Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად წყდება აფხაზეთის პრობლემა და რა როლი აკისრია აქართველოს პარლამენტს ამ პრობლემის მოგვარებაში


20 ივნისს საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ მსჯელობისათვის შეიკრიბა. დეპუტატები ელოდნენ, რომ აფხაზეთის პრობლემის განხილვის პროცესს მთავრობის წევრებიც შეუერთდებოდნენ,

მაგრამ მინისტრები პარლამენტში არათუ დათქმულ დროს, მათ მოლოდინში გამოცხადებული შესვენების ამოწურვის შემდეგაც არ მივიდნენ. აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში მთავრობის წევრების დაუსწრებლად დაიწყო, თუმცა ბუნდოვანია, რისთვის და რა მიზნით. დეპუტატებამ აღიარეს, რომ აფხაზეთის საკითხი საქართველოს პარლამენტის კედლებში არ წყდება.


"ხომ იცით, მეგობრებო, რომ აფხაზეთის პრობლემა ამ კედლებში არ წყდება," - საქართველოს პარლამენტის 20 ივნისის სხდომაზე ამ სიტყვებით მიმართა კოლეგებს დეპუტატმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა. მან დაადასტურა, რომ სახელისუფლებო ფრაქციები მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის პრობლემის განხილვაში, ოღონდ არა იმ ილუზიით, რომ პარლამენტში საკითხის განხილვა პრობლემას გადაწყვეტს. პარლამენტში აფხაზეთის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლებელია, ეს პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, თუმცა ასეთი რეალობა მაინც არ უნდა გამხდარიყო საბაბი საიმისოდ, რომ პარლამენტში აფხაზეთის საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობის წევრებს პარლამენტარების ხვეწნა დასჭირვებოდათ. მთავრობის წევრები იქ მოგვიანებით მივიდნენ - მას შემდეგ, რაც ბევრი ითქვა აფხაზეთის საკითხის განხილვის პროცესისადმი მათ გულგრილობაზე. მაგრამ ქვეყნის უმთავრეს პრობლემასთან დაკავშირებით მინისტრებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის კედლებშიც, წესით, ბევრი რამ და, მათ შორის, აფხაზეთის ბედიც უნდა წყდებოდეს,როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ვერაფერი მიიტანეს.

განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა განმარტა , რომ აფხაზეთში - პირველ რიგში კი, გალის რაიონში - დევნილთა დაბრუნებამდე რკინიგზის აღდგენაზე და ენგურჰესის რეაბილიტაციაზე საუბარი ზედმეტია. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი დაადასტურა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე გასატანად მზად არის დოკუმენტი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელებას ითვალისწინებს. მთავრობის წევრებმა ბევრი ილაპარაკეს "ჟენევის ფორმატის" მნიშვნელობაზე, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების აუცილებლობაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ივლისის სხდომისთვის მზადებაზე. არსებითად, ეს იყო და ეს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტარებს ვერ შესთავაზეს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა, გნებავთ, სახელმწიფოებრივი პროგრამა, ანუ ის, რასაც მათგან ითხოვდნენ და, უნდა ითქვას, რომ ვერც პარლამენტარებმა დაანახვეს მათ, რომ პარლამენტი იმ რანგის ორგანოა, სადაც აფხაზეთის საკითხის განხილვა გაცილებით მომზადებულად, გაცილებით საქმიანად უნდა წარმართულიყო. პარლამენტმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ აფხაზეთის საკითხი მის კედლებში არ წყდება და მთავრობის წევრებმაც ვერ დაამტკიცეს, რომ აფხაზეთის ბედი საქართველოს მთავრობაში მაინც წყდება. საგაზაფხულო სესიის უკანასკნელ სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში ამოიწურა. გადაწყვეტილების მიღებისთვის რესურსი არ იყო, კენჭისყრები ვერ ჩატარდა და, მაინც, საგაზაფხულო სესია პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პარლამენტის მიერ გაკეთებული საქმის, მიღებული კანონების შეჯამებით დაასრულა, რითაც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ეს პარლამენტი არც ისეთი ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საარჩევნო კოდექსიც კი არ მიუღია.
XS
SM
MD
LG