამ მხრივ ვითარება ოდნავ მაინც იქნება შეცვლილი, როცა აბორტის თემას მომავალში დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG