Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაფი წიგნების გამოფენა-გაყიდვა მარჯანიშვილის ქუჩაზე. ამ აქციის მოწყობა "საქწიგნს" პრობლემებმა უკარნახა


"საქწიგნის" ქუჩის ბაზრობაზე წიგნის ფასი, საშუალოდ, 10 თეთრიდან 10 ლარის ფარგლებში მერყეობდა. წიგნის მოყვარულთათვის მოწყობილი ეს მინი-დღესასწაული სახელდახელო ღონისძიების

შთაბეჭდილებას ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობ სახეებში ბევრი მწერლის გამორჩევას შეძლებდით. ერთ-ერთ მათგანს, მიხო მოსულიშვილს, "ძველი წიგნის ფესტივალის" მოწყობის იდეა სწორედ ბაზრობაზე შექმნილმა ზოგადმა განწყობამ უკარნახა - იგი ფიქრობს, რომ "საქწიგნის" ეგიდით ყოველწლიურად უნდა მოეწყოს გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც შესაძლებელი იქნება როგორც უშუალოდ "საქწიგნის" პროდუქციის, ასევე ეგრეთ წოდებული მეორადი წიგნების შეძენა. "საქწიგნის" ხელმძღვანელობა ამ იდეას გამოეხმაურა და უკვე შემოდგომაზე თბილისში, შესაძლოა, წიგნის მეორე ფესტივალიც დამკვიდრდეს. თუმცა ამ და ბევრი სხვა გეგმის განხორციელება დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გაართმევს "საქწიგნი" თავს შექმნილ პრობლემებს: იაფი წიგნის ბაზრობის მოწყობა ხომ, უპირველესად, იმით იყო განპირობებული, რომ "საქწიგნს" წიგნების შენახვის ელემენტარული პირობებიც კი აღარ აქვს.

"საქწიგნი" უზნაძის ქუჩის 18 ნომერში 1938 წლიდან განთავსდა. 1994 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ იგი სააქციო საზოგადოება "ბეჭდვითი სიტყვის კომბინატთან" საბინაო დავაში ჩაერთვებოდა, "საქწიგნს" შენობის 2500 კვადრატული მეტრი ეკავა. მათ შორის, საწყობებიც:

[ვალერიან გოგიაშვილის ხმა]"მიუხედავად იმისა, რომ სარდაფი იყო, მაინც კარგი პირობები იყო ადრე. მაგრამ ბოლო დროს, ასეთი დავა რომ მიმდინარეობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ, მათ გარეშე ვერ შევდიოდით. წყალი ჩამოდის და ეს წიგნები გაფუჭდა, განსაკუთრებით - ალბომები."

როგორც "საქწიგნის" გენერალური დირექტორი ვალერიან გოგიაშვილი განმარტავს, მიმდინარე წლის 28 მარტს "საქწიგნი", სასამართლოს გადაწყვეტილებით, შენობიდან გაასახლეს.

[ლია მეტრეველის ხმა] "ლაპარაკია 271 ათას მეტრ კვადრატ ფართზე, უშველებელ საწყობებზე, აი, ამ ფართში შემავალზე, და, აი, ამხელა სამსართულიან შენობაზე და, თანაც, უზნაძის ქუჩაზე. და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა. სასამართლო 15 წუთში წავაგეთ, 15 წუთიან პორცესზე."

"საქწიგნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ლია მეტრეველის თქმით,
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხუთ დღეში მოხდა: "საქწიგნის" კუთვნილი ინვენტარის ნაწილი ეზოში აღმოჩნდა, ნაწილი კი - ძირითადად, წიგნები - პოლიგრაფიული სასწავლებლის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე სადავოა და სადაც წიგნების შენახვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის. სხვათა შორის, ამ რამდენიმე თვის მანძილზე ერთხელ ეს საწყობიც გაიძარცვა.
როგორც ქალბატონი ლია მეტრეველი ამბობს, სულ ცოტა, დაახლოებით 250000 ლარის ღირებულების წიგნი ფუჭდება. მათი ნაწილი მარჯანიშვილის ქუჩაზე გამართულ ბაზრობაზე მინიმალურ ფასებში გაიყიდა. წიგნები შეიძინეს ამ საბინაო დავაში "საქწიგნისადმი" სოლიდარულად განწყობილმა მწერლებმაც, რომელთა შეფასებები მწვავე და კატეგორიულია. ერთ-ერთი მათგანი, კობა იმედაშვილი, ამ დავის შემსწავლელი სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივითაც კი გამოვიდა.

[კობა იმედაშვილის ხმა] "მე და ჩემი კოლეგები, წიგნის ხალხი, მოსული ვართ აქ და შეგვიძლია წიგნები შევიძინოთ. ეს მართლა სასიხარულოა, მაგრამ ამას ახლავს თან ძალიან დიდი ტკივილის გრძნობა - რომ ესენი, ფაქტობრივად, არის გადასაყრელად განწირული წიგნები, დაპატიმრებული წიგნები. მე არ ვიცი ახლა, ვიცი, რომ საქმე სასამართლოშია. ამდენად, სახელმწიფო მაინცდამაინც ახლა ვერ ერევა, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც, მაპატიეთ, მაგრამ ხელმძღვანელობის გარეშე ასეთი რამე არა ხდება ხოლმე, როგორც წესი. და სუყველაფერი გაირკვეს ბოლომდე!"
XS
SM
MD
LG