Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობი - მეფრინველეობის ფერმის ნარჩენებიდან?


დღეს "უხილავი ფარდა" ნაგვისა და

ნარჩენებისგან ნავთობის და სხვა ქიმიური პროდუქტის მიღებას შეეხება. თუკი ის, რასაც ამერიკის ერთი ფირმა ცდილობს, გავრცელდა, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. იმდენად მდიდარია ეს ქვეყანა ნაგვით, რომ კარგა ხნით უზრუნველყოფილი იქნება ნავთობით. შეიძლება გაგეღიმოთ და ეს ხუმრობა რეალობიდან ძალზე დაშორებულად მიიჩნიოთ. შეერთებულ შტატებში მოქმედი ფირმის "ჩეინჯინგ უორლდ ტექნოლოჯის" - ამერიკული შემოკლებით, "სი დაბლიუ თის" - ხელმძღვანელი ბრაიან ეპელი ამბობს, რომ მისი ფირმა უმცირესსაც არ კარგავს. საწარმო, რომელიც ფილადელფიის შტატში, ძველ საზღვაო ნავსადგურში, მდებარეობს, ნაგვის და სამრეწველო ნარჩენების მომავალს წარმოადგენს - ასე სწამს, ბრაიან ეპელს. მისი საწარმო ნავთობგადამამუშავებელ ფაბრიკას ჩამოჰგავს. განსხვავება ის არის, რომ აქ სხვა რამის გადამუშავება ხდება - კერძოდ, ინდაურების ფერმის ნარჩენებს, პლასტმასის ნარჩენებს, ძველ კომპიუტერებს ნავთობად და სხვა ნედლეულად გადაამუშავებენ. საწარმო უარს არ ამბობს არც, მაგილითად, საავადმყოფოების ნაგავზე, რომელშიც უხვად არის ხოლმე შხამები და ანტიბიოტიკები. ეს ყველაფერი ფაბრიკაში ერთიან ფაფის მსგავს მასად გარდაიქმნება და ერთი აგრეგატიდან მეორეში, სხვადასახვა ტემპერატურასა და წნევის ქვეშ, გაედინება ისე, რომ ჰაერთან კონტაქტი არ ჰქონდეს, სანამ, ბოლოს, სუფთა ნავთობს არ მიიღებენ. პარალელურად გამოიყოფა სხვადასხვა გაზი და მინერალები. ქიმიკოსისთვის ეს პროცესი იოლად გასაგებია. ანალოგიურად წარმოიშობა მიწის წიაღში ნავთობი: მკვდარი მცენარეები და ცხოველები მაღალი წნევისა და გარკვეული ტემპერატურის დროს, ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში, გარდაიქმნება საწვავად. ორგანიზმები არ იხრწნება. ნაცვლად ამისა, მათი რთული მოლეკულები ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ნახშირწყალბადის, უფრო მოკლე ჯაჭვებად გადაიქცევა. მთელი ოსტატობა იმაშია, რომ რასაც ბუნებაში ათასწლეულები სჭირდება, ამ ფაბრიკაში რამდენიმე საათში ხდება. არ არსებობს ნაგავი თუ ნარჩენი, რომელიც საინტერესო არ იყოს ნავთობის საწარმოებლად. მაგრამ ეს თეორიასავით ჟღერს. ფირმა ამჟამად ხსნის ახალ დიდ ფაბრიკას, რომელშიც ყოველდღიურად ინდაურების ნარჩენებისგან ორ ცისტერნა ნავთობს მიიღებენ. "სი დაბლიუ თი" შეუამხანაგდა კვების პროდუქტების მწარმოებელ ფირმა "კონაგრას", რომელსაც მეფრინველეობის უზარმაზარი ფერმა აქვს მისურის შტატში. ფერმაში დღიურად 30 ათასი ინდაური იკვლება, რჩება 150 ტონა ქონი, ძვლები და ბუმბული. დღემდე ამ ნარჩენს წვავდნენ ან ცხოველთა საკვებად ამუშავებდნენ. "სი დაბლიუ თი"-სთვის კი ფერმა ასრულებს ნავთობის საბადოს როლს, რომელიც დიდხანს იარსებებს. მის გვერდით მოქმედი გადამამუშავებელი ქარხანა დღიურად 7 ტონა სასუქს, 9 ტონა გაზს და 500 ბარელ, ანუ 80 ათას ლიტრ, ნავთობს გამოიმუშავებს. მოკლედ საფინანსო მხარეზეც გეტყვით: მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელის, ანუ 160 ლიტრი, ნავთობის ფასი 20-დან 30 დოლარამდე მერყეობს. ინდაურების ნარჩენების გადმუშავება და აქედან ერთი ლიტრი ნავთობის მიღება კი 15 დოლარი ჯდება. ასე რომ, ჯერჯერობით ეს ნავთობი საკმაოდ იაფად გამოიყურება. ამგვარ ფაბრიკას შეუძლია იმუშაოს სხვა ორგანული ნარჩენებითაც, როგორიცაა საქონლის ნეხვი, სიმინდის ნაგულა, ასევე, როგორც "სი დაბლიუ თის" ხელმძღვანელი ამტკიცებს, კანალიზაციის გამწმენდი დანადგარების ნარჩენები. ეს ამერიკული ფირმა მთელ მსოფლიოში ეძებს ნარჩენებს, რომელთა გადამუშავება და დაწვა ერთობ ძვირია, რადგან მომწამვლელ გაზებს გამოყოფენ. ქიმიურად, ცხადია, ფრინველის და პლასტმასის ნარჩენები ერთმანეთისგან განსხვავდება. პლასტმასა შედგება იმავე ნახშირწყალბადის მინარევებისგან, ეგრეთ წოდებული პოლიმერებისგან. ასე რომ, პლასტმასისგან შეიძლება იქნეს მიღებული კვლავ ნავთობი, რისგანაც ის თავდაპირველად აწარმოეს. ეს პრინციპი, ჩაკეტილი მიმოქცევა, ძველი ოცნებაა, რომლის განხორციელებასაც ბევრი შეეცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. "სი დაბლიუ თის" ხელმძღვანელობა თავის მომავალს უცხოეთშიც ხედავს. ბრაიან ეპელის აზრით, გერმანია, მაგალითად, სადაც სამრეწველო ნარჩენების გონივრულად გადამუშავებას დიდი ყურადღება ექცევა, - განსაკუთრებით მას მერე, რაც იქ მწვანეთა პარტია სამთავრობო კოალიციაშია, - შესანიშნავი არენაა ამგვარი ფაბრიკების შესაქმნელად. ეპელის თანახმად, მომავალ წელს ნავთობის მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდება იტალიაში, ქალაქ პარმასთან, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლორით. საწარმო გამოიყენებს ღორის ხორცის, ასევე, ყველის ფაბრიკის ნარჩენებს. გერმანიის გარემოს დაცვის უწყება ამერიკელთა ამ მცდელობას სკეპტიკურად უყურებს. ნარჩენების ექსპერტი მარკუს გლაისი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში იმდენად ეფექტიანი ვერ იქნება, როგორც ქაღალდზე ჩანს. ის ფიქრობს, რომ "სი დაბლიუ თი" სწორ გზას ადგას, მაგრამ ამ გზაზე იმგვარი პრობლემები წარმოიქმნება, რომ უინტერესოდ გადააქცევს განზრახვას. ერთი ამ სიძნელეთაგანია პროცესის სიძვირე და მავნე ნივთიერებების არსებობა საბოლოო პროდუქტში. რაც შეეხება სიძვირეს, "სი დაბლიუ თის" ხელმძღვანელის თანახმად, ადრე ყველა ცდილობდა ნარჩენები გაეშრო და ისე გადაემუშავებინა. ცხადია, განაგრძობს ეპელი, შედეგი არ ამართლებდა დახარჯულ ენერგიას. მაგრამ ჩვენ, განმარტავს ის, მთელ საწყის პროდუქტს ვასველებთ და ასე, ფაფად ქცეულ მასას, ვამუშავებთ, რაც ტემპერატურასაც ნაკლებს საჭიროებს და თანაბრად გაცხელებაც იოლია. რაც შეეხება ქლორს და სხვა მავნე მინარევს, რომელიც დაუშვებელია შედიოდეს საბოლოო პროდუქტში, პრობლემას უქმნის "სი დაბლიუ თის". როგორც ჩანს, ეს საკითხი ჯერ გადაუჭრელია. ნარჩენების და ნაგვის ქიმია კი ერთობ რთული შემადგენლობისაა - როდის რა გამოყოფს თავს და რა რეაქცია დაიწყება, არავინ უწყის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG